შაშვები
შეესივნენ შავ თუთას შავბუმბულა შაშვები, შურდულებით დასდევენ აბეზარი ბავშვები. შეაკეთა შოთიკომ შარშანდელი შურდული, შოთაც აბეზარია, შაშვებს დასდევს ძუნძულით. - "ქშიი! ქშიი! შაშვებო, შიო უქშევს ხშირ-ხშირად, შოთა შეგახრამუნებთ, თუკი გამოგიჭირათ.
ქურდი მაჩვი
ხურმის ხეზე გამობმული ძაღლი ყანას დარაჯობდა, ძაღლი იყო ვებერთელა, ქართულ ნაგაზს რაღა სჯობდა. მთელი ღამე ყეფა-ყეფით, ძაღლი ჯაჭვზე თავს იხრჩობდა, თურმე მაჩვი შესჩვეოდა და სიმინდის ყანას სპობდა. პაპამ თოფი გატენა და სდარაჯობდა ერთი კვირა, მერე ხაფანგი დაუგო და ის ქურდი დაიჭირა. აჭყივლა და აჭყიპინა, წკეპლით ცუდი დღე აყარა, მცირე გოდრით წაიყვანა და ზოოპარკს ჩააბარა.
წყარო
პაპას ყანის ბოლოში წყარო მოედინება, კამკამა და ცივია, ყელი გაგეყინება. ბარდებსშუა ბილიკი ბნელია და გრძელია, მალვით მიდი-მოდიან მგელი, ტურა, მელია. წყარო ცხოველ-ფრინველის წყურვილისგან მხსნელია, ახლომახლო მცხოვრები ყველა მისი მსმელია. კლდეზე ბროლი იღვრება, ბარდნარში მირაკრაკებს, გულალალად მასპინძლობს მტრედებს, გვრიტებს და კაკაბებს. გაიგრილონ გულები გუგულებმა, შაშვებმა, ღმერთო, წყარო სიცოცხლის ნურასოდეს დაშრება.
***
მოდით, მალე მოფრინდით მოჭიკჭიკე მერცხლებო, მოდით, მალე მოფრინდით, მოეფერეთ ქართულ ცას ჟღურტულით და ფოფინით. ჩვენში გაზაფხულია, სიმწვანე და სინაზე, მგალობლები გალობენ. ოქროსფერი ბრწყინავს მზე. მხოლოდ თქვენ გვენატრებით, უფროსებს და ყმაწვილებს, მოდით და მოგაგებებთ ლამაზ მინდვრის ყვავილებს. ჩქარა, ჩქარა, ჭიკჭიკით და ჟღურტულით დაგვატკბეთ, სიყვარულით ნაშენი ბუდეები გაათბეთ. მერე გამთბარ ბუდეში ჩადეთ ჭრელი კვერცხები, გამრავლდით, რომ ქართულ ცას ამშვენებდნენ მერცხლები.
არასდროს ჩაინავლება
მითხარი დაო ნათია, ცაზე მზე როგორ ანთია, შიგ რომელ საწვავს ასხამენ, გაზი არის თუ ნავთია? მასე აღარ თქვა დედიკო, უფალი გიწყენს, ხატია, მზე უფლის ნაჩუქარია, კაცობრიობის ხატია. მზეა სიცოცხლის საწყისი, მზე მიწას ათბობს, წყალი რწყავს, მთას და ბარს მწვანით შემოსავს, ვარდ-ყვავილები ამოჰყავს. მზეა ჩიტების გალობა, აპრილის აბრიალება, მზე და სიცოცხლე დაიკო, არასდროს ჩაინავლება.
იები დედიკოს
ტყეში წავიდა მამიკო და წაიყვანა ია თან, გაიხარა და გალაღდა ია აპრილის ნიავთან. პატარა კონა შეკრიბა, ლამაზ, ლურჯთვალა იათა და გაზაფხული დედიკოს, იებთან ერთად მიართვა.
გაზაფხული ძალაშია
ღამე თბილია, დილით მზეა, ბუნებაში ზეიმია, მიწა გათბა, გუთნის დედას გუთნეული გაუბია. ყვავის ბაღი, სიხარულით კოკორს პირი დაუღია, გაზაფხულის მობრძანება, ფუტკარს სკაში გაუგია, ფუთფუთებენ, ფუსფუსებენ, გუნდი ბაღებს შესევია, ვარდის შტოზე შემომჯდარი ჩიტი გალობს - ტია-ტია, გაზაფხული ძალაშია, გაზაფხული ძალაშია.
