მშობლებმა გასაყიდად გამიმეტეს! - ნეტა, რამდენად გამყიდეს, რაში დახარჯეს აღებული თანხა, შეერგოთ კი?!
"ცხოვრება სახუმარო ვოდევილი კი არ არის, რომელიც ინტრიგით იწყება და ყველასთვის სასიამოვნო მხიარულებით თავდება, არამედ დიადი დრამა, რომლის თითოეული მომენტი უძლიერესი თვითმოქმედების, უფართოესი შესაძლებლობების გამოაშკარავებას მოითხოვს", - გერონტი ქიქოძე
მარიამის აივანზე, ყოველ დილით, თავს იყრის მტრედების პატარა გუნდი - "ბეჭება", "მკერდა", "ცერცეტა", "კოპწია", "მშიშარა", "ფითქინა" და "ჟოფრეი", - რომელთაც სახელები თავად შეურჩია... ერთი-ორჯერ "შეეშალა", შეეცოდა - საკენკი დაუყარა და მას შემდეგ, მეშვიდე წელია, ვეღარ იშორებს, აღარ სცილდებიან; დაბარებულებივით ერთსა და იმავე დროს მოფრინდებიან; მათი ჭმევა თუ შეაგვიანდა, შეუძლიათ მთელი დღე იქ ისხდნენ და მოთმინებით ელოდონ შესაფერის დროს. ქალი ხვდება, რომ ისინი ზედმეტად გაათავხედა, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. ერთხელ საფრთხობელაც კი დაუყენა... შეშინებულებმა ცოტა ხანს გარშემო უფრინეს, თან მინებს ნისკარტებით ნაზად ეხებოდნენ! განსაკუთრებით, მარიამის გათამამებული მოზრდილი მამალი მტრედი, "ჟოფრეი" აქტიურობდა... ქალს ეცოდებოდა კოჭლი მტრედი, რომელსაც მარცხენა ფეხის ბრჭყალები აღარ ჰქონდა; მის მაგიერ შეხორცებულ, გამაგრებულ პატარა ბურთულაზე იდგა... მოკლედ, მტრედების დანაყრება ერთგვარ რიტუალად ექცა, რომელსაც ვერაფრით შელეოდა. შვილი ამას არ აწუხებს და ძირი... ვითომ, მხოლოდ ამიტომ იქცევა ასე?!. არაა, - გული აქვს კეთილი, საწყალობელი... როცა დიდი ოჯახი ეთქმოდათ და საქმეც თავზესაყრელად ჰქონდა, იმათთვის მაშინაც იცლიდა...
ჩვენში დარჩეს და ქალბატონი მარიამი ძალიან უცნაური, ამოუცნობი ქალია... შეიძლება, დღევანდელ დღეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, პენსიონერმა ექვსი-შვიდი ლარი ხარჯოს ამ სკინტლიანებისთვის?!. ვიცი, არ დამიჯერებთ, მაგრამ ნამდვილად ასეა - ჩვენს ქუჩაზე მზესუმზირის გამყდველები ეგრევე სცნობენ, თურმე, იმათ "ატყუებთ", ეუბნებათ - სახლში ხუჭუჭა თუთიყუშები და იადონი მყავს, იმათთვის მჭირდებაო... არა, კი არ ერცხვინება. არა, უბრალოდ სიმართლე რომ უთხრას, მაინც ვერ გაუგებენ, ვერ გაიგებენ რატომ უყვარს, ბავშვობიდან, ასე ძლიერ ფრინველები... რატომ ეცოდება ისინი ცუდ ამინდში... როგორ განიცდის, ყინვიან ღამეებში მათ უბინაობას... ქარიან დღეებში ჰო სულ მიუსაფრები ჩანან - როგორც ფრანები, აქეთ-იქით ისე დაფარფატებენ...
მარიამი საყიდლებზე ერთსა და იმავე მაღაზიას აკითხავს, რომელიც მის ეზოსთან ახლოს აფთიაქს გვერდს უმშვენებს; მახლობლად "მარკეტები" და "სუპერმარკეტები" ოხრად არის ჩამწკრივებული, მაგრამ ის მაინც წვრილმანისა და მსხვილმანისათვის თავის "ამოჩემებულში" დადის. თუ ხასიათზეა გამყიდველთან და იქვე მდგარ გაურკვეველი პროფესიის ადამიანებთან ერთ-ორ სიტყვას იტყვის პურის ხარისხსა და ფასებზე, ცოტას პოლიტიკას გაჰკრავენ კბილს, შემომსვლელ-გამსვლელსაც შეათვალიერებენ - ხან რას დაუწუნებენ, ხან რას მოუწონებენ, მერე კმაყოფილი იქაურობას დატოვებს და სკვერის მოედანზე მოთამაშე ბავშვებს დაუწყებს ფერებასა და ჭკუის სწავლებას... შინ არასოდეს ეჩქარება, რა ხანია იქ აღარავინ ელის...
