მშიერ ბიჭუნას დედ-მამა აიძულებდა ეყურებინა, როგორ ვახშმობდნენ თვითონ - სისასტიკე "სამაგალითო" ოჯახებში
მშიერ ბიჭუნას დედ-მამა აიძულებდა ეყურებინა, როგორ ვახშმობდნენ თვითონ - სისასტიკე "სამაგალითო" ოჯახებში
სოციალურ სამსახურში თავისი ფეხით მივიდა. გაუბედავად მოძრაობდა, დაჯდომა დიდხანს ვერ მოეფიქრებინა. ვერც ხელებს უხერხებდა რამეს, მოყოლაც გაუბედავად დაიწყო. ისე ჩუმად ლაპარაკობდა, სოციალურმა მუშაკმა სთხოვა, ცოტა ხმას აუწიეო.
- მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი, - შესთავაზა ფსიქოლოგმა - რა გქვია?
- დიმიტრი.
- რამდენი წლის ხარ?
- თოთხმეტის.
გარეგნულად ამდენს ვერ მისცემდი. პატარა და სიფრიფანა ბიჭი იყო, ტანსაცმელი გამხდარ სხეულზე სასაცილოდ ეკიდა.
- აბა, რისი კითხვა გინდოდა?
- როგორ მოვიქცე, რომ დედამ სახლში შემიშვას?
- დედა სახლში არ გიშვებს?
- კი. თუმცა როცა მაგვიანდება...
და დიმიტრიმ დაწვრილებით უამბო
ფსიქოლოგს, თუ როგორ უკეტავდა დედა სახლის კარს, თუნდაც ერთი წუთი თუ გადააცილებდა დათქმულ დროს. ის კარს უკან იდგა და ეუბნებოდა, იქ წადი, საიდანაც მოდიხარო.
- ხშირად იგვიანებ სახლში?
- არც ისე, მაგრამ თუ საათმა აურია...
- რომელ საათზე უნდა იყო სახლში?
- საღამოს ცხრაზე. თუ ცხრა საათსა და ერთ წუთზე მივედი, აღარ შემიშვებს. გასაღებს არ მაძლევენ, რომ მეგობრები არ მივიყვანო.
- ბევრჯერ მიგიყვანია მეგობრები?
- არც ერთხელ. დედა სულ სახლშია, ამიტომ არ მიმყავს არავინ. დედა ცუდადაა, ავადმყოფობს.

...ფსიქოლოგი ბიჭს ათვალიერებს. ვერ იტყვი, რომ უპატრონოა. პირიქით, საკმაოდ მოვლილი ბავშვია. სუფთად და აკურატულად გამოიყურება, ნორმალურად
აცვია, მაგრამ ისე დაფეთებული იყურება და არაბუნებრივად ჩუმად ლაპარაკობს, რომ ცხადია, რაღაც რიგზე ვერ არის.
- იცი რა, რჩევა რომ მოგცე, ამისათვის ჯერ უნდა გავიგო რა ხდება, რატომ არ გიშვებს დედა სახლში. უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება?
ბიჭი ჯიუტად აქნევს თავს:
- არაფრის მოყოლა არ მინდა. მარტო რჩევა გთხოვეთ.
- როგორც ვხედავ, ლაპარაკის გუნებაზე არ ხარ. როცა უფრო მეტს მიამბობ, დახმარებასაც მაშინ შევძლებ. ჩაის დალევ?
- დავლევ... თუ შეიძლება.
ქალმა ნამცხვარი და შოკოლადი მიაწოდა ბიჭს, თან მის ჭამის მანერას აკვირდებოდა. რამდენ ღატაკ ოჯახის შვილს გაუვლია მის ხელში, მაგრამ დიმიტრის ჭამა მას არ მოეწონა. ასე ჭამენ რამდენიმე დღის ნაშიმშილარი ბავშვები.
- დიმიტრი, შეგიძლია აქ დარჩე. ხელს არ შემიშლი.
- არა, არა, გმადლობთ. გაკვეთილები მაქვს მოსამზადებელი. თორემ... - ბიჭი უცებ გაჩუმდა, თითქოს შეეშინდა, რამე არ წამოცდენოდა, - წავედი.

ასე დაიწყო მათი მეგობრობა. ბიჭი თითქმის ყოველდღე მიდიოდა. დღითიდღე მეტს ყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ.
- მსჯის... როგორ გითხრათ... ერთხელ გაკვეთილებს ვამზადებდი და დედას დახმარება ვთხოვე... არ მახსოვს იმ ნივთს რა ჰქვია... მერე დამეძინა.
- როგორ დაგეძინა, აკი გაკვეთილებს ვამზადებდიო?
- მმმ.. არა, უცებ დავიძინე... რომ გამეღვიძა, ხელები სულ ლურჯი მქონდა, დედა ოთახში აღარ იყო.
ფსიქოლოგის საქმიანობაში, ჩემი აზრით, ყველაზე რთული ის არის, რომ საკუთარი ემოცია არ უნდა "გასცე". ანუ მშვიდად უნდა მოისმინო ამბავი, როცა დედა შვილს სცემს, ის გონებას კარგავს და დალურჯებული იღვიძებს.
- რომ გაგეღვიძა, დედა წასული დაგხვდა?
- არა, მეორე ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მერე გული ამერია და ანერვიულდა. მერე მამამ თქვა, რომ ჩემი ბრალია, დედას რომ გული ტკივა.

