რა არ მოსწონს საქართველოში ინგლისელ კომპოზიტორს და რა აღაფრთოვანებს ქეთი და მაიკ ვარდები ნიჭიერი მუსიკოსები არიან. ინგლისელმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა მაიკ ვორდმა არც ისე დიდი ხანია, ქართველი პიანისტი შეირთო ცოლად, საცხოვრებლად საქართველოში დარჩა და ახლა მეუღლესთან ერთად შვილსაც ქართულად ზრდის და ქართულ კერძებსაც ითვისებს. ქეთი ვარდი გვესაუბრება თავის ინტერნაციონალურ ოჯახზე.
- მე და ჩემი მეუღლე ორივე მუსიკოსები ვართ. მე 4 წლის ასაკიდან ვუკრავ ფორტეპიანოზე და რაც თავი მახსოვს, ამ საქმეს ერთგულად ვემსახურები. მუსიკალური განათლება საქართველოში მაქვს მიღებული (ნიჭიერთა ათწლედი, სახელმწიფო კონსერვატორია), ასევე 6 წლის ასაკიდან დღემდე სისტემატურად ვმოგზაურობ ევროპის სხვადასხვა ქალაქში კონკურსებზე, ფესტივალებზე და კონცერტებზე.
ჩემმა მეუღლემ დოქტორ მაიკლ ვარდმა ასევე მცირე ასაკიდან გამოავლინა მუსიკალური ნიჭი. მაიკი ბრიტანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორია. თავისი პირველი მუსიკალური კომპოზიცია დაწერა 7 წლის ასაკში, სოლოკონცერტებს როგორც პიანისტი, რეგულარულად მართავს 9 წლის ასაკიდან, მისი დებიუტი როგორც დირიჟორის შედგა 16 წლის ასაკში. მისი მუსიკალური კარიერა 45-წლიან გამოცდილებას აჭარბებს, როგორც კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის.
მაიკს აქვს ჩანაწერები გაკეთებული ინგლისის ცნობილ რადიოში და ტელევიზიებში BBC, ITV.
ამჟამად მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში დავაარსეთ ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია, რომელიც მდებარეობს კულტურის ცენტრ "მუზაში" და ქართველ მუსიკოსებს მიეცემათ საშუალება ბრიტანული მუსიკალური განათლება მიიღონ საქართველოში.
- სად და როგორ შეხვდით მომავალ მეუღლეს?
- ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ძალიან მოულოდნელად და სწრაფად დაგვირგვინდა ქორწინებით. მაიკმა შემთხვევით ინტერნეტში მოუსმინა ჩემი კონცერტის ჩანაწერს და როგორც თვითონ მიყვება, აღფრთოვანდა და გადაწყვიტა სოციალური ქსელით მოვეძებნე. დამეკონტაქტა ფეისბუქის საშუალებით როგორც კოლეგა და ასე დავიწყეთ პირველად ურთიერთობა. იმ პერიოდში მე ვიყავი მარტოხელა ორშვილიანი დედა, ხოლო მაიკი - არც ისე დიდი ხნის დაქვრივებული. ორივეს გული გვქონდა ნატკენი და გაუმართლებელმა წარსულმა რაღაცნაირად უფრო მეტად დაგვაკავშირა. მაიკმა სულ რამდენიმე კვირაში შეიძინა ბილეთი და გადმოფრინდა საქართველოში.
ჩვენი პირველი შეხვედრა იყო საოცარი, თბილისის აეროპორტში. ამ დღეს ვერც ერთი ვერასოდეს დავივიწყებთ. ეს ნამდვილად იყო ერთი ნახვით შეყვარება! იმ დღესვე მაიკმა მითხრა, რომ ჩემს გარეშე არ შეეძლო ცხოვრება და უნდოდა ჩვენი ოჯახის წევრი გამხდარიყო. ეს ნამდვილად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო, თუმცა იმდენად ძლიერი და გულწრფელი გრძნობა გაჩნდა ჩვენ შორის, ვერ უთხარი უარი. ერთმანეთის პირადად ნახვის მეორე დღეს, 11 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი.
მაიკი მოინათლა, გახდა მართლმადიდებელი და 29 ოქტომბერს გვქონდა ნამდვილად ჯადოსნური ქორწილი და ჯვრისწერა. ჩვენი ქორწილი იყო ფაქტობრივად კონცერტი - კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვასრულებდით დუეტებს. ჩემ გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებსაც კი ეგონათ, რომ მე და მაიკი ვმალავდით წარსულში ურთიერთობას, არავინ მიჯერებდა, რომ მართლა ასე სპონტანურად მოხდა ყველაფერი.
სულ მალე ჩვენი ქორწინების ორი წლისთავი გვექნება და თამამად შემიძლია ვთქვა, მაიკი არის შესანიშნავი ქმარი, ყველაზე მზრუნველი სამი შვილის მამა. მინდა გამოვყო მაიკის განსაკუთრებული სიყვარული მარიამისა და შიოს მიმართ. შეგვეძინა ალექსანდრე, რომელიც ახლა 11 თვისაა და ძალიან დიდი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში.
- გიფიქრიათ ოდესმე, რომ არაქართველს გაჰყვებოდით ცოლად?
- როდესაც ნამდვილ სიყვარულს შეხვდები, იქ ყველანაირი გათვლა თუ რაიმეს პროგნოზირება ძნელია. ჩემსა და მაიკს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ამასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუმცა როდესაც ადამიანი შენი მეორე ნახევარია და როგორც იქნა, საბოლოოდ იპოვე, ამაზე დიდი ბედნიერება არარსებობს.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ცხოვრება? ბევრი პირიქით, უცხოეთში ცხოვრებას არჩევს ხოლმე...
