ტუჩები რომ ლამაზი გქონდეთ, თქვით მხოლოდ კეთილი სიტყვები. მოხდენილად და წელგამართულმა რომ იაროთ, გახსოვდეთ, რომ არასდროს ხართ მარტო. მას არასდროს მიაჩნდა თავი ხატებად და მისაბაძად, თუმცაღა მილიონები ოცნებობდნენ მისი სტილის გამეორებას.
ინგლისელი ბიზნესმენისა და ჰოლანდიელი ბარონესას ქალიშვილს ომით შეპყრობილ ევროპაში შიმშილობის პერიოდში მოუწია ცხოვრება, რასაც კინაღამ შეეწირა კიდეც. შიმშილობისგან ოდრის ანემია, რესპირატორული სისტემის დაავადებები დაემართა, რაც შემდგომ წლებშიც ხშირად ახსენებდა თავს. თუმცა არასდროს ეპუებოდა დაავადებებს.
"იუნისეფში" მუშაობის პერიოდში ძალას არასდროს იშურებდა და ცუდად ყოფნის დროსაც კი დადიოდა მოშიმშილე ქვეყნებში, რომ ბავშვებს დახმარებოდა. ბოლო ასეთი მგზავრობა სომალისა და კენიაში მისთვის სავალალოდ დასრულდა - მუცლის ძლიერ ტკივილს ყურადღება არ მიაქცია დამაინც გაემგზავრა. იქ კი ცუდად გახდა. შინ დააბრუნეს და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს. სავარაუდოდ, იმავე ბავშვობის დროინდელი შიმშილობის შედეგი...
უკანასკნელი შობა თავის ორ ვაჟთან ერთად გაატარა და მერე თქვა, რომ ეს მისი ყველაზე ბედნიერი შობა იყო. 1993 წლის 20 იანვარს 63 წლისა გარდაიცვალა, ისეთივე ლამაზი და დახვეწილი, როგორც ყოველთვის.
სწორედ ამ სილამაზით, ნიჭითა და ხიბლით დაიპყრო ჰოლივუდი, ამასთან ერთად - მთელი პლანეტის მაყურებელიც. იუბერ დე ჟივანშის საყვარელი მუზა და მოდელი სტილის ნამდვილ დედოფლად იქცა. იმავდროულად მრავალი წელი ეწეოდა ქველმოქმედებას, ღატაკ და მოშიმშილე ბავშვებს ეხმარებოდა აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, გულის ამოძახილით გახდა უნისეფის კეთილი ნების ელჩი. "ამ სამუშაომ განმაცდევინა საუკეთესო, რაც კი იყო ჩემს ცხოვრებაში", - აღიარებდა სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა მსოფლიოს წამყვანი მსახიობის კარიერა მიატოვა. მისი სტილი იყო არა მხოლოდ სილამაზე და დახვეწილობა, არამედ ჭკუა, სიკეთე და გულწრფელობა - ასე ამბობდა ყველა, ვინც მას პირადად იცნობდა. გთავაზობთ ოდრის ციტატებს, რომელთაგან ბევრი უფრო რჩევაა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.
მე მჯერა, რომ სიცილი ყველაზე უკეთ წვავს კალორიებს. მჯერა კოცნის - მრავალი კოცნის. მე მჯერა, რომ უნდა იყო ძლიერი, როცა გგონია, რომ ყველაფერი ცუდადაა. მჯერა, რომ ხვალ ახალი დღე დადგება, მჯერა სასწაულის. არასდროს მინდოდა მარტოობა, მაგრამ ხშირად მდომებია, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ. ინტრავერტი ვარ... მე დავიბადე სინაზისა და სიყვარულის საოცარი წყურვილით, ასევე უდიდესი სურვილით, რომ გამეცა ეს გრძნობები. თუ დაგჭირდება დახმარების ხელი, ის ყოველთვის შენთან იქნება - ეს შენი საკუთარი ხელია. როცა იზრდები, ხვდები, რომ ორი ხელი გაქვს - ერთი, რომ საკუთარ თავს დაეხმარო, მეორე - რომ სხვებს გაუნაწილო. გასცე, ნიშნავს - იცხოვრო. თუ შეწყვეტ გაცემას, მაშინ არც ღირს არაფრისთვის ცხოვრება. ჩემი ყველაზე მთავარი გამარჯვება ის იყო, რომ ვისწავლე მიმეღო საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, ჩემი ყველა ნაკლოვანებით... სულაც არ ვგავარ იმას, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ არც ისე ცუდი ვარ, ბოლოს და ბოლოს. მოდით ვაღიაროთ: გემრიელმა შოკოლადის ტორტმა ბევრი კარგი რამ გააკეთა უამრავი ადამიანისთვის - მათ შორის ჩემთვისაც. ადამიანზე გაცილებით მეტს შეიტყობთ იმის მიხედვით, თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით, თუ რას ამბობენ სხვები მასზე.
სინამდვილეში ყველაზე მთავარია უბრალოება და სიმართლე. მათი სიმულირება შეუძლებელია - ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ფულს თავისთავად არავინ გაუბედნიერებია, მაგრამ მე ის ყოველთვის მანიჭებდა უსაფრთხოების განცდას, რომელიც ბედნიერებაში მეხმარებოდა. ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც მაცინებენ. ვფიქრობ, რომ სიცილი ყველაზე მეტად მიყვარს. ეს უნარი უამრავ დაავადებას კურნავს. შეიძლება, ეს ყველაზე მთავარიც კია ადამიანში. თვალები რომ ლამაზი გქონდეთ, ადამიანებში მხოლოდ კარგი ეძებეთ. ტუჩები რომ ლამაზი გქონდეთ, თქვით მხოლოდ კეთილი სიტყვები. მოხდენილად და წელგამართულმა რომ იაროთ, გახსოვდეთ, რომ არასდროს ხართ მარტო. გინდათ, კარგი სხეული გქონდეთ? გაუნაწილეთ თქვენი სადილი მას, ვინც მშიერია. ლამაზი თმა რომ გქონდეთ, დაე პატარა ბავშვმა მასში ყოველდღე ათათუნოს ხელები. ქალის სილამაზე არ არის სახის ნაკვთებში, ქალის ჭეშმარიტი სილამაზე მისი სულის ანარეკლია. ეს არის ზრუნვა და სიყვარული, რომელსაც ის გასცემს, ეს ვნებაა, რომელიც მისგან გამოსჭვივის.