ფეხმძიმობის ოცდამეცხრე კვირა
თუ სამსახურში საქმეები არ დაგისრულებიათ, ფეხმძიმობის ოცდამეცხრე კვირაში უნდა დაასრულოთ: ეს თქვენი ბოლო სამუშაო კვირა უნდა იყოს დეკრეტული შვებულების აღების წინ.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მოზრდილი ყაბაყი:
პატარას წონაა:
1 კილო და 200 გრამი;
პატარას სიგრძეა:
36 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეცხრე კვირაში?
გაზრდილი საშვილოსნო შინაგან ორგანოებს აწვება. ამის გამო შეიძლება მცირე დისკომფორტს გრძნობდეთ: სუნთქვა გიძნელდებათ, ხშირად დარბიხართ საპირფარეშოში, შეიძლება უძილობა დაგეწყოთ. თუ უძილობა ხუთ ღამეზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს. თუმცა, მოერიდეთ წამლების დალევას და უძილობას ებრძოლეთ გვირილისა და პიტნის ჩაით. ძილის წინ მიირთვით თბილი კაკაო ან ცხელი რძე თაფლთან ერთად.
რას ემსგავსება პატარა ოცდამეცხრე კვირის ფეხმძიმობისას?
მოზრდილ ყაბაყს დამსგავსებული თქვენი პატარა უკვე 1200 გრამს იწონის და სიგრძეში 36 სმ-ია. იგი აქტიურად ემზადება დაბადებისთვის. შეუძლია საკუთარი სხეულის ტემპერატურის კონტროლი. ფილტვები საკმარისად განუვითარდა. ძვლის ტვინიც ჩაერთო მუშაობაში. პაწაწუნას უკვე თმა ეზრდება. ლოყები საგრძნობლად მოუმრგვალდა. კანქვეშა ცხიმი უკვე შეივსო, რაც დაბადების შემდეგ ტემპერატურის ცვალებადობისგან დაიცავს და ენერგიასაც მისცემს. გარდა ამისა, ბავშვს უკვე ყნოსვა უყალიბდება: დედის სხეულის სუნი არაფერში აერევა. მისთვის ყველაზე სასიამოვნო თქვენი რძის, ხელებისა და თმის სუნია.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეცხრე კვირაში?
საკუთარი სხეული შეიძლება უშველებელი და მძიმედ მოგეჩვენოთ. გაზრდილი მუცლის გამოც განიცდით დისკომფორტს. წელი გეღლებათ. თუ დასვენების შემდეგაც თავს დაღლილად გრძნობთ, ჰემოგლობინზე ჩააბარეთ ანალიზი, შეიძლება ანემიის ნიშნები აღმოგაჩნდეთ.
ოცდამეცხრე კვირის რჩევა
აკონტროლეთ გამონადენი. ნორმალურს არა აქვს უსიამოვნო სუნი და მკვეთრი შეფერილობა. თუ შეამჩნევთ, რომ გამონადენს სუნი გაუჩნდა და წითელი, ბორდოსფერი შეფერილობა მიიღო, სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს. ეს შეიძლება პლაცენტის აშრევებაზე მიუთითებდეს.