ეს მოთხრობაც ნამდვილ ამბებს ეყრდნობა და სამწუხაროდ, ბევრი ქართული ოჯახის რეალობაა
დედიკოს ბიჭი
9 საათი შესრულდა - ჟამი მამის შინ დაბრუნებისა. მთელმა ოჯახმა საბრძოლო პოზიციები დაიკავა. სახეებზე დაძაბულობა გამოეხატათ, დღეს დანამდვილებით იცოდნენ - მამა მთვრალი მოვიდოდა.
ყველაზე მეტად ნიკოლოზი ანერვიულდა. ადგილს ვერ პოულობდა, გადი-გამოდიოდა ოთახიდან ოთახში, ფანჯრებიდან იყურებოდა, გარედან შემოსულ ხმებს აყურადებდა, გული ძალუმად უცემდა... დედა სიცხისგან ოფლს იწმენდდა და ზაფხულის ხვატში თეთრეულს აუთოებდა. პატარა ანანომ სასწრაფოდ გადაინაცვლა ლოგინთან - თუ მამა ნასვამი მოვიდოდა და თან ცუდ ხასიათზე (რასაც კარის გაღებისთანავე გრძნობდნენ), მის ოთახში შემოსვლამდე სასწრაფოდ უნდა გაეხადა ტანსაცმელი და ლოგინში შემძვრალიყო.
ერთი სიტყვით, მამის მოსვლისთვის ყველანაირად შეემზადნენ. და ისიც გამოჩნდა...
კარზე საკმაოდ გრძელი და მოუთმენელი ზარი გაისმა. ნიკოლოზი შეტოკდა, ფანჯარას მოსწყდა და ტელევიზორთან დაჯდა გაქვავებული, დედა კი კარის გასაღებად გაეშურა.
- აბა, როგორ ხართ?! - რიხიანად შემოაბოტა.
- ვითომ არ იცი, როგორ ვართ.
- ხო, კაი ახლა, არ ამომასუნთქო, ეგრევე მეცი.
- არავინ არ გეცემა, კითხვაზე გპასუხობ.
კაცი პერანგის ღილების გახსნას შეუდგა და თან ბურტყუნი განაგრძო.
- ოჰ, ეს რა ვქენი, შენ რომ მოგიყვანე, ეს რა დავაშავე...
- მეც იგივე მეთქმის, - დედის ხმაში აღარც გაბრაზება იყო, აღარც ნერვიულობა - ბედს შეგუებული, უიმედო ადამიანი ლაპარაკობდა მხოლოდ.
ქმარი დერეფანში დატოვა და ოთახში შებრუნდა. უთოობა განაგრძო. ანანოს დაწოლა გადაეფიქრა - არც ისე მთვრალიაო, გუნებაში გაივლო და იმედი მიეცა, იქნებ ნაყინის ფული დავცინცლოო. კატასავით გაიყურსა მამის ლოდინში.
* * *
- აბა, როგორ ხართ, ჩემო სიცოცხლეებო?
ხმა არავის გაუცია.
ანანოსთან მივიდა. თავზე აკოცა. ბავშვს ალკოჰოლის სუნი შიგ ცხვირში ეტაკა და თავი გვერდზე მიაბრუნა.
- როგორა ხარ, ჩემო გვრიტო? დედა ხომ არ გაბრაზებს?
- არა.
- გიყვარს მამიკო?
ბავშვმა ნაძალადევად გაიღიმა და მამას პირში შესცინა.
- კი, მიყვარს.
- მამა უფრო გიყვარს, თუ დედა?! - თან ქალისკენ გამომწვევად გაიხედა.
ბავშვმა დაიმორცხვა.
- ორივე.
- კაი ახლა, მაინც?.. მოდი, ეგრე კი არ თქვა, მითხარი, ვისი გოგო ხარ?
ანანომ იცოდა ამ საუბრის არსი და ისიც, რითი დამთავრდებოდა ყოველივე, შესაბამისი პასუხის შემთხვევაში. ამიტომ, ნაცადი ხერხით ნაცადი პასუხი გასცა:
- ვისი და მამიკოსი.
მამამ გულში ჩაიხუტა.
- შენ გენაცვალოს მამა! - მერე კი ქალს მიუბრუნდა, - ძალიანაც რომ გინდოდეს, ბავშვებს ვერ ამიმხედრებ და მაინც ვეყვარები, შენზე მეტად.
- მე ვიცი, რა და ვინ უყვართ და შენც კარგად იცი.
კაცს ვითომ არც გაუგია, წაუყრუა. ანანოს ისევ თავზე აკოცა.
- ანანო, რადგან ასეთი კარგი გოგო ხარ, აჰა, ნაყინის ფული და ხვალ იყიდე.
ანანომ ხურდები სასწრაფოდ შეინახა ბალიშის ქვეშ, დედამ კი მწარედ ჩაიცინა:
- ჰმ, ერთი ნაყინის და შენი სიგარეტის ფული ყოველთვის გაქვს, იმას კი არ კითხულობ, პური ჭამეს დღეს?!
