სოფო ავარიის სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია... საქართველოში უკვე აღარავის უკვირს ავარიები... სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვგებულობთ მორიგი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდობა ეწირება. მიზეზი ძირითადად ერთი და იგივეა - სიჩქარის გადაჭარბება და არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა... ის, რაც წესით მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და მკაცრადვე ისჯებოდეს და უკვე სრულიად საზოგადოება მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან, მაქსიმალურად გაამკაცრონ წესები და რაც კი შეუძლიათ, ყველაფერი იღონონ ამ უმართავი სიტუაციის აღსაკვეთად. რადგან მანქანების საჭეებთან მიმსხდარ უპასუხისმგებლო ადამიანებს არაფერი აღარ აკავებთ, არანაირი პასუხისმგებლობა, ვალდებულება თუ კიდევ ბევრი სხვა განცდა აღარ ამოძრავებთ გზაზე გამოსულებს და მართლაც სიკვდილის მანქანებად იქცნენ....
24 იანვარს კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა. თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა... თვითმხილველთა თქმით, ავარია "მერსედესის" მარკის ჯიპის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
გოგონა, რომელიც ამ ამბის სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია, 26 წლის სოფო ბერიძე აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა სოციალურ ქსელში:
"გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში - ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?"