"დღეს ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა, ღმერთთან... თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დღეს" ანასტასია ზაალიშვილის ამბავმა სრულიად საქართველო მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გაიღო თანხა მის დასახმარებლად, პატარა გოგონა მაინც გარდაიცვალა. ის თბილისში ჩამოასვენეს და დაკრძალეს კიდეც. ანასტასიას დედამ ემოციური მიმართვა გაავრცელა:
"ღმერთი არსებობს და სასწაული ნამდვილად მოხდა. ბევრი ფიქრის, ნერვიულობისა და ძალიან კეთილი ადამიანების ესემესების წაკითხვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენმა ერთობლივმა ლოცვამ უდიდესი სასწაული მოახდინა! დღეს ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა, ღმერთთან... თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დღეს!!! მძიმე მარხვის ჟამს და შობის კვირაში. შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება, ანგელოზი იყო ციდან ჩამოფრენილი და ანგელოზადვე წავიდა ჩემი პატარა.
გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას, არამედ ვადიდოთ უფალი და მხოლოდ ლოცვით ვიყოთ ანასტასიასთან. ის კი ჩვენ ყველას და თქვენს შვილებს დაიფარავს, რამეთუ ანგელოზია უკვე თავადაც! არავის არაფერში ვადანაშაულებ, რადგან უფლის ნება იყო, რომ ამქვეყნიური წუთისოფლის სიმწარე აერიდებინა და წაეყვანა მალევე მისი სპეტაკი სული. გული ჯერ ისევ ძალიან მტკივა და ვიცი, სულ მეტკინება, რადგან მენატრება და ჩემთან არ არის, ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ვიცი მე ვერ მიშველის. უბრალოდ, მომიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა, რადგან ანასტასიამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!!!".