ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
”მოვდიოდით ძალიან ნორმალურად, წესრიგიანად. ავარიის შემდეგ, როდესაც აზრზე მოვედი, მითხრეს, რომ მძღოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რა მოხდა რელაურად არ ვიცით”, - განუცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ”რუსთავი2”-ს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაბზონის საკონსულოში იმყოფებიან. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.
ტრაბზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.
”უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე, ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს, რომ ყველას ეძინა და არავინ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.
ინტერპრესნიუსი