თამუნა მუსერიძის ემოციური ვიდეომიმართვა მისთვის უცნობ ბიოლოგიურ დედას დაახლოებით ერთი თვის წინ გადაცემა "პროფილის" მეშვეობით თამუნა მუსერიძის შესახებ ისეთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელმაც ბევრი გააოცა.
თამუნამ თავად გადაწყვიტა მაყურებლისთვის მოეყოლა, რომ ადამიანები, რომლებმაც გაზარდეს, მისი ბიოლოგიური მშობლები არ ყოფილან. ამის შესახებ თამუნამაც აღმზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგო. მას შემდეგ, ბიოლოგიური დედის აქტიურ ძიებაშია..
დღეს, თამუნამ ფეისბუქზე ვიდეომიმართვა სახელწოდებით "გამარჯობა "დედა" გაავრცელა, რომელშიც ბიოლოგიურ დედას მადლობას უხდის იმისთვის, რომ გააჩინა, იმისთვის, რომ საშუალება მისცა კარგ ოჯახში აღზრდილიყო და სთხოვს, ანონიმურად მაინც დაუკავშირდეს, რათა გაიგოს ვინაა სინამდვილეში.
"გამარჯობა, მე ვარ თამუნა მუსერიძე, მაგრამ ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიური დედის ნახვა, არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომელიც დაახლოებით 10 თვეა არ მასვენებს. თითქმის ერთი თვეა, "პროფილი" ეთერში გავიდა და მართლა მქონდა იმედი, რომ ვიღაც მაინც გამომეხმაურებოდა, თუმცა საერთოდ არავის დაურეკავს, არავინ გამოჩენილა, არავის მოუწერია.
თუ შენ ახლა მიყურებ და ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია მშვიდად და ჩუმად გამომეხმაურო და მე პირობას გაძლევ, რომ პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნი და არავის არაფერს გავაგებინებ. აგრეთვე, გაძლევ პირობას, რომ არ გაგკიცხავ და არ გავბრაზდები. გაურკვევლობის, დაძაბულობის და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია მიხსნა, ისევე როგორც საკუთარი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან. ვეძებ იმას, ვინც იმალება, მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, კარგი ოჯახისთვის და დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ანონიმურად მაინც გამომეხმაურები".
თეკლა ჟვანია