ვინ გვითხრა, რომ თითქოს დასჯა აღზრდის საუკეთესო მეთოდიაო, რომელიც ცხოვრებამ და საუკუნეებმა გამოსცადეს?
გვითხრა იმან, ვისაც არ სჯერა კეთილი საწყისებისა ბავშვში, არამედ სჯერა, რომ მასში იმთავითვე ბოროტი საწყისია. ვინც შეეზარდა ავტორიტარიზმს, გაიხადა იგი თავის პედაგოგიურ ხასიათად.
ერთ რუსულ "ანბანის" სახელმძღვანელოში, რომელიც 1679 წელს გამოიცა, ვნახულობთ გრძელ ლექსებს, რომლებიც ქებას უძღვნიან არა ბავშვს, არამედ დასჯის ინსტრუმენტებს. მათში ბავშვი თავიდანვე დამნაშავეა: მას არ მოუნდება სწავლა და აღზრდა, თუ არ ვაიძულებთ. ამიტომაც - გაუმარჯოს დასჯას, იგი გონზე მოიყვანს მას.
მოვიტანთ ერთ-ერთი ლექსის თავისუფალ თარგმანს:
"თუ გინდა, რომ შვილი კეთილგონიერი გახდეს, მაშინ განუწყვეტლივ შრომაში იყოლიე; დროდადრო საჭიროა ჭრილობებიც იწვნიოს, რადგან მათ გარეშე ბავშვები წესრიგს დაარღვევენ. პატარას როზგი, დიდს კომბალი მოუხდება, კვერთხი კი მოზრდილს, თანაც პურის ნაჭერზე იყოლიე. ეს იარაღი სულელებს გონზე მოიყვანს, თუმცა სხეულს ოდნავ ჭრილობებს მიაყენებს. როზგი გონებას უმახვილებს, მეხსიერებას აღაგზნებს, ბოროტ ნებას სიკეთისკენ გადმოხრის... კოცნეთ როზგი, ლოკეთ კომბალი და კვერთხი, ეს გზა უწყინარია, ნუ დაწყევლით მას, კოცნეთ ხელებიც, რომლებმაც წყლულები მოგაყენეს, რადგან თქვენთვის მათ ბოროტება კი არა, სიკეთე უნდათ".
ვინმე გვეტყვის: "ეს უკვე ნამეტანია! ასეთ დასჯაზე როდია დღეს საუბარი!"
მაშ, როგორზე?
ბავშვების ფიზიკური დასჯა დღეს ბევრ ოჯახში ნორმად იქცა.
შეურაცხყოფა, დამცირება, აკრძალვა, დაშინება, ყვირილი, რისხვა, შიში, დასჯა... ყოველივე ამას პატივს მიაგებს ბევრი მშობელი თავის აღმზრდელობით "შემოქმედებაში". გამოიყენება დასჯის კიდევ უფრო უხეში საშუალებები, რომლებსაც ვერაფერს უწოდებ, თუ არა მშობლის ბოროტებას საკუთარი შვილის მიმართ.
როგორიღაა ასეთი დასჯის შედეგი?
აღმზრდელობით ეფექტს ჩვენ აქ ვერანაირს ვერ მოვძებნით. ეს არქაული მეთოდი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ განაწყობს ბავშვს ჩვენს წინააღმდეგ. იგი იწყებს თავდაცვის ხერხების ძიებას, ასეთები კი მისთვის შეიძლება გახდეს: სიცრუე და გაიძვერობა, უხეშობა, უტიფრობა, განკერძოება, კარჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა, და არა მხოლოდ ეს.