ბატიბუტი
სიმინდი საბატიბუტე, ბლომად დავაბატიბუტეთ, გაყოფის დროს ვიბუტებით, ვიჩხუბეთ და გავიბუტეთ.
ჭრელი გოჭის სიმღერა
ჭრელა-ჭრულა გოჭი ვარ, საღორიდან მოვდივარ, მიყვარს წუმპე - ტალახი, მიწის ჩიჩქვნა, ბალახი. დებიც მყავს და ძმებიც მყავს, დედას ყველა უყვარვართ, დედიკო წინ მიგვიძღვის და გოჭები უკან ვართ. ისეთი მზრუნველია, მარტო არსად არ გვტოვებს, სადმე ჩრდილში დაწვება და ტკბილ ძუძუს გვაწოვებს. ისე გვიყვარს დედიკო, სულ თვალებში ვუყურებთ, სალაფავით გავძღებით, დავწვებით და ვღრუტუნებთ.
თონის პური
ჭახ, ჭუხ, ჭახ, ჭუხ, სათონეში თითქოს ვინმეს სილა გასცხო, თურმე ბებო ფიჩხს ამტვრევდა, პური უნდა გამოაცხოს. ტკაც, ტკუც, თონე ატკაცუნდა, მერე ცეცხლი აბრიალდა, ცოტა ხანში მთელ სოფელში პურის სუნი დატრიალდა. თითქოს სუნზე მოვიდნენო, ნინო, ნიკა, გოგა, ანა, ბებომ თითო ცხელი პური სახლში ყველას გაატანა.
თონის პურიწინდები
მართა ბებო მიყვარს მართლა გეფიცებით, ვამბობ მართალს, წინდები რომ მომიქსოვოს, ყოველ ზამთარს ძაფებს ართავს. ბებოც სიყვარულით მიქსოვს, თქვენ გგონიათ ქსოვის დრო აქვს? წინდები და ჩურჩხელები, ყოველ შემოდგომით მოაქვს. ბაზარშიც კი იყიდება აღასგვარი ჭრელი წინდა, მე ლოცვაში მოქსოვილი ბებოს ნახელავი მინდა.
ბუჭყეტა ბუ
ბნელა, ბნელა, ბუჭყეტა ბუ ბუჩქებს შორის ბორიალობს, ბარტყებისთვის საკვებს ეძებს, რაც დაბნელდა ასე წვალობს. ბუ ბაყაყებს, მინდვრის თაგვებს და ბაჭიებს ემტერება, აბა რა ქნას, - თუ ბუდეში ოთხი ბარტყი ელოდება? დედის გული ვერ გაუძლებს, რომ დატოვოს მთლად მშიერი, ოთხი თვალებდაჭყეტილი და პირღია ნაშიერი.
ნამცეცა ფეხბურთელი
გაიცანით ნეკოდენა ბავშვი ახალფეხადგმული, ვისაც დაბადების დღიდან დაჰყვა ბურთის სიყვარული. ბურთი უყვარს დემეტრუნას, როგვორც კაკალი წრუწუნას, თქვენ გგონიათ ხელით დააქვს? ფეხს ურტყამს და გოლი გააქვს. გოოლ! გოოლ! ყვირის ბავშვი, მოსწონს ფეხბურთის თამაში, სიხარულის ცრემლის ბრწყინავს დემეტრუნას პაპის თვალში.
ყურცქვიტები და მელაკუდა
ყურცქვიტებმა ყური ცქვიტეს, წუწკი მელა ეპარება, ჩუმათ, ფრთხილად, ნება-ნება, მაყვლის ბუჩქნარს ეფარება. ისე ფრთხილობს მელაკუდა, ლამის ნემსის ყუნწში ძვრება, რაღა დარჩა სამსხვერპლომდე, ცოტაცა და, დაახტება. მიეპარა გაიძვერა, ოსტატურად და ფარულად, მაგრამ ფრთხილი ბაჭიები, სამშვიდობოს გაპარულან.
თათული
- თათუ, რამდენი წლისა ხარ? ჰკითხეს ერთი წლის თათულის, საჩვენებელი გამართა, იცინის თითშემართული.
თხა და თხილი
თეთრ თხას თიხის თეთრი ჯამით, თხილი უდგას, გასკდა ჭამით, თქვენ გგონიათ ხელი ახლეს? თედო დასწვდა თხილის სახრეს, დამფრთხალმა თხამ თოხარიკით, თავი შეაფარა სათხეს.
