ნოდარ დუმბაძის ლექსები
ნოდარ დუმბაძის ლექსები

ავტობიოგრაფია

დედიკო მყავს სტუდენტი,
მამა - არქიტექტორი,
ბებო თვალის ექიმი,
ბაბუა კი - ლექტორი.
მიყვარს ბევრი ძილი და
უფრო ბევრი თამაში.
ჯერჯერობით ვერვინ მჯობს
ტირილსა და ჭამაში.
სახლი მიდგას ვერაზე,
ნომერი აქვს წაშლილი,
თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:
ლევან მაჭარაშვილი.

ავადმყოფი

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.

გაზაფხულო, ლამაზო

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო?
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

დათუნია

გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ. . .
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი,
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.

ვარადა, ბიჭო, ვარადა

ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა.
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები
მთელი კარადა.
კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა,
ნოდარი მქვია სახელად,
თოფურიძე ვარ გვარადა.

ლიმონათი

დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი,
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთი ჭიქა ლიმონათი.
რამდენ წამალს ვსამ და ვყლაპავ
მისი ეშხით,მისი ხათრით,
თქვენ არიცით, რა კარგია
გაზიანი ლიმონათი.

მამალი

როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-
ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.-
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.

მანანა და ლალი

ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
რაო, ჩემო მანანა?
ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
როგორც ვხედავ, ქალბატონო
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!

მელადაქათამი

მელიამ უთხრა ქათამსო:
- რომ შეაბერდი მამალსო,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
თვალ-მარგალიტით აგავსო.-
ქათამმა უთხრა:-მელაო,
მე შენთვის არა მცხელაო,
სულ ერთი წუთი მაცალე,
გამოვაღვიძებ მურასო
და იმას ელაპარაკე,
თუ თავზე ქუდი გხურავსო.

სათვალე

ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვეღარც ჩვენი თემური,
სათვალეა ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.

ქეთინო

დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს:- მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო,ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს.
ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს;
თუ გინდათ,რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს

ხანძრობანა

ხანძრობანას თამაში
შეიძლება თავლაში?!
ქალბატონო ასმათი,
დაუმალეთ ასანთი!
ნოდარიკო თავბუა,
ნუ აწვალებ ბაბუას!
ტყავს გაგაძრობ, ყაჩაღო,
ცეცხლი რომ გააჩაღო!
80055
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
3
Dზალიან მაგარი ლექსებია შAბავშვი
22:36 / 16-04-2019
Mari
4
Dზალიან მაგარი ლექსებია შAბავშვი
22:36 / 16-04-2019