"ცოცხალი ადამიანი, როგორ მოკალით?!! კაცი სიკვდილისთვის, როგორ გაიმეტეთ?!!" კოალიცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მსგავსიც, სამწუხაროდ, ბოლო დროს საკმაოდ ხშირია. კლინიკამ პაციენტი, რომლის ოჯახმაც მორიგი მოთხოვნილი თანხა ვერ გადაიხადა, აპარატიდან გამორთო. ასეთი ფაქტები ჩვენს გარშემო ბოლოხანს ხშირად ხდება და ისიც ხდება, როცა აპარატზე მიერთებული პაციენტი სინამდვილეში უკვე უიმედოა, პრაქტიკულად გარდაცვლილია, მაგრამ სანამ ოჯახს ფულის გადახდა შეუძლია, აიმედებენ და უამრავ თანხებს ახდევინებენ წამლებში, პალატასა და მომსახურებაში. იმედია, მსგავსი გამოხმაურებებით და განცხადებებით ამ სფეროს ცოტათი მაინც ეშველება:
"ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ!!! ცუდი ამბავი გავიგე, ძალიან ცუდი... ერთი პატიოსანი და კარგი კაცი, არაადამიანურმა სისტემამ გაწირა და მოკლა!!! ინსულტის გამო აპარატზე იყო მიერთებული... სახელმწიფო დაფინანსება (15.000 ლარი, რაც დაახლოებით ორი კვირაა საკმარისი), როცა ამოეწურა, ოჯახს ვალის უზრუნველყოფაზე მოაწერინეს ხელი (გარანტიად სახლი ჩაიდო), მაგრამ, როცა ეს სავარაუდო თანხის ლიმიტიც დამთავრა და ოჯახს სხვა არაფრის საშუალება აღარ დარჩა, კლინიკამ, რომელიც ვეღარ გაძღა, აპარატიდან გამორთო!!! კი მაგრამ, ესაა ჰიპოკრატეს ფიცდადებული ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის პერსონალთა ჰუმანიზმი?! ცოცხალი ადამიანი, როგორ მოკალით?!! კაცი სიკვდილისთვის, როგორ გაიმეტეთ?!! დღეს მისი დაკრძალვის დღე ყოფილა... ეჰ, უფალმა გაანათლოს მისი სული".