რამდენიმე დღის ურთიერთობის შემდეგ ფსიქოლოგმა უკვე იცოდა, როგორ სჯიდნენ ბიჭს სახლში. მას არ აჭმევდნენ, თან, არა მარტო არ აჭმევდნენ, აიძულებდნენ ეყურებინა, როგორ ვახშმობდნენ მშობლები. სკოლაშიც ვერ იყიდიდა საჭმელს, იმიტომ რომ ფულს არ აძლევდნენ. ადრე ეს სასჯელი იყო, ახლა ჩვევაში გადაუვიდათ. და დიმიტრიმ ფულის "აღება" დაიწყო.

- პირველად ჩემს კლასელს მოვპარე ჩანთიდან. ეს ორი წლის წინ იყო... მას მერე ბევრჯერ გამომიჭირეს. ახლაც ზოგიერთი კლასელი არ მელაპარაკება.
როცა მშობლები სკოლაში დაიბარეს, დიმიტრი სახლიდან წავიდა. მთელი დღე ქუჩა-ქუჩა იარა. გაყინული სახლში რომ მივიდა, აღარ შეუშვეს. ორი დღე მეზობელთან ეძინა.
ფსიქოლოგი თავად მივიდა იმ ოჯახში, რომელმაც ბიჭი შეიფარა.
- მასორი დღეს არაფერი უჭამია. ხედავს, ღარიბად რომ ვცხოვრობთ და ერიდება. მეორე დღეს წვნიანი ძალით ვაჭამე, - ყვება ბიჭის მეზობელი, ხუთი შვილის დედა, - საწყალი ბიჭი.

და ამ დროს რას აკეთებდნენ დიმიტრის მშობლები? გგონიათ, დაფეთებულნი დარბოდნენ და შვილს ეძებდნენ? არაფერი მსგავსი, ღელვის ნიშანწყალიც არ დასტყობიათ.

როგორ ფიქრობთ, დიმიტრი როგორ ოჯახში იზრდებოდა. ლოთების, ნარკომანების, ასოციალური პიროვნებების გვერდით? მის მშობლებთან შეხვედრა ქალმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლო...
- რა გნებავთ?
- თქვენთან შეხვედრა მინდა.
- რატომ? ნუ ერევით ჩვენს საქმეში, თავად ვიცით, შვილი როგორ აღვზარდოთ. ჩვენზე ნუ ღელავთ. ავადმყოფი ცოლი მყავს. ვინ მოგცათ ჩემი ნომერი, დიმამ?
- არა, თანამშრომელმა. თქვენთან შეხვედრა მინდა.
- არა, - თქვა და ყურმილი დაკიდა.

დიმიტრის მამა შეძლებული ბიზნესმენი აღმოჩნდა, დედას ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. ორი წლის წინ მდიდრული ბინა შეიძინეს ქალაქის ცენტრში, მდიდრული რემონტით, დახვეწილი ავეჯითა და ინტერიერით. "დასაზვერად" უბნის ინსპექტორი მივუჩინეთ. მანაც "დაზვერა" და მოგვახსენა: "ნორმალური ოჯახია. ვიტყოდი, სამაგალითოც. კულტურული და განათლებული ხალხია".
ამ კულტურულმა და "სამაგალითო" ხალხმა შვილისთვის ახალი საწამებელი მოიგონა - მამამ "300 სპარტელს" უყურა და გადაწყვიტა, რომ ბიჭმა ლოგინში კი არა, იატაკზე უნდა დაიძინოს.
- მამას უნდა, რომ ძლიერი ვიყო...

...იცით რა არის ამ ისტორიაში ყველაზე შემზარავი? ის კი არა, წარმატებული და კულტურული იმიჯის მქონე მშობლები მანიაკალური სისატიკით რომ უსწორდებიან ბავშვს, ან ის, რომ ეს არანორმალური სისასტიკე აღზრდა ჰგონიათ... ყველაზე საშინელი ის არის, რომ დიმიტრის უყვარს თავისი მშობლები და ფიქრობს, რომ თვითონ იქცევა ცუდად. მან უკვე შეითვისა მსხვერპლის ფსიქოლოგია, ეგუება ასეთ ცხოვრებას და მშობლებისგან წამოსვლაც არ სურს.
- რას ამბობთ, არაფერს არ დავწერ... დედა მიყვარს... ავადაა დედა... მასზე ცუდს არაფერს დავწერ, ძალიან მიყვარს.
დიმიტრი ყოველდღე მიდის სოციალურ სამსახურში, საუბრობს, იცინის კიდეც და მერე ჩქარობს, შინ მიიჩქარის, თავის მდიდრულ ბინაში, სადაც დაგვიანების შემთხვევაში არ შეუშვებენ. ის, ვინც კარს უკეტავს, უყვარს და არ უნდა, რომ აწყენინოს. მშობლებს ყველაფერს პატიობს და ისევ მათთან ცხოვრება სურს...

***
სამწუხაროდ, ამ დროისთვის არავითარი კანონიერი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბიჭის მშობლებს პასუხი მოსთხოვონ ან ნორმალურად მოპყრობა აიძულონ.
18878
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
მიმა
0
მაპატიეთ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს ამბავი თქვენი შეთხზულია. არადამაჯერებლადაა დაწერილი.
17:44 / 23-01-2016
deda
0
Nutu arsebobs aseti sulieri matze mshobelic ar unda itqvas.chemi shvilebis cida sixarulistvis yiraze vdgebi autanels vitan da arc vanaxeb verc grdznoben arvici ram gadaajisha es xalxi sacidavi bavshvi
14:01 / 23-01-2016

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?