"ნათელ ბავშვს ნათელი დედ-მამა სჭირდება" - რატომ არიან განსხვავებულები თანამედროვე ბავშვები და როგორ უნდა მოვეპყრათ მათ
"ნათელ ბავშვს ნათელი დედ-მამა სჭირდება" - რატომ არიან განსხვავებულები თანამედროვე ბავშვები და როგორ უნდა მოვეპყრათ მათ
ახალი თაობა

წარსული საუკუნის 60-70-იან წლებში მსოფლიო ალაპარაკდა აქსელერატ ბავშვებზე: იბადებოდნენ ბავშვები, რომელთა ზომა და წონა ბევრად აღემატებოდა ბუნებრივ ნორმას, ისინი სწრაფად ვითარდებოდნენ ფიზიკურად, ადრე მწიფდებოდნენ ბიოლოგიურად. ეს მედიცინის მუშაკებმა შენიშნეს.
ფსიქოლოგებმა კი დაადასტურეს, რომ ბავშვები გონებრივადაც სწრაფად ვითარდებოდნენ: ექვსი-შვიდი წლის აქსელერატი ბავშვები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით დიდად აღემატებოდნენ წინა დროის თანატოლებს.
მეცნიერებმა ვერ შეძლეს აქსელერაციის ფაქტის ახსნა, უბრალოდ რაღაც ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს მიაწერეს. მაშინ არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ამ
თაობას თავისი დანიშნულება ჰქონდა: მას ძლიერი ბიძგი უნდა მიეცა კაცობრიობის ცივილიზებული განვითარებისათვის და ადამიანთა ყოფისათვის სახე შეეცვალა. მატერიალისტურ აზროვნებას მთლიანად სამყაროზე და, კერძოდ, ბავშვებზე არ შეეძლო იმის წარმოდგენაც, რომ ბავშვთა ახალ თაობას თავისი დანიშნულება მოჰქონდა, რომ თაობა თავისი მისიით, თავისიგზით მოევლინა კაცობრიობას. წლები გავიდა. აქსელერატი ბავშვები გაიზარდნენ, ისინი 20, 30, 40 წლისანი გახდნენ. ბევრმა თავის ხელში აიღო მართვის საჭე და თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების თვალწინ და, საერთოდ, "ძველი" თაობის გასაკვირად თავისი ნების დამკვიდრება დაიწყო.

ჩვენ რისი მოწმენი გავხდით?
დავინახეთ, რომ შეიცვალა მსოფლიოს საზოგადოების ცხოვრების ბევრი საფუძველი, შეიცვალა ბევრი სახელმწიფოს ცხოვრების წესი. მოხდა უნიტარული სახელმწიფოს დემონტაჟი, გარდაიქმნა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. ადამიანთა ცხოვრებაში დამკვიდრდა კომპიუტერი,
ინტერნეტი, ელექტრონული კავშირი, ორბიტაზე გაიყვანეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები. ყველაფერი ეს ყოფილმა აქსელერატმა ბავშვებმა დაამკვიდრეს.
ისინი იბადებოდნენ 50-60-იან წლებში თანდაყოლილი მისიით: თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში, 70-90-იან წლებში, სახე ეცვალათ პლანეტის ცივილიზაციისათვის. მათ ეს მისია რეალობად აქციეს. მოჰქონდათ აგრეთვე სულიერ-ზნეობრივ ფასეულობათა განვითარების იმპულსიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იმპულსი უფრო სუსტი იყო, ვიდრე მატერიალური ყოფის გარდაქმნის მოთხოვნილება. ალბათ, არც საზოგადოება იყო მზად ამაღლებული სულიერი იდეალების დასამკვიდრებლად. სულიერმა დაქვეითებამ გამოიწვია ადრე უცნობი ავადმყოფობანი, ომები, ერთაშორისი და სხვა სახის შეტაკებანი. კერძო მესაკუთრული ჟინი, კულტურულ ფასეულობათა გაუფასურება.
"ძველი" თაობა ძლივს უწყობს ფეხს ყოფილი აქსელერატი ბავშვების ძლიერ წინსვლას.

თავის დროზე ჩვენ ბოლომდე ვერ ამოვიცანით აქსელერატ ბავშვთა მისია. ჩვენ მხოლოდ აღტაცებაში მოვყავდით აქსელერატ ბავშვთა კუნთოვან სხეულს და სწრაფ ზრდას, რამაც საშუალება არ მოგვცა ისე აღგვეზარდა და გაგვევითარებინა ისინი, რომ მათ სრულად გამოევლინებინათ და დაემკვიდრებინათ საკუთარი შესაძლებლობანი.
თაობა თავისი მისწრაფებებით იყო ახალი, პედაგოგიკა კი, რომლითაც ჩვენ მას შევხვდით, აღმოჩნდა ძველი. ჩვენ არ გავისარჯეთ გავრკვეულიყავით ამ სახიფათო შეუსაბამობაში. ამიტომ აქსელერატი ბავშვებისაგან წამოიზარდნენ არა მხოლოდ ისეთები, რომლებმაც საზოგადოების ცხოვრება განავითარეს, არამედ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი ნიჭი საზოგადოების საზიანოდ გამოიყენეს.


altუნდა იწერებოდეს თუ არა სკოლაში ნიშნები - შალვა ამონაშვილის პასუხი



ახლა კი, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ახალი თაობის ძლიერი ნაკადი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. დამკირვებლები ასაბუთებენ, რომ ეს თაობა განსაკუთრებულია, მისი დანიშნულება უფრო ამაღლებულია, ვიდრე ყველა ადრინდელი თაობისა. იგი მკვეთრად განსხვავებული იქნება თაობათაგან, რომლებიც ამჟამად დედამიწაზე ცხოვრობენ.
ბრძენი ადამიანები განგვიმართავენ ამ განსხვავებას.

თანამედროვე თაობათათვის მთავარი მისწრაფება მატერიალურ ქონებაშია: ჰქონდეს ნივთი, ჰქონდეს საკუთრება.
ახალი და მომდევნო თაობებისთვის კი მთავარი იქნება – განვითარდეს და სრულყოფილი გახდეს.
ჩვენ გვეუბნებიან: თქვენ ამჟამად ცდილობთ დაეუფლოთ ნივთს, საგნებს, რომლებიც სასურველად გეჩვენებათ, მაგრამ ნივთების ქონა დროებითია, ილუზორულია. უნდა ეცადოთ განივითაროთ ისეთი თვისებები, რომლებიც რეალურიც არის და არც არასოდეს დაგეკარგებათ.
თანამედროვე თაობების დიდი ნაწილი გადასულია გამორჩენასა და მიტაცებაზე.
ახალი და მომდევნო თაობებისთვის კი მთავარი იქნება: გასცეს უშურველად, გულუხვად.
ჩვენ გვეუბნებიან: თანამედროვე ადამიანები ესწრაფვიან მიიღონ რაც შეიძლება მეტი მოგება, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, დაეუფლონ მაღალ თანამდებობებსა და ძალაუფლებას, დააგროვონ კერძო საკუთრება, განიცადონ პირადი სიამოვნება. გაცემას კი უყურებენ როგორც მსხვერპლს და ამასაც აკეთებენ იმის იმედით, რომ სამაგიეროდ რაღაცას მიიღებენ. ახალი თაობა კი გაცემას ცხოვრების ნორმად გაიხდის, გაცემა მას სიხარულს მიანიჭებს.
თანამედროვე თაობათა ლოზუნგია შეჯიბრება.

ახალ თაობათა ლოზუნგი იქნება თანამშრომლობა და კოოპერაცია.
ჩვენ განგვიმარტავენ: ამჟამად მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს მოუწოდებენ, რომ აჯობონ სხვებს, წინ გაუსწრონ, აჯობონ სწავლასა და სპორტში, არავის არაფერში დაუდონ ტოლი. იფიქრონ საკუთარ წინსვლასა და მდგომარეობაზე. ახალი თაობანი კი დაამკვიდრებენ ცხოვრების ახალ აზრს: ითანამშრომლონ საერთო კეთილდღეობისათვის, თითოეულმა იღვაწოს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ყველას.
თანამედროვე თაობანი არ ერიდებიან ბუნების ხელყოფას.