ამ წინებზე, უნივერსიტეტელი მეგობარი, ინგა, შეეხმიანა - საგზურების საშუალებაა და იქნებ, ორი კვირით ბორჯომში წავიდეთო?!. ძალიან ეზარებოდა, მაგრამ უარი მაინც ვერ უთხრა. კარგად დაისვენეს, ცხოვრებასაც თითქოს ახლებურად შეხედეს, თუმცა მაინც ძველი ერჩივნათ - როცა ასეთი დასვენება კაპიკები ჯდებოდა, როცა ადამიანები გულითადები, მოსიყვარულეები იყვნენ... ბორჯომ-პარკიც თითქმის ყველასი იყო...
ერთი კვირაა, რაც ჩამოვიდა, თავიდან შეუდგა ძალების მოკრებას, სიმარტოვესთან შეჩვევას... უბანი საკუთარი რიტმით ცხოვრობდა... მაღაზია ჩვეული განრიგით მუშაობდა, ოღონდ ეგ იყო, მომხმარებელს ახალგაზრდა გოგო - კავკასიური გარეგნობით მაინცდამაინც რომ ვერ დაიკვეხნიდა - ემსახურებოდა... ხორბლისფერი, რაღაცნაირად ზემოთ ახვეული თმით, მაღალი ფეხებითა და... მომსახურების განსხვავებული მანერით... მარიამი არ დაიბნა, სახელი ჰკითხა, მერე წინამორბედის ბედი გამოიკითხა, თავი აქეთ-იქით დანანებით გადააქნია, რას ვიზამთო, - ჩაილაპარაკა...
ამ დღიდან მოყოლებული დაიგასთან ყოველი შეხვედრა, რთული გეომეტრიული ამოცანის ამოხსნას დაემსგავსა... არა, ქალი ჭორიკანა ნამდვილად არ იყო, უფრო ინტერესიანი, კირკიტელა ეთქმოდა; რაც დრო გადიოდა, თანდათან ხვდებოდა, რომ ამ ინტერესს იმდენად გარეგნობა არ იწვევდა, რამდენადაც მისი იშვიათი სახელი - და-ი-გა! სპეციალურ წიგნშიც კი ჩაიხედა - "გვარ-სახელები საქართველოში"; "დ" - ბგერით დაწყებული ათასნაირი სახელი ამოიკითხა, მაგრამ "დაიგას" მსგავსსაც კი ვერაფერს მიაგნო...
ვერა და ვერ მოახერხა მასთან პირისპირ საუბარი, გარშემო მუდმივად ხალხი ირეოდა... მერე იმაშიც დარწმუნდა, რომ დაიგა, ბევრისგან განსხვავებით, რუსულად კარგად მეტყველებდა, სასაუბრო ლექსიკონი უხვი და უზადო ჰქონდა; ალბათ, ამიტომ თუ იყო, რომ მაღაზიაში უბნის რუსულენოვანმა მომხმარებელმა იმატა, საყიდლებზე თითქმის სულ აქ მოდიოდნენ. დაიგა იშვიათად იცინოდა, რაღაცნაირი უჩვეულო დუმილით საქმიანობდა... კედელზე მიმაგრებულ პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს მექანიკურად თუ გახედავდა... მოკლედ, ამ მშვენიერ გოგონას ლაილაისთვის არასდროს ეცალა.
გაცნობიდან ნახევარი წელი იქნებოდა გასული, რომ "გაუბედა" და ჰკითხა: - სადაური ხარ, ქართველს არ ჰგავხარ, არც რუსს?!. იმ დასაქცევი საბჭოთა კავშირის დროს, დაიქცა კიდეც ისიც და იმის მომგონიც, ბალტიისპირეთის ქალაქებში ბევრჯერ ვყოფილვარ, ტურისტულ ჯგუფებთან ერთად ბერლინში, ვარშავასა და პრაღაშიც ვარ ნამყოფი, - უფრო იმათ გამსგავსებ, სახელიც უცნაური და საინტერესო გქვიაო...
