როგორც ამბობს, თემა, რომლის შესახებ საუბარიც გაუჩერებლად შეუძლია, წიგნებია. ახსოვს, რომელი წიგნით მოიხიბლა პირველად; ისიც ახსოვს, პირველად რომელი წიგნი წაიკითხა დამოუკიდებლად. დაიწყო და დაიწყო... დაუსრულებელი მოგზაურობა წიგნების სამყაროში. დათო ტურაშვილი ამ ინტერვიუში თავისი ბავშვობის და წიგნის სიყვარულის შესახებ გვესაუბრა.
საკმაოდ დიდი ხნის მერე კი აღმოვაჩინე, რომ სკოლა თურმე ძველბერძნულად გასართობ ადგილს ნიშნავს და ფინური სკოლის წარმატების საიდუმლოც ამოვხსენი - ფინელ ბავშვებს სულ თამაშ-თამაშ, გართობა-ხალისობის გზით ასწავლიან.
მარიამ ტურძილაძე
როგორი ბავშვი იყავით, შეკითხვების დასმა თუ გიყვარდათ?
ბავშვობაში საკმაოდ ცელქი ვიყავი და უკუღმართს მეძახდნენ სახლშიც და რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე რომ მართლა უკუღმა, ფეხებით ვარ დაბადებული. ამიტომაც სახლში არ უკვირდათ ჩემი გაუთავებელი შეკითხვები ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მაინტერესებდა. თუმცა გარეთაც ბევრს ვაწუხებდი კითხვებით და მათ შორის მასწავლებლებსაც. მასწავლებლები კი, ძალიან ხშირად, ცელქ ბავშვებს სწორედ იმ ფრაზით მიმართვდნენ ხოლმე, რომელიც კარგად მახსოვს: თქვენ აქ გასართობად კი არ ხართო.
საკმაოდ დიდი ხნის მერე კი აღმოვაჩინე რომ სკოლა თურმე ძველბერძნულად გასართობ ადგილს ნიშნავს და ფინური სკოლის წარმატების საიდუმლოც ამოვხსენი - ფინელ ბავშვებს სულ თამაშ-თამაშ, გართობა-ხალისობის გზით ასწავლიან
რა იყო პირველი წიგნი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კითხვა შეგაყვარათ?
პირველი წიგნი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, იყო ასტრიდ ლინდგრენის "მაწანწალა რასმუსი". ეს წიგნი მამაჩემმა წამიკითხა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კითხვა, მაგრამ მახსოვს, რომ სწორედ ამ წიგნის გამო მომინდა ასოების შესწავლა. ის საღამოც მახსოვს, როცა კითხვა ვისწავლე. ხოლო პირველი დიდი წიგნი, რომელიც მე თვითონ წავიკითხე, იყო მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" და მერე არც გავჩერებულვარ.
ყველაზე ბევრჯერ რა გაქვთ წაკითხული?
"ვეფხისტყაოსანი". როცა სადმე მივფრინავ, ყოველთვის თან მიმაქვს 1966 წლის ჩემი საყვარელი გამოცემა ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით.
თუ გიფიქრიათ იმაზე, ახლა რომ იყოთ ბავშვი, რა დაგაინტერესებდათ, რა მოგეწონებოდათ და რა - არა?
ახლაც, როგორც ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფერი საინტერესოა მოდის, ჯიპებისა და იარაღის გარდა - ამიტომაც ყველაფერს წავიკითხავდი, რაც შემხვდებოდა.
მშობლები ხშირად წუწუნებენ, რომ ბავშვებს კითხვა ვერ შეაყვარეს. ალბათ, ხშირად გეკითხებიან, როგორ შეძლონ ეს.
ვეთანხმები მშობლებს რომ ზოგჯერ რთულია ბავშვს შეაყვარო კითხვა საყოველთაო კომპიუტერიზაციის პირობებში, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ ოჯახში, სადაც პატარა ხშირად ხედავს დედას და მამას წიგნით ხელში, მეტი შანსია, რომ ბავშვს წიგნის კითხვა პატარაობიდანვე შეუყვარდეს.
როგორი მამაა დათო ტურაშვილი?
ვერ გეტყვით, როგორი მამა ვარ. ალბათ ჩემს შვილებს უნდა ჰკითხოთ.
თქვენი აზრით, ახალ თაობას თუ უყვარს კითხვა?
ზოგჯერ უფროსები აკრიტიკებენ ახალ თაობას (კითხვა არ უყვართო) და იმიტომ ბრაზობენ, რომ სურთ ახალგაზრდებმაც ის წიგნები იკითხონ, რასაც თვითონ კითხულობდნენ. სინამდვილეში კი ახალგაზრდები ბევრს კითხულობენ, ოღონდ სულ სხვა წიგნებს და აქ გასაბრაზებელი არაფერია, რადგან ახალ თაობას სხვა გემოვნება და ინტერესები აქვთ და იკითხონ, რაც უნდათ, ოღონდ სულ იკითხონ...