ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება ოჯახთან ერთად დასვენების საკითხი. ქვემოთ მოცემულია ის რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პატარების უსაფრთხო დასვენებისთვის:
მოახდინეთ გაუწყლოების პრევენცია - გარემოს ტემპერატურის მატებასთან ერთად, ორგანიზმიდან ოფლის სახით სითბოს გაცემა მატულობს. ამიტომ, ბავშვს აუცილებლად უნდა მისცეთ სითხის გაზრდილი რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება. არ დატოვოთ ბავშვი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივად. დაიცავით ჰიგიენა - ინფექციების თავიდან აცილების მიზნით პატარას ხშირად დაბანეთ ხელები. საკვებად ყოველთვის ხარისხიანი, ახალი და კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული გამოიყენეთ. წყალი უნდა იყოს აუცილებლად სუფთა. საეჭვო წყალი გადაადუღეთ. მოერიდეთ დაბინძურებულ ადგილებს - იმის გამო, რომ ზაფხულში მატულობს მიწასთან კონტაქტი, ხშირდება ჰელმინთებით, ანუ ჭიებით ხშირი დასნებოვნებაც. არ აბანაოთ ბავშვი უცნობ წყალსატევში, ის შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური აგენტით, ან ჰელმინთით (ჭიით) დაბინძურებული აღმოჩნდეს. აკონტროლეთ საკვები პროდუქტები - მოხმარების წინ ხორცეული, რძე და კვერცხი თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს, რათა გამოირიცხოს მთელი რიგი სერიოზული ინფექციური სნეულებების გადატანა, მათ შორის სალმონელოზის, რომელიც მძიმე დიარეით მიმდინარეობს. ამავე მიზეზის გამო ნუ მისცემთ ბავშვს თოხლოდ მოხარშულ კვერცხს. ყურადღება მიაქციეთ საკვები პროდუქტების შენახვის წესებს - მალფუჭებადი პროდუქტები: ხორცეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ნამცხვრები აუცლებლად შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 8 გრადუს ტემპერატურისა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ცხოველებთან - ზაფხულში მატულობს ბავშვის ცხოველებთან კონტაქტის ალბათობა. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ცხოველმა დაკბინა, ან დაკაწრა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.