წმინდა მამების ბრძნული რჩევები თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით
გაიხსენე, რამდენი რამ გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი - როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, ღამეებს თეთრად გითევდა, რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს სარჩენად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო მშობლებს იმისთვის, რაც შენთვის გააკეთეს.
მშობლების მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ სასარგებლოცაა. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია მისი გახანგრძლივება, რადგან მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6,2).
შვილებო, გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას.
***
საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს, საკუთარი დედ-მამის ძაგება - საკუთარი თავის ძაგებას.
***
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები.
***
ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის.
***
ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები მოგექცნენ.
***
როდესაც დედა შვილს შობს, ჯერ სამყაროს ადამიანს ჩუქნის, შემდეგ კი ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს.
***
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".
***
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თავიანთი შვილების ცოდვებისთვისაც დაისჯებიან, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
***
საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.
წმინდა იოანე ოქროპირი
შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი არა, საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა დაუტოვე; არა ოქრო, არამედ პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ მეცნიერება, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების უნარი; არა ცნობილი, არამედ კეთილი მეგობრები.
იხილეთ მეტი