საბედნიეროდ, ის გამოაააშკარავეს ეს ამბავი მართლაც უნიკალური და საბედისწეროა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერმა ენდრიუ ვეიკფილდმა სამედიცინო გამოცემაში The Lancet-ი გამოაქვეყნა კვლევა, რომ ვაქცინაცია პირდაპირ კავშირში იყო აუტიზმთან და სხვა დაავადებებთან, რომლებიც ბავშვებს უჩნდებოდათ. მისმა "მეცნიერულად დადასტურებულმა" ინფორმაციამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სანამ მას სხვა მეცნიერები ეკამათებოდნენ და მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, ძალიან ბევრი მშობელი, რომელსაც ისედაც ეშინოდა აცრების, კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყო და უამრავი ბავშვი პრინციპულად არ აცრეს. რასაკვირველია, ამას არც ისე იშვიათად მოჰყვა ცუდი შედეგები – აუცრელი ბავშვების გარკვეულ ნაწილს ინფექციური დაავადებები ემართებოდა, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა და ლეტალურადაც კი დასრულებულა.
ამასობაში ექიმს სასამართლო პროცესები ჰქონდა სამედიცინო კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა ყოველ ჯერზე სასამართლო მისი მარცხით სრულდება. მოგვიანებით ჟურნალმა The Lancet-მაც ბოდიში მოიხადა პუბლიკაციის გამო მკითხველის წინაშე.
ვეიკფილდი კი არ ცხრებოდა და მასშტაბურ კამპანიას აწარმოებდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, მშობლებს უფრო და უფრო აშინებდა. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოაშკარავდა ექიმის თაღლითობა – როგორც გაირკვა, ის მხოლოდ იმ მონაცემებს იყენებდა, რომლებიდანაც გამოდიოდა, თითქოს ბავშვები ვაქცინაციის შემდეგ ავადდებოდნენ. იმ შედეგებს, რომლებიც მის თეორიაში არ ჯდებოდა, უბრალოდ უარყოფდა. და გამუდმებით ატარებდა უსარგებლო და ბავშვებისთვის საკმაოდ მავნე ტესტებს. რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? არსებული ვაქცინების დისკრედიტაციის ფონზე ვეიკფილდმა საბუთები შეიტანა ახლის მისაღებად, რომელიც მის მიერ იყო შემუშავებული და მისი გათვლებით, მთელი მსოფლიო მის მეთოდზე გადავიდოდა. შესაბამისად, ეს მოუტანდა მას დიდ აღიარებას და უზარმაზარ ფულს. ათი მშობლიდან რვა მართლაც აცრებს უკავშირებდა ბავშვების დაავადებებს და ექიმებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ საპირისპიროში დაერწმუნებინათ. საბოლოოდ ვეიკფილდის მაქინაციები გამოაშკარავდა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი მოუგონია უამრავი საშიში დაავადებისგან თავის დასაცავად.
ბოლო პერიოდში ვაქცინაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ექიმ მარკ რენდოლს უკავშირდება. ეს ვაქცინების მკვლევრის ფსევდონიმია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებში. მარკი დაახლოებით 15 წელია წამოვიდა სამსახურიდან. მისი თქმით, შოკირებული იყო იმით, რაც ნახა და აღმოაჩინა. მას მერე ვაქცინაციის აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცა.
