ჩელენტანო ერთგული ქმარი არ ყოფილა, ორნელა მუტისთან რომანი კი მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი წყვილია იტალიაში. მათი ქორწინებიდან უკვე 50 წელი გავიდა, ამის მიუხედავად, მაინც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებიან.
ამ ტემპერამენტული წყვილის სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო და ისეთ მელოდრამაში გადაიზარდა, რომ კიდევ ერთი ფილმის სიუჟეტი აიგებოდა. ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადრიანო და კლაუდია კვლავ ბედნიერი წყვილია.
როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 1963 წელს, "ერთი უცნაური ტიპის" გადაღება მიმდინარეობდა. კლაუდიას მაშინ ადრიანოსთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია - მეტისმეტად უცნაური და ეპატაჟური მოეჩვენა.
ადრიანო ლამაზი ქალის ასეთმა გულგრილობამ გააღიზიანა. ყველაფერს ცდილობდა, როგორმე მისი ყურადღება მიეპყრო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, კლაუდიას გული კვლავ მიუწვდომელი რჩებოდა. შემდეგ კი თავად ბედი ჩაერია მათ ურთიერთობაში... კლაუდიას უყურადღებობის გამო გადასაღებ მოედანზე სანათი გაუტყდა, ნამსხვრევმა კი ადრიანოს სახე გაუკაწრა. ბოდიშის მოსახდელად რომ მიირბინა, სწორედ მაშინ იჩინა თავი სიყვარულის ცეცხლმა და დღესაც არ განელებულა.
თავიდან კლაუდია ახალ შეყვარებულს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის არ განიხილავდა. აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტემპერამენტიანი იტალიელი სიყვარულში პირდაპირ საკუთარი კონცერტის მსვლელობისას გამოუტყდა.
ამ არაორდინალურმა წყვილმა ღამის სამ საათზე გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა, რათა აბეზარ პაპარაცებს არ გაეფუჭებინათ ეს ამაღლებული დღე.
ოჯახური ცხოვრების დასაწყისში კლაუდიამ ქალური სიბრძნე გამოიჩინა და გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო ქმარ-შვილისთვის, ვიდრე საკუთარი კარიერისთვის. ცოლი ადრიანოს ეხმარებოდა სამსახურებრივ საკითხებში, შეთავსებული ჰქონდა იმიჯმეიკერისა და ადმინისტრატორის ფუნქციები. სწორედ მის დამსახურებად თვლიდა ჩელენტანო თავის წარმატებას და მრავალრიცხოვან ნომინაციებში გამარჯვებას.
წყვილს ბევრი მძიმე მომენტიც გამოუვლია. ჩელენტანო ერთგული ქმარი არ ყოფილა, ორნელა მუტისთან რომანი კი მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა. კლაუდიამ აპატია ქმარს ღალატი და შინ დაბრუნების ნებაც დართო. როცა ჰკითხეს, რატომ მოითმინა ამდენი, უპასუხა, რომ ადრიანოზე უფრო საინტერესო და ამაღელვებელი მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა.
დღეს ცოლ-ქმარი მილანის ახლოს პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. შესასვლელში კლაუდიას ქანდაკება დგას, რომელსაც შადრევანი ამშვენებს. ორივეს წყნარი ცხოვრება სურს, ამიტომ ხმაურიან წვეულებებს დიდი ხანია აღარ სტუმრობენ.
კლაუდია მორისა და ადრიანო ჩელენტანოს სიყვარული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას. იდეალური ქვეყნად არაფერია, არც მათი ცხოვრება ყოფილა აუმღვრეველი, თუმცა სიყვარულსა და მოთმინებას ბევრი პრობლემის გადალახვა შეუძლია.
წყვილს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. მათი ვაჟი ჯაკომო მომღერალია, თუმცა ყველაზე ცნობილი ქალიშვილი როზალინდაა, რომელიც მსახიობი და მომღერალია. მან სახელი გაითქვა არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ ხმაურიანი განცხადებებით, რომ მამას არასდროს ეცალა. "მამა ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად იყო. მუდამ დაკავებული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ფიქრობდა. ძალიან გვაკლდა მისი ყურადღება და სიყვარული… არტისტები ძალზედ ეგოისტური არსებები არიან. ერთხელ ინტერვიუში განვაცხადე, რომ, ჩემი აზრით, მათ საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ჩვენ გავჩნდით, საკუთარი კარიერით დაკავებულები, შინ ხშირად არ იმყოფებოდნენ, ჩვენ კი მშობლები გვჭირდებოდა და გვენატრებოდა", - აღნიშნა როზალინდამ ერთ-ერთ ინტერვიუში. როზალინდამ საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე ღიად საუბრითაც გაითქვა სახელი. ამბობს, რომ ბისექსუალია და ამტიცებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ცნობილ ქალებთანაც ჰქონდა რომანი, მათ შორის - მონიკა ბელუჩისთან. წლებია, მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს.