"ბედნიერება არ არის ქონება, ბედნიერება არ არის, როცა გაქვს ყველაფერი, რაც გინდა, რომ გქონდეს, გყავს ყველა, ვინც გინდა, რომ გყავდეს. ბედნიერება მაშინ შედგება, როცა შენს თავს იპოვნი"
"ახალგაზრდებს ხელი არ შეუშალოთ და არ იფიქროთ, რომ რაკი ახალგაზრდები არიან, ამიტომ უგუნურები არიან. მათგანაც უნდა ვისწავლოთ"
აკადემიკოს შალვა ამონაშვილს მთელი საქართველო იცნობს. ის უყვართ მშობლებს, მასწავლებლებს და ბავშვებს, არა მარტო საქართველოში. ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი, ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი, ჩვენი დროის გმირია არა მხოლოდ თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო, არამედ ცხოვრების წესითაც. მუდამ ბედნიერი ღიმილით, მხნე და ხალისიანი 88 წლის შალვა ამონაშვილი არა მარტო თანატოლებს, ახალგაზრდებსაც აძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როგორნ იპოვო ბედნიერება და როგორ აითვისო თუნდაც 88 წლის ასაკში ახალ-ახალი უნარები - მაგალითად, ჰოუბორდით სეირნობა.
გადავწყვიტეთ, ამჯერად ბატონი შალვასთვის სწორედ ცხოვრების წესზე, ჯანმრთელობის საკითხებზე და ბედნიერების ფორმულაზე დაგვესვა შეკითხვები - ექსკლუზიურად mshoblebi.ge-ს მკითხველებისთვის.
მადლობა ვუხდით დახმარებისთვის მის რძალს, "ბასტი-ბუბუს" დამფუძნებელს თამარ სხვიტარიძეს.
- რა მიგაჩნიათ სიცოცხლის ელექსირად და დღეგრძელობის საიდუმლოდ...
- საიდუმლო არაფერია და დიდი სიხარულით გავუზიარებ ყველას. სამი პირობა უნდა იყოს: პირველი, უნდა გიყვარდეს სიცოცხლე. ისე ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ გაწირო სიცოცხლე სიცოხლისთვის. როცა სიცოცხლე გიყვარს, ალამაზებ და ამშვენიერებ მას. მეორე, უნდა გვწამდეს უზენაესის, რომ შიში მოგვეხსნას. შიში სიკვდილის ერთ-ერთი პირობაა. ვისაც სიკვდილის ეშინია, მას იახლოვებს. წერტილი ხომ მაინც უნდა დაესვას და რაღა ტირილით მივიდე იქამდე. არ ჯობია ქართული ცეკვით მივიდე? რაღაც, ძალიან დიდის უნდა გწამდეს. მესამე, თუ ვინმე გყავს გარშემო და თუ ვინმე შენზე დამოკიდებულია ან პირიქით, შენ ხარ დამოკიდებული, გულწრფელად გიყვარდეს. გიყვარდეს კეთილად და უპირობოდ. აჩუქე სული, გული, ღიმილი, სიხარული, გაუწოდე დახმარების ხელი და დაივიწყე, რომ დაეხმარე. ცოლი ძალიან მიყვარდა და სიცოცხლე გამიხანგრძლივდა, შვილებიც ძალიან მიყვარს, რძალი, სიძეები, შვილიშვილები მიყვარს, შვილთაშვილები მიმრავლდებიან. მეათე დაიბადა ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ნინო ამონაშვილი. რა ამაყი ვარ, ხომ მომემატება ხუთი დღე, თუ მეტი არა. სიცოცხლის სიყვარულში საქმის სიყვარულიც შედის. სიცოცხლის სიყვარული "მასვი, მაჭამე, მალხინე“ არ არის - ეს არის სიცოცხლის დაღუპვა. მარტო კი არ უნდა ჭამო, სვა და ილხინო, არამედ უნდა გაამშვენიერო ეს ცხოვრება ვინმესთვის. ეს არის სიცოცხლის ელექსირი და მიჩუქნია მთელი გულითა და სულით.