უკონფლიქტო აღმზრდელობითი პროცესი ჯერჯერობით არავის მოუფიქრებია. ჰუმანური პედაგოგიკის პირობებშიც კი ჩნდება სხვადასხვა სახის კონფლიქტი და სირთულეები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვენ. საქმე იმას კი არ ეხება, რომ ბავშვის აღზრდაში არანაირი კონფლიქტი არ შეგვექმნას. დაე, იყოს ეს კონფლიქტები. მაგრამ აზრი იმაშია, როგორ და ვის სასარგებლოდ გადავწყვეტთ მათ. ჩვენთვის ხომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქმედებაში ხდებოდეს ბავშვის სულიერი სამყაროს კვება საუკეთესო გამოცდილებით. მაგრამ როგორი იქნება ეს კვება, თუ ბავშვს თავს დაატყდება ჩვენი რისხვა, ჩვენი გაღიზიანება? ზემოქმედების რა ხერხებს დავუწყებთ ძებნას ჩვენი მრისხანების დროს? ალბათ ისეთებს, რომლებიც "გააგებინებენ" ბავშვს, თუ ვინაა სახლში უფროსი და ვის ხელთაა ხელისუფლება, ვის ხელთაა იგი თავად.
ერთი სიტყვით, კონფლიქტები იქნება, მაგრამ გადავწყვიტოთ ისინი ბავშვის სასარგებლოდ. სასარგებლოდ - არა იმ თვალსაზრისით, რომ ის გვაჯობებს ჩვენ, "თავზე დაგვაჯდება", არამედ იმ აზრით, რომ მისი სულიერი სამყარო მიიღებს მიმართულებას კეთილგონიერებისა და კეთილშობილებისაკენ.
რას გავაკეთებთ ჩვენ?
ჩვენ ხომ მშობლები ვართ, ესე იგი დაინტერესებულნი ვართ ჩვენი შვილის აზღრდით. ამიტომ გვესმის, რომ კონფლიქტის გადაჭრა (იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვისთანაა კონფლიქტში: ჩვენ ბავშვთა თუ იგი ჩვენთან) სამართლიანია არა მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ, ან ჩვენს შორის მშვიდობა და თანხმობა დამყარდება, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ბავშვი სულიერად და ზნეობრივად ამაღლებულ ხატს შეიძენს, თავის თავზე ამაღლდება.
ბავშვს მხოლოდ ისეთი მოთხოვნები და აკრძალვები შეიძლება წავუყენოთ, რომლებიც ახლოსაა ნებისყოფის ძალისხმევასთან და თუნდაც ნაწილობრივ ეხება მის ცხოვრებისეულ ინტერესებს.
რდესაც კონფლიქტურ სინამდვილეში ვიმყოფებით, ჩვენ ვუკრძალავთ საკუთარ თავს:
- გავაღრმაოთ, გავამწვავოთ კონფლიქტი,
- ბრალი დავდოთ ბავშვს, გავხდეთ მისთვის მოსამართლე,
- ავმაღლდეთ ბავშვზე, მივანიშნოთ ჩვენს ძალაუფლებაზე მასმთან მიმართებაში,
- შევარცხვინოთ, გამოვააშკარაოთ, დავემუქროთ,
- ვიყოთ უხეშები და ავუწიოთ ხმას.
კონფლიქტური სინამდვილის დროს:
- ვიჩენთ შემოქმედებით მოთმინებას,
- ვცდილობთ, მივაღწიოთ ბავშვთან ურთიერთგაგებას,
- ვეპყრობით მას როგორც დიდსა და თანაბარუფლებიანს,
- ვუსმენთ კეთილგანწყობით, მოთმინებით და ყურადღებით,
- ვიცავთ მეგობრულ ტონს.
კონფლიქტური სინამდვილის დროს, იმის შესაბამისად, თუ კერძოდ რა არის საჭირო ამ სიტუაციაში, რომ კონფლიქტი შეჩერდეს, შეწყდეს, დამთავრდე,ს გადაიდოს ან ამოიწუროს, ვირჩევთ ზემოქმედების შემდეგ ფორმებსა და მეთოდებს:
- თხოვნა,
- შეხსენება,
- ნდობა,
- იმედი,
- წუხილი,
- მწუხარება,
- ცრემლები,
- წყენა,
- გულახდილობა,
- განმარტება,
- შერიგება,
- პატიება,
- ბოდიშის მოხდა,
- აღსარება,
- სულის აღშფოთება.