შემოდგომა ტყეში
უჰ, როგორი სიუხვეა, ტყე სავსეა კენკრით, ხილით, ტყე-ბუჩქნარში ფრინველების ზეიმია ყოველ დილით. რას არ ნახავ ჩამწიფებულს, მაყვალს, ტყემალს, შვინდს, თუ ჟოლოს, მაჟალოს და პანტის სუნი, ტყეს გაჟღენთავს ამ თვის ბოლოს. ახოსპირში ალისფერი აბრიალდნენ ასკილები, ბილიკ-ბილიკ ბავშვებს მოაქვთ კალათები გავსილები.
პატარა კაცი
ცაში ღრუბლებს გაუმართავთ ჯირითი და მარულა, ხვავრიელი შემოდგომა ჩუმად შემოპარულა. პაპა რთვლისთვის ემზადება, ბებო ითვლის ვარიკებს, - შორს ნუ წახვალთ, გაწვიმდება, შვილიშვილებს გვარიგებს. ზვარში ვაზი გაზნექილა დამკრახული მტევნებით, იხეხება, ირეცხება დევისხელა ქვევრები. თბილ ქვეყნებში გაფრენილან წეროების გუნდები, მიხარია, მეც რომ მალე სკოლაში დავბრუნდები. ვიცი, ჩემი საქციელი პაპას მიაქვს გულამდე, კარგი სწავლით გავახარებ მომავალ ზაფხულამდე. შვიდი წლისა გავხდი უკვე ოცდა ხუთში მკათათვის, რა ხანია პაპაჩემი მე პატარა კაცად მთვლის. თოხი გამოაჭედვინა ჩემთვის მჭედელ ასალოს, გვერდში უნდა დამიყენოს და კაცობა მასწავლოს. პაპამ მითხრა: "შრომამ გვზარდა მე და ჩემი ძმებიო, ჰოდა, თუ არ იზარმაცებ, კაცად გაიზრდებიო".
მტირალა გელა
მთელ დღეს ზის და ტირის გელა, სახლში გააოცა ყველა, ცრემლებსა ღვრის ღაპაღუპით, წინსაფარი დაისველა. არაფერი არ აკლია, არც სცივა და არცა სცხელა, აქვს მრავალი სათამაშო: სპილო, მგელი, ვეფხვი, მელა, დასაქოქი თეთრი დათვი და მანქანა ვებერთელა. მამამ ჰკითხა: - რა გატირებს, რა გსურს, ჩემო ცუგრუმელა? - რა და, თამუნიას რომ აქვს, იმისთანა საქანელა. მოუტანეს, ჩამოუბეს, აქანავეს ნელა-ნელა, პაპამ უპასუხა: - აი, ასე, შენც გეშველა, ჩვენც გვეშველა.
ახალი წლის მოლოდინში
ზამთარია, ეს წელიც წარსულისკენ მიცოცავს, სულ მალე თოვლის პაპა ახალ წელს მოგვილოცავს. უღრან ტყეში ბაბუას, სასახლე აქვს ზღაპრული, ბავშვების სურათები კედლებზე აქვს გაკრული. როცა მოვენატრებით, სურათებს ეფერება, თოვლის პაპა ჩვენც გვიყვარს გრძელ-თეთრ-ფაფუკწვერება. სავსე ჭრელი ხურჯინით, პაპა მოდის იმ ტყიდან, მოგვესიყვარულება დათაფლული სიტყვითა. ბალიშის ქვეშ დაგვიწყობს წინდებს, ჩირებს, ჯანჯუხებს და კიდევ ერთ ახალწელს, ხელგაშლილად გვაჩუქებს. დღეს კაჭკაჭი მოფრინდა მახარობლად პირველი, გვითხრა: - "პაპას თან მოჰყავს ყველა ნადირ-ფრინველი. აუუ! რას გავიხარებთ! როგორ მოვეფერებით! მერე მოვრთავთ ნაძვის ხეს, ნაირ-ნაირ ფერებით. პაპას კოცნა-ალერსით, დავავიწყებთ სიბერეს, წრეში ერთად ჩავდგებით, ვიცეკვებთ და ვიმღერებთ.
*** ***
რა მშვენიერი დარია, აღარც წვიმს, აღარც ქარია, მურმანს, მაკას და მარიამს მინდვრისკენ მიუხარიათ. სიო მიუძღვის მეგზურად, მგზავრულს გალობენ ჩიტები, ესალმებიან გზადაგზა ზიზილას მარგალიტები. მიდიან, მიიმღერიან, თითქოს მზეც მათთვის ანათებს, მწიფე მარწყვები ელიან სიმღერით სავსე კალათებს. მარწყვი მწიფს, მწვანე მდელოზე წითლად ელავენ ლალები და ბავშვებს სიხარულისგან გაბრწყინებიათ თვალები. იჟრიამულეს ბავშვებმა, კრეფდნენ მარცვლებს და კუნწულებსმ ბუნების უხვი ნობათი სახლებში წააცუნცულეს.