- თავიდან ჩვენც ვგეგმავდით ინგლისში საცხოვრებლად გადასვლას, მით უმეტეს, მაიკს ქონდა ძალიან კარგი სამსახური - დედოფალ ეთელბურგას სახელობის კოლეჯში იყო საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ფრენა შეასრულა საქართველოდან ინგლისში, რომ პარალელურად ემუშავა და თან ჩვენთან ერთად ყოფილიყო. პრობლემას წარმოადგენდა ჩემი შვილების ქვეყნიდან გაყვანა. მარი და შიო ინგლისის სკოლაშიც კი მოვაწყვეთ (ყოფილი მეუღლე არ მაძლევდა ნებას, ბავშვები ქვეყნიდან გამეყვანა). რადგანაც ეს პრობლემა მოუგვარებელი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი გახლდათ ჩვენი შვილების გარეშე ყოფნა, მაიკმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველას აქ, ჩვენს ულამაზეს თბილისში გვეცხოვრა.
- როგორია თქვენი ქართულ-ინგლისური ოჯახი? რა პლუსები და მინუსები აქვს?
- ჩვენი ქართულ-ინგლისური ოჯახი ნამდვილად არის ჩემთვის საოცნებო ოჯახი. ჩვენი ოჯახი არის სინთეზი ქართული და ინგლისური ტრადიციების - ჩვენი გულთბილობა და სიყვარულის დიდი დოზით გამოხატვა, და ინგლისური დისციპლინა. მე და მაიკს აბსოლუტურად გვაქვს განაწილებული სახლის საქმე და თანაბარ ყურადღებას ვაქცევთ შვილებს ორივე. მაიკს ძალიან უკვირს და არ მოსწონს, როდესაც ოჯახში ტრადიციულ სუფრასთან მოვხვდებით და მხოლოდ ქალები ალაგებენ, უმასპინძლდებიან. მახსოვს, პირველ პერიოდში, როდესაც ჩვენთან სტუმრად ოჯახის წევრები ან მეგობრები მოდიოდნენ და ყველა მე მთხოვდა გამასპინძლებას, მაიკს ძალიან უკვირდა. ახლა უკვე ყველამ იცის და პირდაპირ მაიკს სთხოვენ, მისი უგემრიელესი ყავის მომზადებას. ზოგადად ძალიან კარგი კულინარია, მისი ჰობია ტრადიციული ინგლისური და არა მხოლოდ ინგლისური კერძების მომზადება. შეიძინა ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტების წიგნი და პერიოდულად ცდის ხოლმე მომზადებას. ქართულის შესწავლასაც ძალიან ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს.
საერთოდ, აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნით. ძალიან ხშირად მისი ინგლისელი მეგობრები გვსტუმრობენ თბილისში. ყოველთვის აღნიშნავს ჩვენს კულტურას, ნიჭიერებას, ხშირად ვმოგზაურობთ საქართველოს ფარგლებში და აღტაცებულია ჩვენი ბუნების სილამაზით. სულ აღნიშნავს, რომ საოცარი გემო აქვს ქართულ ხილს თუ ბოსტნეულს.
ყველაზე მეტად რაც არ მოსწონს საქართველოში, არის საგზაო მოძრაობა. ზებრა გადასასვლელზე თუკი ვინმეს შენიშნავს ახლოსაც კი, არ დაძრავს მანქანას და უკნიდან დიდი სიგნალები და პროტესტი მოჰყვება ხოლმე (ეს ჩვენი დღის განუყოფელი ნაწილია).
- ინგლისში ალბათ ხშირად ხვდებით. როგორ ზრდიან შვილებს ინგლისელები?
- ძალიან დისციპლინირებული შვილები ჰყავთ, ხშირად არ რთავენ კომპიუტერების და მობილური ტელეფონების გამოყენების უფლებას, ბავშვების უფლებები დაყენებულია ყველაზე მაღლა. რაც არ მომწონს, თითქოს ნაკლებად მეგობრულები არიან.
- თქვენ მრავალშვილიანი დედა ხართ და თან აქტიურად ხართ დაკავებული, საქმიანობთ. როგორ უთავსებთ ამას ერთმანეთს?
- ჩემი შვილები ყოველთვის მეტ ძალას და ენერგიას მაძლევენ, რომ უფრო მეტი გავაკეთო. რაც უფრო შეზღუდული მაქვს დრო, მით უფრო კონცერტრირებული ვარ. მაიკს ყოველთვის უკვირს, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება რომ შემიძლია.
გაცნობიერებული მაქვს, რომ აუცილებლად ყველა მშობელმა უნდა გამონახოს შვილებისთვის დრო, ეს ძალიან საჭიროა თვითონ მშობლებისთვის და ასევე შვილებისთვის. მაგალითად, ჩემი მეთოდია, თუ შესაძლებელია, ჩვენივე საქმეზე თან ვატაროთ შვილებიც. თან ჩართულად გრძნობენ თავს და არ არიან გარიყულები. ძალიან ხშირად მე და მაიკი ალექსანდრეს ვატარებდით საქმიან შეხვედრებზე.
ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სახლში ხშირად გვიწევს მეცადინეობა და ძალაუნებურად ჩვენი შვილებიც ესწრებიან ჩვენს სამუშაო საათებს...
ლელა ზურებიანი