დაიგამ თვალი თვალში გაუყარა: - აქამდე, თქვენ გარდა, ეს ჩემთვის არავის უთქვამს; ყველას რუსი ვგონივარ... არადა, აფხაზეთიდან ლტოლვილი ვარ... სოხუმში რუსულ სკოლაში ვსწავლობდი... მერე ისე მოხდა, რომ სხვებთან ერთად მე და დედამ თავი თბილისს შევაფარეთ... ეგ არის და ეგ...
ამ პასუხით ქალბატონ მარიამის ინტერესი თითქოს უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ, არა, გულისგულში გრძნობდა, რომ ყველაფერი მთლად ასე არ უნდა ყოფილიყო...
ამქვეყნად, მართლაც რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ უნდა იჩქარო, სულსწრაფობა არაფერში ვარგა... მარტის ერთ წვიმა-ქარიან შაბათ საღამოს, ფეხით მოსიარულენი ლამპიონების შუქზე კანტიკუნტად რომ ჩნდებოდნენ, მაღაზიაში შესულ მარიამს ვერ გადაეწყვიტა - სარეცხის რომელი საშუალების ყიდვა აჯობებდა; თაროებს შეჰყურებდა, როცა დაიგას ხმა მოესმა - ურჩევდა, გერმანული წარმოების ფხვნილი შეეძინა... შიგნით მათ გარდა არავინ იყო. გარეთ წვიმა და ქარი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, სიცივე მატულობდა. ის იყო მარიამი მაღაზიიდან უნდა გასულიყო, რომ დაიგამ: - თუ შეიძლება, ერთი წუთითო!
მარიამი უკან შებრუნდა, სიჩუმე სულ ერთი წამით გაირინდა; მერე დაიგა დახლს დაეყრდნო და ისე, რომ თავი მაღლა არ აუწევია, უთხრა: - მაშინ, თქვენ მართალი ბრძანეთ... არც ქართველი ვარ და მით უმეტეს, არც რუსი... ლატვიელი ვარ, ქალაქ ლიეპაიედან... არც ვიცი, გაგიგონიათ თუ არა... აქ რიგა უფრო იციან, ვიდრე სხვა ქალაქები, თუმცა ლიეპაია დიდი სამრეწველო ქალაქია ბალტიის ზღვასთან, რიგის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილი უკავია... კარგ ამინდში, ზღვის მოპირდაპირე მხარეს, შორს სტოკჰოლმის კონტურებიც კი ჩანს... თუ შეიძლება, გამომართვით, - და ქალს ოთხად დაკეცილი ფურცელი გაუწოდა, - მასში იმას წაიკითხავთ, რაც ასე გაინტერესებდათ... ამის დაწერამ ერთგვარი შვება მომგვარა; მერწმუნეთ, არაფერი შემილამაზებია...
დაბნეულმა, გაკვირვებულმა მარიამმა ვერაფრით უთხრა უარი; დაიგას ერთი კი შეხედა, ქაღალდი გამოართვა და მაღაზიის კარი სასწრაფოდ გამოიხურა. სირცხვილისა და უხერხულობისაგან ლოყები და საფეთქლები უხურდა... დინჯად მოდიოდა; ჰაერის ცივი ნაკადი სალბუნად ედებოდა, სახლი არც ისე შორს იყო...
- "გწერთ იმას, რაც ვიცი, რაც მახსოვს; დავიბადე ლატვიის ქალაქ ლიეპაიეში, სადაც ჩემს მშობლებთან და ოთხ და-ძმასთან ერთად ვცხოვრობდი; როგორც ბავშვების უმრავლესობა, ჩვენებს მეც საბავშვო ბაღში დავყავდი, მიხაროდა ჩემს ტოლებთან თამაში და ის წუთი, როდესაც დედა მომაკითხავდა, ჩამაცმევდა და შინისაკენ გზას ერთად გავუყვებოდით. ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის ზღვის სიახლოვეს ვხვდებოდით; დედა ჩანთიდან პურის ნაჭრებს ამოიღებდა, გამომიწევდა და მეტყოდა: - აბა, დაიგა, შეხედე ირგვლივ რამდენი თოლიაა! მიდი, პურის ნამცეცები დაუყარე, შენი სულაც არ ეშინიათ, შენც ნუ შეგეშინდება მათი!.. თოლიები საჭმელს ყიჟინით ეცემოდნენ, იქაურობას მოასუფთავებდნენ თუ არა, დიდი ჟივილ-ხივილით ისევ ზღვისკენ მიფრინავდნენ... ჩვენ გზას ვაგრძელებდით; დედა და-ძმებისთვის ტკბილეულს იყიდდა და ასე ხელდამშვენებულნი მივდიოდით შინ. თუ მზიანი დღე იყო, რაც ჩვენს მხარეში იშვიათია, ყველანი სანაპიროს მივაშურებდით - ვთამაშობდით, ვირუჯებოდით, მამა ცურავდა და მერე ძალიან შორიდან გვეძახდა, იცინოდა და ხელებს გვიქნევდა...