- ხომ შენი შვილები არიან? ხომ შენ უფრო უყვარხარ? ჰოდა, აჭამე პური შენ თვითონ, - კიდევ ერთხელ მოეფერა ანანოს და ოდნავ დაძაბული სახით ნიკოლოზისკენ გაემართა. ბავშვიც დაიმუხტა და მთლიანად დაიჭიმა. დედამ საცოდავად გადახედა.
- აბა, ნიკოლოზ, სიცოცხლე, ჩემო ვაჟკაცო! როგორა ხარ? დღესაც არავინ გიცემია?
ნიკოლოზმა თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა.
- არა? რატომ არ სცემე, ვაჟკაცი არ ხარ?!
- ეგ არის ვაჟკაცობა, რომ უმიზეზოდ ვიღაცა ცემოს, გიჟი კი არ არის, - გამოესარჩლა დედა.
- მოდი რა, ნუ ეჩრები, ხმა ჩაიგდე! - ისე შეჰყვირა, ნიკოლოზი სკამზე შეტოკდა, - ისედაც ბევრს გპატიობ.
ამ სიტყვებზე ქალი წამოწითლდა, ხმა აუკანკალდა...
- შენ მპატიო, შენ მპატიობ?! მათელი ცხოვრება შენს სცენებს ვიტან, შენს უსაქმურობას, შენს სივირეს... შვილებს გიზრდი, სულ არ ეტყობათ, ასეთი მამისები რომ არიან, დღეს და ღამეს ვასწორებ, ქალს აღარ ვგავარ და კიდევ შენ მპატიობ?! - ცრემლებმა ყელში წაუჭირეს და ცხვირსახოცი აიფარა.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, კარგად გიცნობ, რაც ხარ.
- მეც გიცნობ ხუთი თითივით და სადმე წასასვლელი რომ მქონდეს, დიდი ხანია გაგეცლებოდი.
მამა ისევ ნიკოლოზისკენ დაიხარა.
- ნიკოლოზ, შვილო, უთხარი ერთი ამ ქალბატონს, ვისი ბიჭი ხარ? - თვალები ჩასწითლებოდა სასმელისგან, ბრაზიანი სახით შეჰყურებდა.
ბავშვს ცრემლები მოერია. უკვე მერამდენედ მეორდებოდა ერთი და იგივე საძულველი სცენა.
დედამ მოწყალე თვალებით შეხედა, ანიშნა, ცოტა მაინც დათმე და რაც უნდა, ის უპასუხეო, მაგრამ საკუთარ თავს არ უღალატა და კვლავ ურყევი პასუხი გასცა:
- დედიკოსი.
კაცი გაბრაზებული წამოხტა, ბავშვს ალიყური უთავაზა, იბორგა, იგმინა. მერე ისევ მიადგა, აცრემლებულს თავზე ხელი გადაუსვა, დაუყვავა.
- კაი, მამა, აღარ გაგიბრაზდები, აი, ნაყინსაც გიყიდი და მითხარი, ვისი ბიჭი ხარ?
ნიკოლოზმა ცრემლიანი თვალები ძირს დახარა, ტუჩზე მწარედ იკბინა, საცოდავად შეხედა მამას და ტირილნარევი ხმით ამოღერღა:
- დედიკოსი.
- ჰმ, ძალიან კარგი, იყავი დედიკოსი, მაგან გაჭამოს ნაყინი, მე კი ახლა წავალ მაღაზიაში და ანანოს გავახარებ.
არც კი ჩაფიქრებულა, რომ უკვე ბნელოდა, კარი გაიჯახუნა და გავარდა ნაყინის საყიდლად.
დედამ ნიკოლოზს დაუყვავა:
- შვილო, ერთხელ მაინც თქვი, მამიკოსი ვარ-თქო, რა მოხდება. არა უშავს, ერთხელ მოიტყუე, ნაყინსაც გიყიდის და აღარც ეგრე გაბრაზდება.
ბიჭს თავი არ აუწევია, ცრემლებს ფარავდა.
- ნიკუ, მამა რომ მომიტანს ნაყინს, შენც გაგიყოფ, - საწოლიდან გადმოსძახა ანანომ.
ბიჭმა საყვედურით შეხედა, ეს როგორ გამიბედეო და ზანტად დაიწყო ტანსაცმლის გახდა.
* * *
იმ ზაფხულს ნიკოლოზს ნაყინი არ უჭამია, არადა, როგორ უყვარდა. დედა პურსაც ძლივს ყიდულობდა თავისი გროშებით და ტკბილეულისთვის ფული არ ჰყოფნიდა, მამასაც იშვიათად ჰქონდა რამე და თუ ჰქონდა, მაშინაც ვაჭრობას იწყებდა და მხოლოდ ანანო რჩებოდა "მოგებული".
ნიკოლოზი ისე გაიზარდა, ისე გახდა დიდი და ისე გამოვიდა "ნაყინის ასაკიდან", ნორმალურად არ უჭამია ეს შესანიშნავი, საოცნებო, უგემრიელესი ნუგბარი.
ეს მოთხრობა ნამდვილ ამბებს ეყრდნობა და სამწუხაროდ, ბევრი ქართული ოჯახის რეალობაა...
ლელა ზურებიანი