მაშ ასე, ბავშვი არღვევს საოჯახო განაწესს: ცხოვრების წესრიგსა დანორმას, ურთიერთდამოკიდებულებას, ზნეობრივ ღირებულებებს, დამოკიდებულებას ნივთებისადმი, ბუნებისადმი, ცხოველებისადმი. ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რისი დაშვებაც ჩვენთვის მიუღებელია, არ გვსურს, ვინაიდან ვხედავთ: საფრთხეს თავად მისთვის, ეთიკის დარღვევას, ჩვენი ნებისგან გადახვევას, სხვა ზნე-ჩვეულებებისაკენ მისწრაფებას. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს.
ჩვენი ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა.
მან იცის: არ შეიძლება ხელით შეეხო რამეს მამის სამუშაო მაგიდაზე. მაგრამ მას იზიდავს მაგიდის საათი - მას არაჩვეულებრივი ფორმა აქვს, რეკავს. ბავშვი ადის მაგიდაზე და ატრიალებს საათის ისრებს. ისარი გატყდა, მაგრამ ის კვლავ იკვლევს საათს. ჩვენ მას ვითარებაში მივუსწარით.
რასაკვირველია, გვწყინს: საათი გაფუჭდა. ვართ გაწბილებული: რამდენჯერ გავაფრთხილეთ, ნუ ძვრები მამის მაგიდაზეო, ნივთებს ხელი არ ახლოო. მან კი ეს აკრძალვა არ შეისმინა.
როდესაც დაგვინახა, სწრაფად ჩამოვიდა მაგიდიდან. სიჩქარეში წამოედო მაგიდის ნათურას და ძირს ჩამოაგდო. მან იცის, რომ დამნაშავეა და, დასჯის შიშით ჩვენგან გარბის.
მიზეზი კონფლიქტისა და დასჯისთვის სახეზეა.
მაგრამ ჩვენ არ გამოვეკიდებით ბავშვს, არ დავუწყებთ კილვას, მით უმეტეს არ ვაპირებთ ხელის წამორტყმას და მამით დამუქრებას. მაგრამ არც ის ვარგა თავი დავიჭიროთ, ვითომც არაფერი მომხდარა.
ვაგროვებთ მაგიდის ლამფის ნამსხვრევებს, ვუყურებთ საათს და წუხილით ვამბობთ: "ოი, ოი, ისარი გამტყდარა, საათი უკვე აღარ მუშაობს... როგრორ უყვარდა მამას ეს საათი... გამტყდარს რომ დაინახავს, ძალიან ეწყინება... ჩვენ კი მისი წყენინება არ გვინდა... მოდი აქ, ვცადოთ, შევაკეთოთ, იქნებ გამოგვივიდეს? მითხარი, რას უშვებოდი, როგორ ატრიალებდი?.. სად შეიძლება გადავარდნილიყო ისარი?"
ბავშვი ბრუნდება მაგიდასთან, ეძებს დაკარგულ ისარს. ჩვენ კი ვაგრძელებთ: "შენ ხომ გიყვარს მამიკო? გიყვარს, რასაკვირველია... არ შეიძლება ვაწყენინოთ მამიკოს, ის კარგი ადამიანია... ისრების მიმაგრება არ გამოგვდის... საათი გაფუჭდა, ოსტატს უნდა წავუღოთ... როგორ ვქნათ, რომ მამიკოს არ ეწყინოს? ჯობია, ისევ შენ უთხრა, თუ რა მოხდა, კარგი?"
ბავშვი შეშფოთებულია, განიცდის: არ მოუსმინა საყვარელ მამიკოს, ცუდ ხასიათზე დადგება მისი საქციელის გამო. დანაშაულის ასეთი განცდა – კარგი განცდაა, იგი აღმზრდელობითია, მასში არის თვითგაგების, პასუხისმგებლობის გრძნობა.
მამა არ გაართულებს კონფლიქტს. როდესაც ბავშვისგან გაიგებს, რა ჩაიდინა, მოისმენს მისგან ბოდიშს, გულისტკივილით იტყვის: "საათი გატყდა?! ჩემი საყვარელი საათი?! იგი მე დაბადების დღეზე მეგობრებმა მაჩუქეს. წავიდეთ, ვნახოთ, რა მოუვიდა... რა სამწუხაროა... რას იზამ, შენ ხომ ეს განგებ არ გაგიკეთებია, ასე მოხდა... შაბათს, ერთად წავიდეთ სახელოსნოში, იქნებ შეგვიკეთონ".