არ ვიცი რა მოხდა, პოლიტიკისა, აბა, რა გამეგებოდა?! ხუთი წლისა ვიქნებოდი, მეექვსეში, რომ უცებ ჩვენს ბედნიერ ოჯახში ყველაფერი თავდაყირა დადგა; გაგვიჭირდა, ამას იმით მივხვდი, რომ დედა ტკბილეულს აღარ ყიდულობდა, აღარც ბაღში დავყავდი... ხშირად ნახევრად მშივრები ვიძინებდით... მშობლებმა ერთმანეთში კამათს, კინკლაობას და სიუხეშეს უმატეს... 80-იანი წლები იწურებოდა...
ერთხელაც, კარგად შემფუთნეს და ყველანი ქალაქის მოედნისკენ წამოვედით, იქ ავტობუსი იდგა ხოლმე, რომელსაც მგზავრები რიგაში მიჰყავდა. სწორედ იმ ავტობუსთან მივედით... ახლაც თვალწინ მიდგას კადრი, რომელსაც ხშირად სიზმარშიც ვხედავ - ძალიან დიდი მოედანი, ჩამომდგარი ავტობუსი, მშვიდად მდგარი მომლოდინე მგზავრები... ვიღაც, სიმპატიური უცნობი ქალი გვიახლოვდება... მშობლები პირქუში სახეებით ესალმებიან... ავტობუსი მგზავრებით ივსება... დედა გულში მიხუტებს, მამა ხელში მიტაცებს და მკოცნის, მეუბნებიან - და-ძმებს ვაკოცო დაა... მე და ის ქალი ავტობუსში ავდივართ... ქალი კალთაში მისვამს... ავტობუსი ნელი სვლით ტოვებს მოედანს... მე ჩემებს ხელს ვუქნევ... სადღაც უკან რჩება ზღვა, ჩემი თოლიები, ფიჭვის ხეები და ნაცნობი შენობები... - ვტირიი?! ალბათ... არ მახსოვს...
მერე იყო სოხუმი, ქართველი დედა, რომლის მზრუნველობამ, სიყვარულმა, სითბომ ყველაფერი წაშალა, ამ კადრის გარდა, რომელიც მეხსიერებამ სათუთად შემომინახა... ასე ვიზრდებოდი... თუმცა, ბედმა აქაც მიმუხთლა - ომი დაიწყო და ყველაფერი, რაც მებადა - ჩემი სახლი, სკოლა, სამეგობრო, არცთუ დიდი სანათესაო, ახალგაზრდული სიხარული და აღმაფრენა... - იქ დამრჩა. იყო ჭუბერის საზარელი, დაუვიწყარი, კვნესა-ცოდვიანი გზა... იმედი... ბოლოს თბილისი, სადაც ნამყოფიც არ ვიყავი...
ვშრომობ, ვიცვლი სამუშაო ადგილებს, რომ ავადმყოფი დედა ვარჩინო, ბინის ქირა გადავიხადო და საკუთარი თავიც გადავირჩინო. - სხვა აღარაფერი მაინტერესებს... მაქვს წუთები, როდესაც რაღაც მანქანებით, გონებაში, ლატვიური სიტყვები ამომიტივტივდება: - მაიზე - პური; ცუკურს - შაქარი; ძინტარს - ქარვა; ლაბდიენ – დღე მშვიდობისა; ლაბვაკარ – საღამო მშვიდობისა; იელა - ქუჩა; პლადიეს - მადლობთ; ლუძუ - გეთაყვა; ლიდოტ - ფრენა; უზრეძეეშანუას - მშვიდობით... - მაშინ სუნთქვა მეკვრის, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ყველაფერი აღვიდგინო... რა თქმა უნდა, შემეძლო და ახლაც შემიძლია ლატვიის საელჩოს მივმართო; დარწმუნებული ვარ, შეძლებენ ჩემების მოძებნას და მომცემენ იმის საშუალებას, რომ ერთხელ მაინც ჩავიდე ლიეპაიეში და ვნახო ისინი, მაგრამ არ მინდა; მშობლებმა გასაყიდად გამიმეტეს! - ნეტა, რამდენად გამყიდეს, რაში დახარჯეს აღებული თანხა, შეერგოთ კი?!. ნეტა, ჩემს გამო თუ იტირეს... ჩემმა და-ძმებმა თუ მომისაკლისეს!.. - თუმცა, მერე გინდა ეტირათ და ევიშვიშათ, ამ "საქმეს" უკვე აღარაფერი ეშველებოდა, მეც აღარაფრად მინდოდა...
