"შევეცადოთ, ისეთ მღვდელთან მივიყვანოთ, სადაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენს შვილს ან ზოგადად მოსანათლ ჩვილს მღვდელი არაფერს ავნებს" ბოლო დროს ხშირად არის საუბრები იმაზე, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს ნათლობის რიტუალი, რა ასაკში ჯობს ბავშვის მონათვლა, ემბაზში ჯობს თუ მდინარეში და ა.შ. სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი ნათლობისას მღვდლების ბავშვებთან მოპყრობის წესიც... ამ და ნათლობასთნ დაკავშირებულ სხვა დეტალებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- რამდენად აუცილებელია ჩვილის ბოლომდე გაშიშვლება ან თავით ბოლომდე ჩაყვინთვა წყალში... რიტუალისთვის ეს აუცილებელია? მოზრდილებს ხომ მხოლოდ ფეხებს უშიშვლებენ და თავზე აპკურებენ წყალს…
- შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა - აღმოშობას, ქრისტესთან ერთად თანააღდგომას. სრული შთაფვლა განასახიერებს ხელახლა დაბადებას. წმინდა ოფონმა, რომელიც, თავის მხრივ, სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მოსანათლავებს, ეკლესიებში ემბაზები გააშენა იმის შიშით, რომ ლათინებს არ შეერყვნათ წესი ნათლისღებისა და ყრმათა ნათლობა სრული შთაფლვით ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმინდა მარკოზის ეკლესიაში. აუცილებელია ამ წესის გამოყენება. გაშიშვლება აუცილებელი არ არის, ჩვილებისა და ასაკოვნებისათვის სპეციალურად უნდა გვქონდეს შეკერილი თეთრი კვართი, რომლითაც მოხდება წყალში შთაფვლა (ამით იხსნება უხერხული მომენტები, ასაკოვანი კაცი ან ქალი გააშიშვლო ტაძარში, სრულიად მიუღებელია).
- უმეტესად ბავშვებს ჩვილობის ასაკში ნათლავენ. ამ დროს პატარა სხეული საკმაოდ ფაქიზია. სასულიერო პირი უნდა ითვალისწინებდეს თუ არა სიფრთხილის გარკვეულ ზომებს? ან შეიძლება ამ დროს შეიძლება მშობელმა ან ნათლიამ სთხოვოს, რომ დაიჭიროს სწორად, არ გადაუვარდეს თავი...
- ზომიერება ყოველ შემთხვევაში დასაცავია, ეკლესია თუ ენდობა პიროვნებას, რომ გახდეს მღვდელი, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მას შეცდომა არ მოუვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს უშეცდომობის გარანტიასაც. შევეცადოთ, ისეთ მღვდელთან მივიყვანოთ, სადაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენს შვილს ან ზოგადად მოსანათლ ჩვილს მღვდელი არაფერს ავნებს. შენიშვნა უფრო რადიკალური ფორმაა, სიყვარულით მივუთითოთ, რომ ჩვილი ფაქიზია.
ასევე იხილეთ: ნათლობის ცერემონია, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - "ის ბავშვებს ძალიან უხეშად ექცევა"
- საერთოდ, რელიგიური რიტუალის დროს უხეში ქცევა რაიმე დატვირთვის მატარებელი ხომ არ არის?
- ეკლესია ძალადობისა და სხეულის დაზიანების წინააღმდეგია, პირიქით: "რომელმაც ტაძარი ღვთისა განხრწნას, იგიცა განხრწნას ღმერთმა'' - გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
- ზოგიერთი სასულიერო პირი წყლით სავსე დიდ ემბაზში ნათლავს, ზოგიც - მდინარეში, ამას მნიშვნელობა აქვს?
- ორივე დაშვებულია ეკლესიის მიერ და მათ შორის რაიმე სხვაობა სულიერი ნიშნით არ გახლავთ, გარდა გარემოებისა.
თეა ცაგურიშვილი