ჩვენი ბავშვი უკვე უმცროსკლასელია.
უყურებს ტელევიზორს, მაგრამ საჭიროა გაკვეთილების მომზადება. შევახსენებთ. "მოვასწრებ", - მაგრამ გამოცდილებით ვიცით: მერე გვიან იქნება. "გთხოვ, მიხედე საქმეს!" - ვეუბნებით მშვიდად. "ესეც საქმეა!" - გვიპასუხებს უხეშად.
კონფლიქტი მწიფდება. თუ გავაგრძელებთ ჩვენსას, ანდა ავდგებით და თვითონ გამოვრთავთ ტელევიზორს, ბავშვის სიჯიუტე უფრო რთულ ფორმებს მიიღებს: ის მოგვთხოვს, რომ ვაცალოთ ნახოს ფილმი ბოლომდე, იყვირებს, იტირებს, ანდა პროტესტის ნიშნად არც საშინაო დავალებებს მიხედავს. კონფლიქტი გაღრმავდება: ჩვენი მხრიდან იძულებული გავხდებით მივმართოთ გაუმართლებელ აღმზრდელობით საშუალებებს. ჩვენ სიტყვებში უკვე გაჟღერდება ბრძანებები და დაშინებები: "ახლავე!", "როგორ არა გრცხვენია?!". "გააკეთე, რასაც გეუბნებიან!" და ა. შ. ამ გზით კონფლიქტი ბავშვის აღზრდის სასარგებლოდ არ გადაიჭრება, მომავალი კონფლიქტების წყარო კი ნამდვილად გახდება.
მაგრამ კონფლიქტი ჩვენთან სხვა ფორმას მიიღებს. თუ ეს დედაა, ის განაწყენებული ტოვებს ბავშვს. დაე, უყუროს ფილმს, მაგრამ, ასევე იგრძნობს, რომ თავისი სიჯიუტით დედას გული ატკინა, აწყენინა. ფილმის შემდეგ ბავშვი მივა დედასთან და ეტყვის: "წავალ, გაკვეთილებს მოვამზადებ", მისი გულის მოგებას შეეცდება. დედა არ უპასუხებს. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვი კვლავ მიმართავს დედას: "ხომ ვერ მეტყოდი, როგორ ამოვხსნა ეს ამოცანა?" დედა კვლავ დუმს. ბავშვი რწმუნდება, რომ დედა ნაწყენია. მისი განცდები ღრმავდება. მიმართავს კიდევ და კიდევ. დედა არაფერს ეტყვის მკვახედ, არ გადაუხდის სამაგიეროს. მაგრამ არც მასთან საუბარი სურს. ბავშვი იწყებს იმის გაგებას, რამდენად ძვირფასია მისთვის ურთიერთობა დედასთან, რამდენად უკმაყოფილოა თავისი თავისა, რომ აწყენინა დედას. ეს განცდები, ეს სულიერი წუხილი აკეთილშობილებს ბავშვს, ასწავლის მას გულისხმიერებასა და ყურადღებიანობას.
ამ კონფლიქტის დასასრულმა უნდა განამტკიცოს ის ძვრა ბავშვის სულიერ სამყაროში, რაც მან განცდებისა და ხელახალი გააზრების შედეგად შეიძინა. დასასრული კი შეიძლება ასეთი იყოს: ბავშვის მორიგი დაჟინებული მცდელობის შემდეგ შეურიგდეს დედას, დედა მთელი სერიოზულობით ეტყვის: "მოდი შევთანხმდეთ - შევეცდები, რომ გაგიგო ხოლმე, შენ კი შეისმინე, როცა რამეს გთხოვ. თანახმა ხარ?" დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს, თვალებში ჩახედავს და დაასკვნის: "დღითი დღე სულ ურფო და უფრო ჭკვიანი ხდები! ვამაყობ შენით!"
ბავშვი მოზარდი გახდა.
თამაშობს კომპიუტერთან. დედა სთხოვს დაეხმაროს, რომ ფანჯრებზე ფარდები ჩამოკიდონ.
"დამაცადე"... - ამბობს ბავშვი.
ცოტა ხნის შემდეგ დედა ისევ მიმართავს: "მოშორდი კომპიუტერს! გთხოვ, მერე აღარ მექნება დრო ფარდებისთვის!"
მაგრამ ბავშვი გართულია აზარტული თამაშით, უხეშად პასუხობს: "რას ჩამაცივდი? ვის რაში სჭირდება შენი ფარდები!"
მაშინ დედა დემონსტრაციულად ტოვებს ბავშვს.
და როდესაც ბავშვი, როგორც იქნა, თავს ანებებს კომპიუტერს და მიდის დედასთან - "მოდი, ჩამოვკიდოთ ფარდები!", ხედავს, რომ დედა ტირის, ფარდები კი ჩამოკიდებულია.
ბავშვი გრძნობს, როგორ აწყენინა დედას. ცდილობს დაამშვიდოს იგი. "შეგეძლო, მოგეცადა!" - ამბობს დარცხვენით. დედა არ საყვედურობს, უარს არ ამბობს მის მოფერებაზე. აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ეწყინა შვილის უყურადღებობა და უხეშობა. ის უბრალოდ საპასუხოდ ჩაილაპარაკებს: "საქმე განა მარტო ფარდებია?" და როდესაც ბავშვი სთხოვს პატიებას, დედა ეტყვის: "კარგი, მე კი მიპატიებია, მაგრამ შენ თუ აპატიებ შენ თავს?" სხვა დროს დედას შეუძლია ეჭვიანად უთხრას ბავშვს: "არ ვიცი, შემიძლია კი დახმარება გთხოვო?"
ბავშვი იზრდება.
ჭაბუკი სახლში გვიან დაბრუნდა, ცოტა ნასვამია.
ჩვენ ვღელავდით მოლოდინში. მას არ გავუფრთხილებივართ, რომ დაიგვიანებდა, არ ვიცით, სად და ვისთანაა.
როგორ შევხვდებით?
არა, ჩვენ არ დავიწყებთ საყვედურებით, გაკიცხვით, არ დავადანაშაულებთ. მხოლოდ ვაგრძნობინებთ, რომ გული გვატკინა.
მეორე დღეს მამა პოულობს დროს, განმარტოვდება შვილთან (სახლში, ქუჩაში) და კაცურად დაელაპარაკება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას ნოტაციები წავუკითხოთ, ჭკუა ვარიგოთ, ჩვენი ძალაუფლება ვუჩვენოთ. კაცური საუბარი განაჩენის გამოტანა როდია.
კაცური საუბრისას ჭაბუკი შვილი ჩვენი თანასწორია.
თუ რაიმეში თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, ბოდიშს ვუხდით, პატიებას ვთხოვთ; ვუხსნით გულწრფელად, სიმართლით და ჩვენი ბედის განკარგვას ვანდობთ. ისეთ განწყობილებას ვუქმნით, რომ ისიც გულღია და პატიოსანი იყოს ჩვენთან. ვუსმენთ მას გაგებით და რაც უნდა გვითხრას, არ ვბრაზობთ, არ ვედავებით, არამედ ვუბიძგებთ გააკეთოს მომხდარის ანალიზი სხვადასხვა თვალსაზრისით: მშობლიური გრძნობების პოზიციიდან, ჭაბუკური გატაცების პოზიციიდან, ამავე დროს მომავლის პოზიციიდანაც.
კაცური საუბარი, კაცური დალაპარაკება ერთ-ერთი ნაყოფიერი გზაა შვილთან ურთიერთობის გასარკვევად, დარღვეული ურთიერთობის აღსადგენად, მომავლის დასამკვიდრებლად.
კაცური საუბარი - ესაა საუბარი "დახურულ კარს მიღმა", არ ხმაურდება, მას არ მოსდევს სანქციები. იგი შუქს ჰფენს ჩვენს ერთმანეთთან ურთიერთობას, თავიდან გვაშორებს დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს გვიშლიან ვიყოთ გულღიები, კაცური საუბარი განამტკიცებს ჩვენს ნდობას, ჩვენს მზადყოფნას - გავუგოთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს.