ახალი თაობანი ითანამშრომლებენ ბუნებასთან, მის ძალებთან.
ჩვენ გვეუბნებიან: ადამიანებმა თავიანთი მავნე მოქმედებებით განიყენეს ბუნების ძალები; სწორედ ამის გამოა, რომ დედამიწას არყევს მიწისძვრები, ციკლონები, წყალდიდობები, ცეცხლოვანი სტიქიები, სითბოსა და სიცივის უჩვეულო ცვალებადობა.
ახალი თაობები ითანამშრომლებენ ბუნების ძალებთან, იზრუნებენ ბუნების დაცვასა და განვითარებაზე. ისინი ბუნებაში და საკუთარ შესაძლებლობებში აღმოაჩენენ უდიდეს ძალებს, რომლებიც ამჟამად დაფარული და უცნობია ადამიანებისათვის, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან მათი გონივრული გამოყენებისათვის.
თანამედროვე თაობების სიამაყეა, რომ ფლობს მეცნიერულ ცოდნას.

ახალი თაობები კი განადიდებენ სიბრძნეს.
განმარტება: მეცნიერებას საქმე აქვს გარეგან მხარეებთან, ეს კი აყოვნებს საგანთა და მოვლენათა არსის შეცნობას. სიბრძნის გზა კი შებრუნებულია: არსის წვდომის საფუძველზე გამოვლენათა შესწავლა და ახსნა. არსში ერთიანი ცხოვრებაა, იგი ბუნების ყველა ფენომენში ვლინდება. თუ ადამიანი თავისი სრულყოფილი სიწმიდით ამას გაიცნობიერებს, მაშინ ყველაფრის მიზეზს ამოიცნობს, კითხვებზე "როგორ?" და "რატომ?" ამომწურავ პასუხს მიიღებს.
თანამედროვე თაობანი ინტელექტუალური ძალებით მართავენ საკუთარ ცხოვრებას.
მომავალი თაობანი კი ცხოვრებაში ინტუიციით იხელმძღვანელებენ.
ჩვენ გვეუბნებიან: ინტელექტი, როგორც წესი, ენდობა და ემყარება შთაბეჭდილებებს, რომელსაც ღებულობს ტვინი გარე სამყაროდან. შემეცნების ორგანოები კი, რომელთა მეშვეობით სამყაროზე წარმოდგენა გვექმნება, არასრულყოფილი ინსტრუმენტებია. ინტუიცია კი შიგნიდან, არსიდან მოქმედებს. მას შეუძლია შინაგანი ბუნება სრულყოფილად შეიცნოს, ხოლო, როცა შინაგანი ბუნება შეცნობილია, ცოდნაც სამყაროს შესახებ სრულყოფილი და ჭეშმარიტი ხდება.
თანამედროვე თაობებმა თავიანთ ირგვლივ მახინჯ ფორმათა გარემო შექმნეს.
ახალი თაობანი ესთეტიკურ გარემოში იცხოვრებენ.

ჩვენ გვეუბნებიან: ამჟამად ადამიანები სილამაზეს მისი იშვიათობითა და ღირებულებით აფასებენ. საგნებს, რომლებიც ლამაზად მიგვაჩნია, ადამიანები ზედაც არ შეხედავდნენ, თუ ისინი იაფი ეღირებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ადამიანთა არჩევანი მათი პირადი სიამოვნების გამოხატულებაა და არა ჭეშმარიტების აღმოჩენა.
ახალი თაობებისათვის ხელოვნება მშვენიერის, მათი შინაგანი სიწმიდისგამოვლენა იქნება, მათში სულის სიმშვენიერე გადააჭარბებს გრძნობათა სიმშვენიერეს. სულის სილამაზე გამოხატულებას ჰპოვებს შინაარსსა და ფორმაში, ჰარმონიულ რიტმულ მოძრაობებში, სასიამოვნო მელოდიურ ხმებში და თავაზიან მიმართვებში. შინაგანი სიმშვენიერე გარეგან სიმშვენიერეშიც აისახება და დამკვიდრდება.
თანამედროვე თაობებს წელში ხრის არსებული გარემოს სიმძიმე. მომავალი თაობანი წელში გამართულნი, თავაწეულნი წმიდა სიხარულით სავსე, ნათელს მოჰფენენ ირგვლივ.
ჩვენ მოგვიწოდებენ: ნუ ხართ საკუთარი შეჭირვების მიზეზი, მოეშვით საკუთარ სურვილთა აყოლას და გამოათავისუფლეთ თქვენი ბრწყინვალე უზენაესი _ "მე", გააძლიერეთ იგი თქვენში; თქვენი უზენაესი "მე" დაამკვიდრებს თქვენში ჭეშმარიტ სიხარულსა და ბედნიერებას.
თანამედროვე თაობა გათიშულობით ცხოვრობს. ახალი თაობანი ერთიანობისა და ერთსულოვნების კანონს დაამკვიდრებენ.
ამჟამად ყოველი ადამიანი იმით ამაყობს, რაც მხოლოდ მას აქვს: ნიჭი, რელიგიური რწმენა, პოლიტიკური თვალსაზრისი, ძლიერი მატერიალური შესაძლებლობანი.
ახალი თაობები ჰპოვებენ გამაერთიანებელ გზებსა და ძალებს. ყოველი ადამიანი ჩაწვდება თავის არსს, თავის მე-ს, რომლის ცხოვრება უფლის ნებითაა გაპირობებული. მიხვდება, რომ მისი ინტერესები განუყოფელია სხვათა ინტერესებისაგან.
თანამედროვე თაობანი შეზღუდულნი არიან.
ახლები კი თავისუფლებას დაიმკვიდრებენ.


altმომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო - შალვა ამონაშვილის უცნობი ცხოვრება



ჩვენ განგვიმარტავენ: თანამედროვე კაცობრიობა შებოჭილია ფიზიკური, მატერიალური ფორმებით. სიყვარულისა და მეგობრობის ვითარებაშიც კი ადამიანები მატერიალური მისწრაფებებით არიან დამძიმებულნი. ახალ თაობებს კი კარგად ეცოდინება ყველა მოვლენის სულიერი საფუძველი, ისინი ანგარიშს გაუწევენ იმას, რაც მარადიულია. ამიტომ ისინი თავისუფალნი იქნებიან ყველანაირი მაცდური დამოკიდებულებისაგან და არც იმის შიში ექნებათ, რომ რამეს დაკარგავენ.
ჩვენ გვეუბნებიან: გაიგეთ, რომ მთელი სამყარო თქვენშია და თქვენ განუყოფელნი ხართ ყველაფრისაგან, რაც თქვენ ირგვლივაცაა: ცა, დედამიწა, ოკეანეები, მწერები, ცხოველები, ფრინველები, ჰაერი, მცენარეები, კოსმოსი, ღმერთი. გაიგეთ, ბოლოსდაბოლოს, რომ თქვენ უკვდავნი ხართ, ყოველთვის იყავით და იქნებით.
ჩვენ გვარწმუნებენ: ახალი თაობა უკვე მოდის, ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუმზადოთ გზა. ახალი თაობის ბავშვები ელიან, რომ შევთავაზებთ ჩასახვისათვის ჩვენს სუფთა სხეულებს, ვიქნებით ღირსეული მშობლები, გავზრდით კეთილშობილურობით აღსავსე გარემოში და გულწრფელ სიყვარულში. ჩვენ თავადაც შეგვიძლია გავხდეთ ახალი თაობის წარმომადგენლები, თუკი ჩვენი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების სრულყოფილებაზე ვიზრუნებთ.
ნათელი ბავშვები უკვე იბადებიან.
ისინი არ გვეუბნებიან, რომ ნათელი ბავშვები არიან. მაგრამ ჩვენთვისვე უმჯობესი იქნება, თუ საკუთარ შვილს ნათელი თაობების ბავშვთა წარმომადგენლად მივიღებთ და იქვე გავაფრთხილებთ საკუთარ თავს: ნათელ ბავშვს ნათელი დედ-მამა სჭირდება.
ახალი თაობის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამ თაობის ბავშვები საგრძნობლად განსხვავდებიან ჩვენი თაობის ბავშვებისაგან. ნათელი ბავშვებს სხვა სახელებითაც ახსენებენ: ინდიგო ბავშვები (ინდიგო იის ფერის აღმნიშვნელია. ვისაც აქვს უნარი ადამიანის გამოსხივება დაინახოს, ამტკიცებს, რომ ახალი თაობის ბავშვებს სწორედ იისფერი გამოსხივება აქვთ, რაც ადრე შენიშნული არ ყოფილა), კრისტალური ბავშვები, ვარსკვლავის ბავშვები, უჩვეულო შესაძლებლობათა ბავშვები და სხვა.

