სალომე მე-6 საავტორო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილი მე-6 საავტორო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. მისი ფოტო და სამძიმრის წერილი პირველად სწორედ სკოლის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
"ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს..." - წერს სკოლის ფეისბუქგვერდი, რომელსაც უამრავი ადამიანი უერთდება.
"ვწუხარ, ვიზიარებ და თანგრძნობას ვუცხადებ სალომეს ოჯახს, სკოლას და მის მეგობრებს. განსაკუთრებით ვუთანგრძნობ სალომეს დედას, უძვირფასეს ქალბატონ ნინო ჟვანიას!"
"ვაიმე, ღმერთო! როგორ უნდა გაუძლოს ამხელა ტკივილს ოჯახმა... "
"გული გამიჩერდა, შვილო"
"სიტყვები არ მაქვს ვერაფერს ვამბობ მარტო ცრემლები მომდის..." - პოსტს უამრავი სულისშემძვრელი კომენტარი ერთვის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის ძმისშვილია, სამედიცინო ცენტრ "იუნონას" დირექტორის, ბ-ნი მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი. სამძიმრის წერილი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ფეისბუქგვერდზეც ვრცელდება და "იუნონას" გვერდზეც:
"გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა 12 წლის სალომე ტატიშვილი. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ღრმა წუხილს გამოხატავს პატარა სალომეს დაკარგვის გამო", – წერია ცენტრის თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, გუდაურში ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და 12 წლის სალომე ტატიშვილს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამ ამბავთან დაკავშირებით გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ გამკაცრდეს წესები და მოგვარდეს უსაფრთხოების ზომები.
mshoblebi.ge უერთდება სამძიმარს და მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილი მოზარდის გამო.