მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული მას მერე, რაც ამერიკაში მოხდა საზარელი ფაქტი - მეექვსეკლასელმა მოსწავლემ სკოლაში იარაღი მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. მორიგი ტრაგედია ყაზანში მოხდა, სათათრეთის დედაქალაქში - 175-ე გიმნაზიაში სკოლის ყოფილი მოსწავლე თანამზრახველთან ერთად შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ტრაგედიას 9 ბავშვის და ორი პედაგოგის სიცოცხლე შეეწირა.
ერთი თავდამსხმელი დაიჭირეს, მეორე კი, პოლიციის ცნობით, გარდაცვლილია. თუმცა ზოგიერთი ცნობით, მეორე არც არავინ ყოფილა. ამ ფაქტს ჯერ კიდევ აზუსტებენ ჟურნალისტები.
თავდასხმის ორგანიზატორი 19 წლის ილნაზ გალიავიევი აღმოჩნდა, სკოლის ყოფილი მოსწავლე. ის გაკვეთილების დროს შეიჭრა სკოლაში. პირველად დაცვას და დამლაგებელს გაუხსნა ცეცხლი, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ. შემდეგ სკოლაში მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ესროლა. როგორც შემდეგ თვითმხილველები ყვებოდნენ, ვინც გზად შეხვდებოდა, ყველას ესროდა. პანიკაში ზოგიერთი ბავშვი ფანჯრებიდან ხტებოდა - ბევრმა მათგანმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო. მასწავლებლების ნაწილი ბავშვებს ეფარებოდა, ტყვიებისგან იცავდა. სწორედ ასეთ დროს დაიღუპა ორი პედაგოგი... რამდენიმე ბავშვმა კაბინეტებში შესვლა მოასწრო და კარი ჩაკეტა. დანარჩენები თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს. მათი გათავისუფლება მხოლოდ სკოლის შტურმის შემდეგ შეძლეს პოლიციელებმა და მათი თქმით, სწორედ ამ დროს დაიღუპა მეორე თავდამსხმელი.
თავდასხმისას 9 ბავშვი გარდაიცვალა, 2 პედაგოგი. 27-მა ბავშვმა მიიღო დაზიანებები, 16 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, როცა ილნაზ გალიავიევი აიყვანეს, მან ბომბიც ახსენა და მართლაც, ძალიან მალე სკოლაში აფეთქების ხმაც გაისმა. თავდასხმა 8 წუთს გაგრძელდა, 6-7 წუთში გაჩნდა ადგილზე პოლიცია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, შტურმით აეღო შენობა.
დაპატიმრების შემდეგ მოიძიეს ინფორმაცია თავდამსხმელზე. გამოჩნდა ვიდეოებიც, ზოგი მისი გადაღებული და ზოგიც სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული. მას ნიღაბი ეკეთა წარწერით "ღმერთი" და თავით ფეხამდე შეიარაღებული იყო. სწორედ ასე შევიდა შენობაში. მანამდე კი გააკეთა ჩანაწერი: "დღეს მე დიდი რაოდენობით ბიონაგავს გავანადგურებ".
მან 4 წლის წინ დაამთავრა ეს გიმნაზია. იარაღის ტარების ლიცენზია ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო, იარაღი კი იქვე, ყაზანის გვერდით ქალაქში იყიდა. მიზანი, მისივე თქმით, ის იყო, რომ ყველა ეზიზღებოდა და ასევე, თავი ჩათვალა ღმერთად, რომელსაც ყველა უნდა გაენადგურებინა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კოლეჯში სწავლობდა, სადაც ყვებიან, რომ მეტისმეტად წყნარი, უკონფლიქტო და ჩუმი ბიჭი იყო. თუმცა იანვრიდან კოლეჯში არ უვლია და დაუსწრებლობის გამო გარიცხეს. მასობრივ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი არხი შექმნა სახელწოდებით "ღმერთი", რომელიც მოგვიანებით დაბლოკეს. "მე, როგორც ღმერთს, მინდა, რომ თქვენ ყველამ ჩემს მონებად აღიაროთ თავი", - იყო მისი გზავნილი. მოგვიანებით პოლიციასთან საუბარში აღიარა, რომ ორი თვის წინ "გააცნობიერა თავი ღმერთად". "ზაფხულში კი ჩემში ურჩხულმა გაიღვიძა. შემძულდა ყველა. მანამდეც ყველა მძულდა, მაგრამ ახლა გამიძლიერდა ეს განცდა... პირველად ეს დედას ვუთხარი. თუმცა დედა არ მყავს, მე მას "თქვენობით" ველაპარაკები. ის დედაჩემი არ არის. მე ვერავის ვერ ვიტან. ყველაზე ვთქვი უარი. ის არის ქალი, რომელმაც გამაჩინა. მე დედა და მამა არ მყავს და ასე არც მიწოდებია არავისთვის", - თქვა მან დაკითხვის დროს.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.
3 წესი, თუ სკოლაში თავდამსხმელი შემოიჭრა