რაც მსოფლიო მასშტაბით კვლავ დაიწყო აგიტაცია ვაქცინაციის აუცილებლობაზე, მან გადაწყვიტა, სიჩუმე დაერღვია:
"ავადმყოფობის საერთო დონემ დაიკლო არა აცრების, არამედ ცხოვრების საერთო დონის და ცხოვრების პირობების ამაღლების ფონზე. სუფთა წყალი, გამართული საკანალიზაციო სისტემა, ჯანსაღი საკვები, სიღარიბის დონის კლება. მიკრობები შეიძლება იყოს ყველგან, მაგრამ თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, ავად არ გახდებით. ვაქცინები ერთვებიან იმუნური სისტემის ნგრევის პროცესში. თუ იგი გამოიწვევს მენინგიტს, ამ ფაქტის კავშირს აცრასთან იგნორირებას უკეთებენ და ხალხს საწინააღმდეგოს უმტკიცებენ, რომ აცრები ეფექტური და უსაფრთხოა. მივედი იმ დასკვნამდე, რომ აცრების მეცნიერულ დონეზე გამოკვლევა არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ ითვლება, რომ აცრებს არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია და აქედან გამომდინარე არაა საჭიროა კვლევების ჩატარება. რეაქციები,რომლებიც თან ახლავს აცრას, გამოვლინებას იწყებს მოგვიანებით (გარდა 2-3 დღიანი რეაქციისა: ტემპერატურა, ადგილობრივი რეაქცია და სხვ.). საუბარია ნევროლოგიურ პრობლემებზე, სხვადასხვა გამოვლინებებით. ერთმნიშვნელოვნად აცრები წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის. საჭიროა ჩატარდეს მთელი რიგი გამოკვლევები ამის დასამტკიცებლად, რასაც არავინ არ აკეთებს. ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემის სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან, აქვთ სხვადასხვა ინტერესი: ფული, სამსახურის დაკარგვის შიში, პრესტიჟი, დამსახურებები, ცრუ იდეალიზმი, და უამრავი სხვა. უფრო მაღალ სამედიცინო ეშელონებში, ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ასუსტებს იმუნურ სისტემას. მე მესმის, რომ ამის მოსმენა დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიმართლეა. ისინი არ ცდილობენ ადამიანების დახმარებას, პირიქით უნდათ, რაც შეიძლება დაასუსტონ და დააუძლურონ ისინი. არსებობს აფრიკის ქვეყნები, სადაც ხელისუფლებამ იცის, რომ ვაქცინაცია გამოიყენება მათი ქვეყნების ნგრევისა და დაავადებისთვის და ამზადებენ გლობალისტებისთვის ხელში ჩასაგდებად. სახელმწიფო მოხელეებმა იციან და წუხან ამის გამო, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება არ შეუძლიათ.
მე რომ მყავდეს ახლა პატარა ბავშვი, არ დაუშვებდი მის აცრას. გადავიდოდი სხვა შტატში საცხოვრებლად, შევიცვლიდი გვარს. თუმცა არსებობს გზები, როგორ აუაროთ გვერდი სისტემას. ვისაც უნდა, აცრას თავისი შვილი - კი ბატონო, აცრას. ვისაც არ უნდა - ნუ აცრის, მაგრამ საქმე ისაა, რომ არჩევანის საშუალება არ არის იქ, სადაც ტყუილია. იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება ბავშვებს, არჩევანს აკეთებს მშობელი, რომელიც მოკლებულია სიმართლეს".
თუმცა ჯერჯერობით მაინც ვერავინ დაამტკიცა, რომ აცრა მავნებელია და ვერც მის ალტერნატივას გვთავაზობენ ათასგვარ დაავადებასთან საბრძოლველად. სამედიცინო წრეების წარმომადგენლები, პრესის საშუალებით აშინებენ მშობლებს იმით, თუ რა დაემართებათ მათ შვილებს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებიან აცრილები. მშობლის მხრიდან უარის თქმა ვაქცინაციაზე - მათი განმარტებით, დანაშაულია.
როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ჯანმრთელობის დაცვის ორი ფაქტორი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, არის სუფთა წყალი და აცრა. პედიატრები ყველა მშობელს ურჩევენ ბავშვების აცრას. თუმცა ბევრჯერ ისიც გაგვიგია, თითქოს ექიმებს საკუთარი ბავშვები არ ჰყავთ აცრილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისგან. იმ შემთხვევაში, თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გარეშე. ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი.
სალომე გორგოშიძე
ნია ნინიაშვილი