ამბობენ, რომ ნათელმა ბავშვთა თაობამ წარსული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე დაიწყო მოსვლა და დღეისათვის მათი რაოდენობა 90%-ს აჭარბებს.
ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ბავშვები მომავლიდან არიან გამოგზავნილები, რათა დაგვეხმარონ გავხდეთ სრულყოფილნი. კაცობრიობის ბედი მათ ხელშია. მათში ბევრია სიბრძნე, ისინი გრძნობენ საკუთარი სულის სიბრძნეს.
ისინი ახალი საზოგადოების მაუწყებელნი არიან, ცხოვრების წესებს განაახლებენ.
მათი ცნობიერება გაფართოებულია, კოსმოსურია, ახალი იდეებით მოდიან, საკუთარ თავშში დარწმუნებულნი არიან. გულღია თაობა მოდის. ვერ ეგუებიან, მტკივნეულად განიცდიან უხეშობასა და ძალადობას.
უფროსთა თვითნებობა თრგუნავს მათ თავისუფალ ბუნებას. მათთვის ყოვლად აუტანელია გარემო, სადაც ადამიანთა ინტელექტუალური დონე დაბალია. განსაკუთრებით მომაბეზრებელია სკოლაში ყოფნა.
ბევრისთვის გაუსაძლისია საოჯახო გაუგებრობები, საზოგადოების გულგრილობა, ძნელია იმ გარემოში ყოფნა, სადაც მათი არ ესმით. ავტორიტარულ ურთიერთობებში ეს ბავშვები იჩაგრებიან, სულიერად ავადდებიან, თავის თავში იკეტებიან, არღვევენ წესრიგს ან თავს იკლავენ. უფრო სწორად, ნათლის ბავშვები გაუხეშებულ გარემოში უფრო სუსტნი და დაუცველნი არიან, ვიდრე წინა დროის მათივე თანატოლები.

თანამედროვე ბავშვთა თაობა – ნათლის თაობაა, ახალი თაობაა, პედაგოგიკა კი, რომლითაც მათ აღზრდას ვაპირებთ, ძველია, ავტორიტარულია, ძალისმიერია. ჩვენ ერთხელ უკვე შეგვეშალა, როცა აქსელერატი ბავშვები მოგვევლინენ; ჩვენმა ავტორიტარულმა აღზრდამ და განათლებამ საშუალება არ მისცა ბევრ მათგანს სრულად გამოევლინებინა საკუთარი შესაძლებლობანი. ჩვენ ისინი დავღუპეთ. ნუთუ კვლავ გავიმეორებთ წარსულის მწარე გაკვეთილებს და ხელს შევუშლით
ნათლის ბავშვებს დაამკვიდრონ იმგვარი ცხოვრება, რისთვისაც ისინი მოწოდებულნი არიან?
თანამედროვე ნათელ ბავშვებს სიყვარულის, სიკეთის პედაგოგიკა სჭირდებათ. ასეთი პედაგოგიკა კლასიკურ მემკვიდრეობაშია ფესვგადგმული, მას დღეს ჰუმანური პედაგოგიკის სახელწოდებით იცნობენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დახმარების, თანაგრძნობის, გაგების, გულმოწყალების, სიხარულის, სულიერების, დაცვის პრინციპებსა და მეთოდებს. ნათელ ბავშვებთან ბრძნული პედაგოგიკით უნდა მივიდეთ, მათთან სულიერი ერთობა აღზრდისა და განათლების საფუძვლად უნდა გავიხადოთ.

შალვა ამონაშვილი, "აღზრდის სიმფონია"
8406
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქეთი
0
მართლაც, რა საინტერესოა! ახალი თაობა... ინდიგო ბავშვები! ყოვლად ბრძენია უფალი და ახლაა სწორედ მათი დროც... მაგრამ ჩვენ ამ დახავსებულ - დაჭაობებულ რეალობაი მყოფნი შევძლებთ კი გავუგოთ მათ, მივცეთ ასპარეზი, დავეხმაროთ და თავადაც გავიზარდოთ? დღევანდელი ავტორიტატული მშობლები, სიხარბისა და დიდი ფულის გამო სახედაკარგული ადამიანები (ხელისუფლებისა და მსხვილი ბიზნესმენების სახით) შამას როგორ მოახერხებენ? ალათ ისევ ღვთის ძალით ,თორემ დღეს მეცნიერება და ინტელექტი ისეთი გაკოტრებულია! ხოლო ის,რაც ჭეშმარიტია, არასოდეს გაკოტრდება,პირიქით, ძლიერდება და მილიონებს აიყოლიებს!
09:18 / 03-10-2018
.
3
Am axal taobas zdis tanamedrove taoba.. Arnaxuli gvarzlt shurit zizgit ampartavnebit gajgentili momaali Modis..
15:17 / 29-09-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?