ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს, გადაცემა "სთორიში" თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მამის სიმკაცრეზე, რომელმაც მისი წარმატება განაპირობა, ასე პირველ სიყვარულზე და ახალ ურთიერთობაზე, რომლებიც დაშორებით დასრულდა..
"მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ყველაფერი მამას დამსახურებაა. მამაჩემი იყო ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ადამიანი. მისი მიზანი იყო, მე არ მქონოდა ისეთი ცხოვრება, როგორიც მას ჰქონდა. ძალიან ღარიბ ოჯახში იყო გაზრდილი, სულ უჭირდათ, განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ მან „იმუშავა“ ჩემზე, რომ მე ვყოფილიყავი კარგი. მამა იმ დროს აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალისტი იყო. მერე სხვა პროფესია აირჩია და იურისტი გახდა. მთელი დღე სამსახურში იყო და სანამ საღამოს შინ მოვიდოდა, მირეკავდა, გიორგი, მოვდივარ, გაკვეთილები გაამზადეო. სკოლაში არ მეშინოდა დაფასთან გასვლის და ნიშნის მიღების, მამაჩემისთვის გაკვეთილების ჩაბარების კი მეშინოდა, რადგან მეკითხებოდა ყველაფერს, რაც ეწერა წიგნში და რაც არ ეწერა, ისიც უნდა მცოდნოდა. ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ ამით არ მთავრდებოდა. ღამის 2-3 საათამდე მასწავლიდა და თუ რამეს ვერ დავამუშავებდი, დილის შვიდ საათზე ამაყენებდა და თავიდან ჩამაბარებინებდა. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ვყოფილიყავი ძალიან შრომის ამტანი ადამიანი. ამის ხარჯზე გავდი ასეთი, მამაჩემს რომ არ ემუშავა ჩემზე, ასეთი ნამდვილად არ ვიქნებოდი“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე. მისივე თქმით, ბავშვობაში მხოლოდ სწავლით არ იყო დაკავებული. სახლიდან ათი კილომეტრის დაშორებით ყანა ჰქონდათ, რაც მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო და იქ ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა.
„ძალიან შორის იყო, მაგრამ გამოსავალი აქაც ვიპოვე, ურიკა მქონდა, რომელზეც დავდებდი წიგნს და გზაში ვკითხულობდი. ერთი ის უხერხულობა მქონდა, მანქანით კლასელები რომ გამივლიდნენ და ამ დროს მე ვმუშაობდი. მეთაკილებოდა მაინც, განვიცდიდი. ჩამივლიდა ლამაზი გოგო და მე თივით სავსე ურიკას ვეფარებოდი. ამ დროს ძალაუნებურად გაგივლის განცდა, რატომ ვარ მე ამ დღეში, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა სჭირდები მშობლებს, გვერდით უნდა დაუდგე. იმ პერიოდში ინტროვერტი ვიყავი, ჩაკეტილი და მაკომპლექსებდა ეს მდგომარეობა" - იხსენებს ღოღობერიძე.
კითხვაზე, თავად მკაცრი მშობელი იქნება თუ მეგობრული, პასუხობს:
„მამა მკაცრი იყო, მაგრამ თან ძალიან მეგობრულიც. ყოველთვის მიხსნიდა, რატომ მჭირდებოდა ეს ყველაფერი. მარტო მითითებებს არ იძლეოდა. მიხსნიდა, რისთვის ვიბრძოდი და ეს ბრძოლა უფრო ადვილი ხდებოდა"
როგორც აღმოჩნდა, გიორგის ოჯახი ძალიან დიდ ფინანსურ გასაჭირში იყო.
„დედას სულ სჭირდებოდა წამლები და მთელი ჩვენი მწირი შემოსავალი წამლებში მიდიოდა. კვირაობით ვყოფილვართ მხოლოდ პურზე, მაგრამ ამაყი ოჯახი ვიყავით და ეს არავისთვის გვითქვამს, არ ვამბობდით, რომ გვშიოდა და დახმარება გვინდოდა. დღეს მიადვილდება ამაზე საუბარი, რადგან უკვე წარსულია“
გიორგიმ პირველ სიყვარულზეც ისაუბრა.
„13 წლის ვიყავი როცა შემიყვარდა გოგო, რომელიც ჩვენს სოფელში არ ცხოვრობდა, გურიიდან ჩამოდიოდა. 3 წელი გაგრძელდა ჩემი ცალმხივი სიყვარული, მერე ის გოგო გათხოვდა. ვბრაზობდი, ყურადღებას რომ არ მაქცევდა, ამიტომ ერთხელ ავიღე საღებავები და მთელი სოფელი მოვრთე ჩვენი ჩვენი გვარ-სახელებით და გულებით. ყველას გავაგებინე, რომ მიყვარდა. მეორე დღეს მთელი სოფელი ჩემზე ლაპარაკობდა... 13 წლიდან მოყოლებული, ჩემი დეპრესია გრძელდება. ვერასდროს ვერ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. კამერასთან შეიძლება იღიმოდე, მაგრამ მარტო დარჩენილი ხვდები, რომ ბედნიერი არ ხარ და იკეტები. ამიტომ იწყებ სხვების გაბედნიერებას, რომ მათი ღიმილის დანახვისას შენ თავი კარგად იგრძნო. შეიძლებოდა დედას შემთხვევა რომ არა, ეს ყველაფერი არც გამევლო.
გიორგი ღოღობერიძემ ახალ სიყვარულზეც ისაუბრა.
„ბოლოს შეყვარებული მყავდა 6 თვის წინ. ეს სიყვარულიც დასრულდა. როცა 24 საათი მუშაობ და გგონია, ის ადამიანი მუდამ შენს გვერდით არის, ისე აღარ აქცევ ყურადღებას. ქალმა რაც არ უნდა იმეოროს, რომ ყურადღება არ სჭირდება, ყველაზე მეტად მაინც ყურადღება სჭირდება. ჩემი მუშაობის გამო ვეღარ ვაქცევდი მას ყურადღებას. კიდევ დიდხანს მიყვარდა ჩვენი დაშორების შემდეგ, მაგრამ მას აღარ ვუყვარდი" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.