რას აკეთებს მამა, თუ შვილი აღიარებს, რომ ცუდ წრეში მოხვდა, ცუდ საქმეებში იხლართება?
ჩვენ არ აღვშფოთდებით, არ მივატოვებთ მას თავის უბედურებასთან. ჩვენ მისთვის ყველაზე საიმედო მეგობარი და თანაშემწე ვართ და მოვნახავთ საშუალებებს, რომ გავათავისუფლოთ მოსალოდნელი სახიფათო ამბებისაგან.
დედა და ქალიშვილი.
დედას სკოლიდან აცნობეს, რომ მისი ქალიშვილი დილით მეცადინეობაზე არ მისულა. მაგრამ ის ხომ წავიდა სკოლაში? სად შეეძლო სხვაგან წასულიყო? ვაი თუ რამე შეემთხვა? და დედის გულმა სიმშვიდე დაკარგა. არ იცის, სად ეძებოს შვილი, ვის თხოვოს დახმარება. მაგრამ აი, იმ დროს, როცა სკოლაში გაკვეთილები მთავრდება, გოგონა სახლში ბრუნდება. დედის შეკითხვაზე - "როგორ ჩაიარა მეცადინეობამ?" - პასუხობს - "ნორმალურად". ესე იგი, გოგონა დედას ატყუებს.
დედა არ ამხელს მას სიცრუეში, არ ეტყვის, რომ ყველაფერი იცის. არ დაუწყებს სკანდალურ დაკითხვას: ვისთან და სად "დაეხეტებოდა", როგორ გაბედა, აი გაიგებს მამა და ა. შ. თუ ამ გზით წავალთ, ქალიშვილიც შეიძლება აფეთქდეს, იტყვის, რომ უკვე დიდია და თავად გადაწყვეტს - როდის, სად და ვისთან იაროს. კონფლიქტი გაღრმავდება, არაფერს სასარგებლოს არ მოუტანს ბავშვს.
მაშ, როგორ მოიქცეს დედა?
ის მიიღებს გოგონას პასუხს. მაგრამ დარჩენილი დღის განმავლობაში თავს ისე დაიჭერს, რომ შვილს ეჭვი შეეპაროს: დედამ, ეტყობა, იცის სიმართლე. განცდები აიძულებენ მას ხანდახან მივიდეს დედასთან, რომ რაღაც ჰკითხოს, დახმარება შესთავაზოს. დედის თავშეკავებული პასუხები და დამოკიდებულება აღრმავებენ მის განცდებს. და როდესაც ქალიშვილი შენიშნავს დედას მწუხარედ განმარტოებულს და შეეკითხება, რამ შეაშფოთა, დედა უპასუხებს: "მეშინია, რომ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა არ მიმატოვოს", და ცრემლებიც კი წამოუვა. მაშინ ქალიშვილი უამბობს დედას სიმართლეს, სთხოვს პატიებას თავისი სიცრუის გამო, და თუ დედა გაგებით მოეკიდება მას, არ უსაყვედურებს და არც ბრალს დასდებს, გოგონა გაუხსნის გულს. მაგრამ საპასუხოდ დედაც გაანდობს მას თავის ქალურ, იდუმალ გრძნობებს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს ურთიერთობათა და სულიერი ერთობის განახლებასთან.
თუ ბავშვთან კონფლიქტი გვექმნება და სხვა გამოსავალი არაა, მისი არ უნდა გვეშინოდეს. ზოგჯერ, როდესაც კონფლიქტი ჩაივლის, დგება დროის მოკლე მონაკვეთი, რომელიც ჭეშმარიტების მომენტებითაა სავსე. ეს ისეთი მომენტებია, როცა ბავშვი მზად არის გაგვიგოს, გულახდილი იყოს. ამ დროს მშობლებიც და შვილებიც ვართ გულღია და მგრძნობიარენი, ყურადღებიანი და დამთმობნი. კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ბავშვი მზადაა შეიწოვოს ჩვენგან მიწოდებული საუკეთესო ხატები, რომლებიც მის სულიერ სამყაროს გააკეთილშობილებენ.
ამონარიდი აკადემიკოს შალვა ამონაშვილის წიგნიდან "აღზრდის სიმფონია"