იქნებ, ჩემმა სათამაშოებმა ასწავლოს მათ... ერთხელ ერთ სოფელში ერთი მოხუცი ბრძენი დასახლდა. ძალიან უყვარდა ბავშვები და მათთან ბევრ დროს ატარებდა. მათთვის საჩუქრების მირთმევაც უყვარდა, მაგრამ ძალიან ნაზ და სათუთ ნივთებს ჩუქნიდა. როგორ არ ცდილობდნენ ბავშვები, ფრთხილად მოკიდებოდნენ საჩუქრებს, მაგრამ ახალი სათამაშოები ხშირად ტყდებოდა. ბავშვები წუხდნენ და ტიროდნენ.
გადიოდა დრო. ბრძენი ისევ ჩუქნიდა სათამაშოებს, მაგრამ კიდევ უფრო სათუთს.
ერთხელ მშობლებმა ვერ მოითმინეს და ჰკითხეს:
- შენ ბრძენი ხარ, ჩვენი შვილებისთვის მხოლოდ სიკეთე გსურს. მაგრამ რატომ ჩუქნი ასეთ სათამაშოებს? როგორც შეუძლიათ, ცდილობენ, მაგრამ მაინც ემტვრევათ და ტირიან. არადა, ისეთი მშვენიერი სათამაშოებია, შეუძლებელია, არ ითამაშონ.
- გავა სულ რამდენიმე წელი, - გაეღიმა მოხუცს, - და ვიღაც მათ გულს აჩუქებს. იქნებ, ჩემმა სათამაშოებმა ასწავლოს მათ, მომავალში ამ ძვირფას საჩუქარს როგორ მოეპყრონ, ოდნავ მაინც მეტი სიფრთხილით.