- როგორია თქვენი ცხოვრების წესი - შალვა ამონაშვილის ერთი დღე.
- ჩემი ცხოვრების წესი სხვადასხვანაირია იმის მიხედვით, თუ სად ვარ. ბუშეტში სულ სხვანაირი ცხოვრების წესი მაქვს და ყველაზე ძალიან მიყვარს. როცა ბალტიისპირეთში, ციმბირში, ბელარუსიაში ან უკრაინაში ვარ - სხვანაირია ჩემი ცხოვრების ერთი დღე. აქ კი ასე გამოიყურება: დილით ადრე ვდგები, 5 საათზე ან 6-ის წუთებზე. როგორც წესი, ვსვამ ერთ ლიტრა წყალს, ნელ-ნელა. თან ფოსტას ვათვალიერებ. ბევრი წერილი მომდის, ვპასუხობ მათ და ვეცნობი, რას წერენ ჩვენი მოსწავლეები, საორგანიზაციო საბჭოს წევრები და სხვა. შემდეგ ვემზადები კურსანტებთან შესახვედრად. 120-ზე მეტი ადამიანია ჩამოსული: ცოლი, ქმარი, მათი შვილები, ბებია, პაპა. ვამზადებ საუბრის თემას, რაც მათთან უნდა წავიკითხო. ჩემი საუბრის შემდეგ ვუყურებ, სხვები რას აკეთებენ. ერთმანეთში ვათანხმებთ საუბრის თემას, რომ ეს საუბრები არ არღვევდეს მსმენელის შინაგან სულიერ მთლიანობას. ვესაუბრებით ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის წესზე. ძალიან მიყვარს, ბუშეტის დათვალიერება. სად ბავშვები ნამცხვრებს ამზადებენ, მეორე მხარეს სადურგლო-სახელოსნო აქვთ გახსნილი და რაღაც სათამაშოებს აკეთებენ, მესამეგან ფილმს იღებენ, მეოთხეგან მაშველები არიან და ძალიან მიყვარს მათი შემოვლა. ბავშვები ჩვენთან იღებენ ხელფასს, ამ ხელფასს ჰქვია დარი ანუ საჩუქარი, ჩვენს ენაზე. ვთხოვ ხოლმე, იქნებ ერთი "პეჩენია" მიყიდოთ-თქო და გარბიან სიხარულით, რომ მომიტანონ. თავიანთ მშობლებსაც ეპატიჟებიან. ასე გადის დღე. თავისუფალ დროს წიგნს ვწერ, მერე საღამოს შეხვედრები ტარდება ჩვენთან. კონსულტაციები მიხდება რამდენიმე ადამიანთან, რაც დიდ დროსა და გამძლეობას ითხოვს იმიტომ, რომ ხალხის ცხოვრება ძალიან რთულია. იღიმის, გისმენს, თვალებში შემოგყურებს, მაგრამ გულში ყველაფერი დარღვეული აქვს. გაჭირვებული ცხოვრება აქვს ოჯახში და ტირილით მიყვებიან ამ ყველაფერს. მეც განვიცდი მათ ცხოვრებას. საღამოთი ბავშვები კონცერტებს აწყობენ, გახდება 9-10 საათი, მერე ვიღაც უნდა გავაცილო, მერე ისევ მიყვარს კომპიუტერთან დაჯდომა და რაღაცის გაკეთება. დილით ძალიან მიყვარს ჩემს პატარა ეკლესიაში შესვლა და ლოცვა. ეკლესიაში სანთელს დავუნთებ, ვისაც ჩემგან ეკუთვნის და გულში ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ეს ცხოვრება გვარგუნა. საღამოსაც ასეა. ასეთია ჩემი ერთი დღე ბუშეტში. მე მიყვარს ეს ცხოვრება.
- როგორ იკვებებით და დღის განმავლობაში რა ადგილი უკავია ჯანსაღი ცხოვრების წესს - ვარჯიშს, ბუნებაში სიარულს ან რაიმე სხვას.
- ჩემი კვება დიდი ხანია ექიმებმა შეზღუდეს. ხუთი სტენტი მაქვს გულში ჩადგმული. ორი თბილისში ჩამიდგეს, სამი კი მოსკოვში. ვიყავი ზღვარზე, ან მეექვსე უნდა ჩაედგათ ან ფეხები უნდა გამეფშიკა. თბილისში მითხრეს, თუ არ ჩაიდგამთ, პასუხს არ ვაგებთო. მომცეს სურათი და წავედი მოსკოვში. იქ ექიმმა მითხრა, რომ კარგი გითხრეს თბილისშიო, მე რომ ახლა აქ სტენტი ჩაგიდგა, ეს იმას ნიშნავს, რომ კაპილარი გასკდება და ვეღარაფერს ვეღარ გიშველი, საოპერაციო მაგიდაზე დარჩებიო. ამიტომ, გაუძელი, სანამ უძლებ და თუ ვეღარ გაუძლებ, მაშინ მოდი, ან გადაგარჩენთ და ან ვერაო. გარდა მკურნალობისა, ჩემი წესი მაქვს. ვიცი, რომ ნებისყოფასაც შეუძლია ადამიანი განკურნოს. არ გასულა სამი კვირა და აბსოლუტურად გაქრა ჩემი ავადმყოფობა. ეს იყო სამი წლის წინ და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამხელა ასაკის კაცი ჩიტივით ვარ. მე მწამს, რომ ზეცა ცოცხალია. ლოცვისა და იმ არსებების წყალობით, რომლებმაც ჩემი ლოცვა შეისმინეს, კარგად ვარ. ამის შემდეგ შეზღუდული ვარ კვებაში. შევხედე ჩემს შვილსაც. პაატამ, ასკეტური წესი დაიწესა. დღემდე გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად და ჯანმრთელადაა, მთელი ორგანიზმი გაახალგაზრდავებული აქვს. შვილებისგანაც უნდა ვისწავლით რაღაცები. მარტო მასწავლებლები კი არა, მოსწავლეებიც უნდა ვიყოთ. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. არ არის საჭირო მუცლის ამოვსება, განსაკუთრებით ხორცით. წავიკითხე, ვინც ხორცს ჭამს, მუცელში სასაფლაოს იკეთებსო და შემეშინდა. ამიტომ, ხინკალს, მწვადს და, ზოგადად, ხორცს დავანებე თავი. ვეგეტარიანელი არ ვარ, ვიღაცას რომ სუფრასთან არ ვაწყენინო, შევჭამ, მაგრამ თუკი შესაძლებელია, ამას არ გავაკეთებ. დიდი ხანია ღვინოზეც უარი ვთქვი, 27 წელია უკვე. განთქმული თამადა ვიყავი. ახლა წყლითაც კარგად ვთამადობ, წყლისგან არ წარმოიშობა ღვინო? მოკლედ, ვიცავ გარკვეულ რეჟიმს ჩემს კვებაში. დილით, წყლის მერე ხილი, ჩემი რძალი, თამრიკო, მომართმევს ხოლმე ატამს, ნესვს, ვაშლს და ასე შემდეგ. 12 საათზე ისევ ხილი, 3-ის ნახევარზე შეიძლება ბოსტნეულის წვნიანი შევჭამო, თუ არა, ისევ ხილი. ვახშამი არ მაქვს. ვახშამი ჩემთვის ისევ ხილი და გამოწერილი წამლების ჩაყლაპვაა. ამას ერთვის სუფთა ჰაერიც, წინ კავკასიის მთები მაქვს, გვერდით ხევია, ესეც კვებაა. ფილტვები იკვებება. ამას ემატება ცხოვრების წესიც - ამდენი კეთილი ადამიანი გარშემო, აქ არავინ ეწევა, ჰაერი სუფთა და გაკრიალებულია და ყველაფერი ეს შედის რეჟიმში, რაც ჩემს ორგანიზმს კვებავს.
- რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში აი ამ გადმოსახედიდან?
- ერთადერთი მთავარი, რისთვისაც ქვეყნად გავჩენილვართ არის ის, რომ სრულვყოთ საკუთარი თავი, შინაგანი სამყარო. სულს სიყვარულის, სილამაზის, კეთილშობილებისა და დიდსულოვნების სისრულე აკლია. სულს მოთმინება, მიტევება აკლია. რაც კი შეგვიძლია, ესენი შევიძინოთ, რაც ხელს უშლის, გავაძევოთ. მოკლედ, ჩემი ცხოვრების აზრი მე თვითონ ვარ. ვცხოვრობ იმისთვის, რომ ჩემს სულში ასეთი ამბები მოხდეს. ეს არ არის ეგოიზმი. მე თუ ჩემს თავს ავიყვან, ილიასი არ იყოს, კაცად კაცობამდე, ვის დარჩება ჩემი თავი და ვინ გამოიყენებს ამას? შენ, შემხვედრი, მოსწავლე - მათთვის ვიქნები ასეთი კარგი. ეს თუ "ეგოიზმია“, ღმერთისგან ნებადართულია. მას უნდა ჩემი სული სრულყოფილი ნახოს. გახსოვთ რა წერია სახარებაში: "იყავი სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიც არის თქვენი ზეციერი მამა.“ ესე იგი, ეცადე კაცღმერთი გახდეო. კაცღმერთი ვერ გავხდი, მაგრამ ცოტა რაღაცას თუ შევიძენ, აქაურობასაც დარჩება, რომ იტყვიან "კარგი კაცი იყო შალვა ამონაშვილიო“ და რასაც იქით წავიღებ, ამას იქ ელიან. ასე მესმის ცხოვრების აზრი. ადამიანებს აქვთ მიზნები, რომ უნივერსიტეტი დაასრულონ, კარიერა ააწყონ, ბავშვი გააჩინონ, ხე დარგონ - ეს კერძო მიზნებია. ვიღაცას ეს უნდა, ვიღაცას სხვა მიზნები აქვს, მაგრამ ეს მიზნები ცხოვრების აზრმა უნდა შეკრას. იმიტომ მინდა ლამაზი სახლი, რომ სტუმარი გავახარო, იმიტომ მინდა ლამაზი ცოლი, რომ ლამაზი შვილები გამიჩინოს, მეც მიხაროდეს, სხვასაც და ქვეყანასაც უხაროდეს. თუ ასე ვიფიქრებთ და ასე ვიცხოვრებთ, მაშინ სულს ვემსახურებით.
- როდის ისწავლეთ ჰოუბორდზე სიარული და კიდევ რა ისწავლეთ ხანდაზმულ ასაკში, რითიც კიდევ ერთხელ ამტკიცებთ, რომ ახალი რამის სწავლა ყოველთვის შეიძლება და რომ ასაკი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ შეგიძლია ან არ "შეგეფერება“?
- მე და ჩემს მეუღლეს არ გვიყვარდა სიტყვა "სიბერე“. ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ დაბერებული არ იყო, უბრალოდ ავადმყოფობამ წაიყვანა და არა სიბერემ, მიუხედავად იმისა, რომ 77 წლის ქალი იყო. მე 88 წლის ვარ. ასაკი არ არის სიბერე, სული არ უნდა დაბერდეს. სულსა და სხეულს ერთმანეთის საპირისპირო მოძრაობა აქვთ. სხეული ნელ-ნელა მიდის მიწისკენ, სული პირიქით, ზეცისკენ მიდის, სადაც საწყისია. ამიტომ, სული სულ ახალგაზრდავდება და სხეული ბერდება. ნებისმიერ ასაკში ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი რამ ისწავლოს. ავარჯიშოს ტვინი, გული, სული. წინააღმდეგ შემთხვევაში სკლეროზი დაემართება და ვერაფერს ისწავლის. ჩემი შვილთაშვილი, რომელსაც ჰოუბორდი მოუტანეს, დადგა და გააქანა. მეც ვთხოვე, რომ ესწავლებინა. ამიხსნა, როგორ უნდა დავმდგარიყავი, დავდექი და წავედი. ეს არ არის რთული, ნებისყოფა და ინსტრუქციის შესრულება უნდა. სირბილი აღარ შემიძლია, მაგრამ წონასწორობაში ვვარჯიშობ. კომპიუტერიც ვისწავლე, წიგნებს ვწერ მისი მეშვეობით, როცა ინტერნეტი არ მაქვს, კალმით ვწერ. ინტერნეტს ვიყენებ, რა დონემდეც მჭირდება, ეს შეიძლება იყოს სკაიპი, ელექტრონული ფოსტა, ჩატი და ასე შემდეგ. ვაკეთებ გაკვეთილების საპრეზენტაციო თემას და ბევრ რამეში ვიყენებ. არის ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის აღარ არის საჭირო და ამიტომ აღარ ვსწავლობ, თორე ვისწავლიდი. ყველაფერი შეგიძლიათ ისწავლოთ და უთხრათ თქვენს თავს, რომ შეგიძლიათ.
- მიეცით რამდენიმე რჩევა ასაკოვან ადამიანებს.
- ასაკოვანმა ადამიანმა არ უნდა უყუროს წარსულს ტირილით. წარსული წარსულია. ვინც წარსულს მისტირის, იქვე დარჩება და ჩაიმარხება. ვინც მომავალს ესწრაფვის, როგორც ისაა, ისე გაფრინდება. ასაკოვანმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ წერტილი წერტილია და რაღაც წინადადებას აქვს დასასრული. არის ზეციური ქვეყანა და გავფრინდეთ წეროებივით და არ შეგვეშინდეს. არ იფიქროთ, რომ წარსულში იყო ყველაფერი კარგი და აწმყოში ყველაფერი ცუდია. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და გიყვარდეთ სიცოცხლე, ზარდეთ გულში შვილიშვილების სიყვარული, მოგესწრებათ შვილის შვილიშვილები, იყავით ბრძენები, ახალგაზრდებს ხელი არ შეუშალოთ და არ იფიქროთ, რომ რაკი ახალგაზრდები არიან, ამიტომ უგუნურები არიან. მათგანაც უნდა ვისწავლოთ. ამას ვუსურვებ ასაკოვან ადამიანებს.
- რა არის ბედნიერება?
- ბედნიერება არ არის ქონება, ბედნიერება არ არის, როცა გაქვს ყველაფერი, რაც გინდა, რომ გქონდეს, გყავს ყველა, ვინც გინდა, რომ გყავდეს. ბედნიერება მაშინ შედგება, როცა შენს თავს იპოვნი. თითქოს ჩვენს თავში ვართ, მაგრამ დაკარგულები ვართ. არ ვიცით ვინ ვართ. თუ ამაზე დავფიქრდებით, ბევრი რამ უკან დაიწევს. ვინ ვარ? - უკვდავი სული ვარ. საიდან მოვედი? - ცოცხალი სამყაროდან მოვედი და სად წავალ? - აქ დავტოვებ ტანსაცმელს და ზეცაში წავალ. როცა ასე უყურებ ცხოვრებას, ბედნიერებას პოულობ. ავი შეგხვდა? - იტყვი, რომ ეს გაკვეთილია და გადალახავ, ბედის უკუღმართობა შეგემთხვა? - ამასაც გაუძლებ იმიტომ, რომ იცი საიდან მოდიხარ და სად წახვალ. ბედნიერება რომ მოვა, კარის დირესთან უბედურებაა ჩასაფრებული. ესენი ერთმანეთს ცვლიან, ხან სიხარულია, ხან წყენა. თუ ასე არ იქნება, ცხოვრება ჭაობს დაემსგავსება. ბედნიერებაა, როცა შენს თავს იპოვნი და იტყვი: "მე ვიცი, რისთვისაც ვარ აქ, ღმერთს უნდა მივუტანო განძი“.
იხილეთ ვიდეო
Video შალვა ამონაშვილის ბედნიერების ელექსირი