ახლა მე და დედა ბინას ხშირად ვიცვლით, ყოველ ჯერზე შედარებით იაფს ვეძებთ... ძირითადად ქალაქის გარეუბნებში ვცხოვრობთ... მიჭირს ადამიანებთან გულგახსნილი ყოფნა... საერთოდ, გადაწყვეტილი მქონდა, ჩემ შესახებ არასოდეს არავისთვის მომეთხრო; - ეტყობა, უთქმელობამ იმდენად შემაწუხა, რომ გუდას პირი მოვხსენი და პიროვნული ტრაგედია გაგიზიარეთ... დამეთანხმებით, ასეთ საჩოთირო ამბებზე საუბარს ყველა ერიდება... ჩემი გარეგნობის, ჯიშის გარდა, ჩემს ქვეყანასთან აღარაფერი მაკავშირებს... მიყვარს საქართველო და ჩემი ქართული გვარი... ლატვიური სახელი კი დედას ისე მოეწონა, რომ არ შემიცვალა...
მე მოგენდეთ, ახლა თქვენ იცით... იყავით კარგად; მჯერა - ღმერთი მოწყალეა! - პატივისცემით დაიგა".
სამი კვირაა ქალბატონი მარიამი მაღაზიას სიახლოვეს არ ეკარება, შორიდან უვლის, ერიდება, შიგნით შესვლა ვერას დიდებით ვერ გადაწყვიტა. ყოფას, რაღაცნაირად, დათრგუნული აგრძელებს;
კარგა ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა - შესულიყო, დაიგას მოფერებოდა და სულის ტკივილი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა.
მაღაზიაში დაიგას თვალი რომ ვერ მოჰკრა, იქვე, საქმეში გართულ მეპატრონეს ჰკითხა: - ახალგაზრდა გოგო საითაა, დღეს არ მუშაობს?!.
კაცმა გაკვირვებით გამოხედა: - ეტყობა, ვიტრინაზე გამოკრული წარწერა არ შეგინიშნავთ, ახალ გამყიდველს ვეძებთ, ჩვენს პირობებს რომ დააკმაყოფილებს... ახალგაზრდა გოგო კი, თუ არ ვცდები, უკვე მეხუთე კვირაა, რაც საკუთარი სურვილით წავიდა... არ უთქვამს, სად გადავიდა... აი, ქალბატონო, ასეა საქმე!
საუბარი მარიამის მობილურმა შეაწყვეტინათ. მესიჯს გასათხოვარი, რომანტიული ნათლული უგზავნიდა: - "ნათლია, მალე ჩამოდით, სოფელში გაზაფხულია! გამთენიისას ჩიტები უსტვენენ და ერთმანეთს უხმობენ, ბუდეებს იკეთებენ; შავ შაშვებს, წლებია, ჩვენს სუროში მუდმივი საცხოვრებელი აქვთ... ჯერ გაულესავ, ბლოკით ამოვსებულ ფანჯარაში, ვხედავ, ბეღურა შეფრინდა; პატარა ნაპრალი ყოფილა დატოვებული (როგორ იპოვა?!); ნამდვილად ოჯახის მამაა, შევიდა - თავისებს დახედა! გამოვიდა, მიდამო მოათვალიერა... სიცივისგან გაბურდულია, თუმცა ბედნიერი... ალბათ, იქ თავის პატარა ბეღურა დახვდა!.. ნეტავი, ვიყო ჩიტი!..."
ყველა თავისი სიხარულითა და საწუხარით ცხოვრობდა; მარტის ქარიც კი, რომელიც სველი, გაწეწილი თმებით, ხელებგაშლილი აგრძელებდა სევდიან ქროლვას... მხოლოდ ცა იყო ლაღი და უკიდეგანო.
ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი