ფეხმძიმობის მეათე კვირა
ახლა უკვე შეგვიძლია მოგილოცოთ, ფეხმძიმობის მეოთხედი, აგრეთვე ნაყოფის ზრდისა და განვითარების კრიტიკული პერიოდი უკვე უკან მოიტოვეთ.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მარწყვი
პატარას წონაა:
5 გრამი;
პატარას სიგრძეა
3-3,5 სმ.
ნუ მოდუნდებით, წინ კიდევ 30 კვირა გელით, რომელიც სასიხარულოსთან ერთად შეიძლება უსიამოვნო სიურპიზებით იყოს აღსავსე.
რა ხდება ფეხმძიმობის მეათე კვირაში?
ფეხმძიმობის მეათე კვირას სრულდება მნიშვნელოვანი ეტაპი ბავშვის განვითარებაში, მნიშვნელოვანი ორგანოების ჩამოყალიბება. რომლებზეც გავლენას იქონიებს სტრესი, გადაძაბვა, დედის მავნე ჩვევები და გაცივება. პლაცენტა სრულად ჩამოყალიბებულია და დაიცავს პატარას გარეგანი ზემოქმედებებისგან.
რას ჰგავს პატარა 10 კვირის ფეხმძიმობისას?
მარწყვივით პატარა გყავთ. შეგიძლიათ დაინახოთ მისი თვალები, მაგრამ ისინი ჯერ დახუჭულია. ამ პერიოდიდან პატარას უკვე შეუძლია ყლაპვა. მისი კუჭ-ნაწლავის სისტემა უკვე ჩამოყალიბდა და კუჭმა ჩვეული მდგომარეობა მიიღო. პატარას გულისცემა წუთში 160-170 დარტყმას აკეთებს. სხვათა შორის, პატარა გრძნობს დედის განწყობას და თავისებურად, მოძრაობებით რეაგირებს. ასე რომ, ეცადეთ, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე; მეტი დადებითი ემოციები იყოს თქვენს ცხოვრებაში. უსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ კარგ ფილმებს და იარეთ თეატრში, გამოფენებზე.
რა ხდება ფეხმძიმობის მეათე კვირაში?
ახლა უკვე შეამჩნევთ ოდნავ მომრგვალებულ მუცელს. საყვარელი, მომდგარი შარვალი უკვე ცოტათი მოგიჭერთ. მუცელზე, სახესა და მკერდზე თმა ამოგივიდათ? ეს ჰორმონ პროგესტერონის `ცელქობის~ შედეგია. ნუ იდარდებთ, არასასურველი თმა მშობიარობიდან ორ-სამ თვეში მოგცილდებათ, როცა ჰორმონალური ფონი დარეგულირდება.
მეათე კვირის რჩევა
თუ დაარეგულირეთ კვების რეჟიმი, თუ აკონტროლებთ ემოციებს, მაგრამ თავის ტკივილი არ გასვენებთ, ეს შაკიკია, რომელიც მომავალი დედების 15 პროცენტს აწუხებს. აბების დალევას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, თავის ტკივილი კონტრასტული კომპრესით მოირჩინოთ. ამისთვის თავზე დაიდეთ ცივი და თბილი საფენი. ყოველ 30 წამში, 10 წუთის განმავლობაში. ხოლო თუ განერვიულდით, კეფაზე 20 წამით ნაჭერმოხვეული ყინული მიიდეთ.