"სიკვდილისთვის განწირული ადამიანი წავიყვანეთ და გამარჯვებული დავაბრუნეთ უკან..." როცა რწმენა, სიყვარული და თანადგომაა, ხანდახან სასწაულებიც ხდება. ბარბარე ძინძიბაძის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის (იხილეთ სტატია). ის მძიმე სენს ებრძოდა და მეუღლე მუდამ მის გვერდით იყო. "დედების ფონდმა" ბარბარეს შესახებ ახალი, სასიხარულო პოსტი გაავრცელა:
"მინდა დღეს ერთი გამარჯვების ისტორია გიამბოთ, ჩემი, ჩვენი და თქვენი გამარჯვების ამბავი.
დაახლოებით 2თვის წინ, ფონდს დაუკავშირდა მამა პანტელეიმონი და დახმარება სთხოვა, სთხოვა კი არა თითქოს შესთხოვა ცხოვრების თანამგზავრის და მისი სამი შვილის დედის გადარჩენა.
ონკოლოგიურში მისულ ფონდის გოგონებს მძიმე სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი საწოლზე იწვა, თავზე კი მფარველი ანგელოზივით ადგა მამაო და მისი ხელი ეჭირა.
ისტორიაც საკმაოდ მძიმე იყო, ხელების ტკივილის ჩივილით აბასთუმანიდან ჩამოსულ მამაო და მისი 27 წლის მეუღლე, სახსრების ანთების დიაგნოზით ალბათ კვლავ გულდამშვიდებულები დაბრუნდებოდნენ შვილებთან, რომ არა მამაოს დაჟინება, კომპიუტერული კვლევა გადაეღოთ.
კვლევის შედეგები საშინელი იყო, მე-4 სტადიის სიმსივნე ხერხემალზე, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა.
ბარბარე ონკოლოგიურიდან აღარ გამოუშვეს.
მასთან დარჩა მამაოც და ადგილიდან არ მოსცილებია.
დედების ფონდმა, მიუხედავად რამდენიმე მძიმე ბენეფიციარისა, გადაწყვიტა ბარბარეს სიცოცხლისთვისაც ებრძოლა.
ბარბარეს მდგომარეობა ორ დღეში ისე დამძიმდა, რომ ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო. სასწრაფოდ საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება.
10 სექტემბერს, სწორედ ამ დღეს იგეგმებოდა საქველმოქმედო საღამო ბარბარეს დასახმარებლად, როდესაც მამაომ დაგვირეკა და გვაცნობა, დღესვე თუ არ გადავიყვანთ მომიკვდებაოო.
10 სექტემბერს საღამოს ექიმ ტატო მჭედლიძის დახმარებით და პატრონაჟით, ბარბარე გავაცილეთ თურქეთში.
გზადაგზა ახვედრებდნენ ნათესავებთან მიბარებულ თავის პატარებს დატანჯულ ქალს და ისიც ემშვიდობებოდა შვილებს და ისიც კი არ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა. კვლავ შეძლებდა საყვარელ ოჯახთან ცხოვრებას თუ არა.
ჩვენც არ ვიცოდით!
ჩვენი პირველი დახმარებაც სწორედ რეანომობილით მგზავრობის ღირებულების დაფარვა იყო, რომელიც თქვენი შეწევნით ზუსტად 1 დღეში შევაგროვეთ.
ონკოლოგიურ საავადმყოფოში ბარბარე ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა და მის სართულზე სულ მდუმარება იყო, თითქოს ყველას ერიდებოდა ზედმეტი სიტყვის თქმა.
გაემგზავრა ბარბარე და თან წაიღო ჩვენი შიშიც და იმედიც.
გაემგზავრა უფულოდ, უსახსროდ და ძალაწართმეული, გვერდით კვლავ მფარველი ანგელოზი უჯდა.
თურქეთში, პარკ ჰოსპიტალმა მიიღო ბარბარე და მაშინვე კვლევები დაინიშნა, რამდენიმე დღეში კი ექიმმა ჯენგიზ თურანმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარა, ხერხემლის დაშლილი რამდენიმე მალა აღუდგინა და შეძლო, ბარბარესთვის კვლავ ფეხზე დგომის და სიარულის შანსი მიეცა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ბარბარეს მდგომარეობა თანდათან უკთესობისკენ იცვლებოდა.
4 დღის შემდეგ ბარბარემ ფეხზე ადგომა შეძლო!
ეს იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა ექიმი ჯენგიზის ხელით გვაჩუქა!
დღეს ბარბარე საქართველოშია, თავის ძვირფას შვილებთან და მეუღლესთან.
მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბარბარე უკეთ არის, ცხოვრობს და ზრუნავს თავის პატარებზე, რომელთა ნახვის იმედიც აღარ ჰქონდა.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიკეთისთვის, ამ თანადგომისთვის და მადლისთვის, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე გვაჩუქა. სიკვდილისთვის განწირული ადამიანი წავიყვანეთ და ბედნიერი, გამარჯვებული დავაბრუნეთ უკან.
თქვენი 1 ლარით, 1 ზარით შევძელით ეს ყველაფერი!"