mshoblebi
ფეხმძიმობის ოცდამეთხუთმეტე კვირა
მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი შეგრძნებების მიმართ. თუ რაღაც არ მოგწონთ ან გეუცნაურათ, გადადეთ შოპინგი ან მეგობრებთან შეხვედრა მეორე დღისთვის.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მზესუმზირის ყვავილი:
პატარას წონაა:
2 კილო და 400 გრამი;
პატარას სიგრძეა:
47 სმ.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთხუთმეტე კვირაში?
საშვილოსნო იმდენად გადიდებულია, რომ აწვება ფილტვებს, კუჭს და სხვა ორგანოებს. ცოტაც უნდა მოითმინოთ და ამ კვირის ბოლოდან ბავშვი დაბლა დაიწყებეს
დაწევას და ცოტათი შვებას იგრძნობთ. იმის გამო, რომ პატარა აქტიურად იზრდება, მას მეტი კალციუმი სჭირდება. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით: ყველი, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ხაჭო.

როგორ იცვლება პატარა ოცდამეთხუთმეტე კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენმა პატარამ ამ კვირაში სიგრძეში 3 სმ მოიმატა. გრძელდება კანქვეშა ცხიმის დაგროვება. ამ კვირაში ის მხრებქვეშ გროვდება, რის გამოც პატარას მხრები უმრგვალდება. უკვე ჩამოუყალიბდა ფრჩხილები. ნაწლავებში დაგროვებას იწყებს მეკონიუმი - ახალშობილის პირველი განავალი, რომელიც ორგანიზმიდან ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში გამოიყოფა.
ფეხმძიმობის ოცდამეთხუთმეტე კვირაში პატარა საბოლოოდ იღებს ახალშობილის პოზას. ამაზეა დამოკიდებული როგორ ჩაივლის თქვენი მშობიარობა. თუ პატარა არა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია (თავით დაბლა), შეიძლება საკეისრო კვეთა დაგჭირდეთ. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების საქციელის წინასწარ განსაზღვრა
შეუძლებელია და მან შეიძლება სწორედ დაბადების წინ იცვალოს პოზა. ასე, რომ ჯერ სანერვიულო არაფერი გაქვთ.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთხუთმეტე კვირაში?
ოცდამეთხუთმე კვირის ფეხმძიმობისას პატარა სრულიად მზადაა დაბადებისა და ცხოვრების მუცელს მიღმა გასაგრძელებლად. ზოგჯერ პატარები ჩქარობენ და ამ კვირაშიც იბადებიან. თუ დედების ასეთ რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ ინერვიულებთ.
თუ პერიოდულად წარმოიშვება ტკივილი წელის არეში, თუ გაგიხშირდათ გამონადენი და მუცელი თითქოს გაგიქვავდათ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ოცდამეთხუთმეტე კვირის რჩევა
თუ სამშობიაროში წასაღები ნივთები ჯერ არ ჩაგილაგებიათ, დროა, ამ კვირაში მოიცალოთ. უმჯობესია, სამი ჩანთა მოამზადოთ: ერთში საკუთარი ნივთები ჩაალაგეთ, მეორეში _ პატარის, მესამეში, აუცილებელი მედიკამენტები. ჩანთები გამოსაჩენ ადგილზე დაალაგეთ. გვერწმუნეთ, როცა მშობიარობა დაგეწყებათ, ნივთების ჩასალაგებლად აღარ გეცლებათ.








20704
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```