ჭორიკანა მელა
წუწკმა მელამ ცრუპენტელამ, ვინც საქათმე მოინელა და კისერი გაისქელა, ტყეში ჭორი გაავრცელა, რითიც გააკვირვა ყველა. დადიოდა წკავწკავებდა: - ქათმის ფერმას უნდა შველა, კურდღელია შეჩვეული, ღამით ქურდობს, როცა ბნელა, გუშინ მამალი შეჭამა დიდი ინდაურის ხელა. ძაღლი მაინც დაუყენონ საბრალოებს ღამის მცველად. რა თქმა უნდა ტყეში ჭორი არავინ არ დაიჯერა, იცით, რატომ? - იციან რომ მელა არის გაიძვერა და თვითონ თუ დაავიწყდა, ნადირ-ფრინველს კარგად ახსოვს, რომ კურდღელი ქათმებს არ ჭამს და მინდორში ბალახსა ძოვს.
სამშობლოს საგალობელი
მზე გამოჩნდა, ცამ ღრუბლები ცხრა მთას იქით გადაყარა, ზურმუხტისფერ საძოვარზე მილივლივებს თეთრუ ფარა. მწყემსი ბიჭი უსასრულო, ლაჟვბარდისფერ ზეცას უმზერს და სამშობლოს საგალობელს არაკრაკებს სალამურზე. უმღერს ლაღად მამულ-დედულს, იალაღებს, ნაკადულებს და სიყვარულს გულისგულში ქართველურად აქართულებს: - ჩემო ზეცავ, ველ-მინდვრებო, მთებო დარდით დაღარულო, პატარა ვარ, როგორ გაგწვდე, როგორ მოგესიყვარულო. ცა იცინის, მზეც იცინის, კისკისებენ ყვავილები, საქართველოს სიყვარულით არასოდეს დავიღლები.
ქორწილი ტყეში
ტყეში ჟივილ-ხივილია მთა და ბარი აძლევს ბანს, ჩხიკვ ზაქარას ქორწილია, ცოლად ირთავს ქეთევანს. ეს ქორწილი თავის თვალით ნახა დიდმა ვაჟამა და იცოდა ვინ იმღერა, ვინ რა სვა და რა ჭამა. წყაროს წყალი მორაკრაკებს, ნაკადილი ლიკლიკებს, ცას ფრინველი შესევია, ცხოველები ბილიკებს. მოდიან და მოფრინავენ მორთულ-მოკაზმულები, უხარიათ, სიხარულით უფანცქალებთ გულები. საჩუქრები მოუტანა ყველამ ნეფე-დედოფალს და სუფრაზე სიუხვეა, ერთი კვირა ეყოფათ. გვირგვინები ადგათ თავზე ზაქარას და ქეთევანს, სიყვარული, სიხარული, გულში აღარ ეტევათ. ბიჭო გოგი, ბიჭო გოგი, სტუმრებს უხმობს გუგული, ლამაზ ნეფე-დედოფლისთვის ტკბილად გალობს ბულბული. თამადაა ფრთამაგარი მთების შვილი არწივი, თაგვს კაკლები მიაწოდა, მგელს ღომი და საცივი. ქორწილია, ქორწილია! ყვირის დათვი ბაჯბაჯა, საცეკვაოდ გადავიდა, ტურებს გადაალაჯა. უფროსებმა მოილხინეს, იმღერეს და იცეკვეს, ლეკვებმა და ბაჭიებმა ითამაშეს იცელქეს. ისმის მრავალჟამიერი და ქუხილი ვაშასი, ამ არაკთან ერთად ცოცხლობს სული დიდი ვაჟასი.
თოვლი
მეძინა და პაპაჩემმა უთენია წამომაგდო, - წუხელ მთელი ღამე თოვდა, ნახე, რამოდენა დადო! რა ხანია არ მინახავს ასე მსხვილი ფიფქის ცვენა, ამ თოვლმა და ამ ზამთარმა სიყმაწვილე გამახსენა. მოფარფატე ფანტელებმა ყველაფერი გადაპენტა, ეს ციური სიქათქათე ასე დიდ ხანს დარჩეს ნეტა. პაპამ ციგა გამიმზადა, ბებომ თბილი სამოსელი, ვისაუზმე, ჩავიფუთნე, ციგას წამოვავლე ხელი, სიხარულის ყიჟინაა, ყველა გამოსულა გარეთ, თოვლის პაპას გავაკეთებთ, ვიგუნდავებთ, ვიციგავებთ.