გულწრფელი დედობრივი ლოცვით უნდა გამოითხოვოთ თქვენი ვაჟისთვის რწმენის ნიჭი გულწრფელი დედობრივი ლოცვით უნდა გამოითხოვოთ თქვენი ვაჟისთვის რწმენის ნიჭი
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)
(წერილები)
უფლის მიერ ძვირფასო ნ!
თქვენი ვაჟი ოცდაათი წლის გახდა, მაგრამ რამდენჯერ მივიდა ღმერთთან წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობით? წადით ტაძარში! აღსარება თქვით, განიწმინდეთ, ეზიარეთ, ზეთი იცხეთ. რაც მის თავს ხდება, ეს ხომ ეშმაკის შეპყრობილებაა, ამ დროს ადამიანს მხოლოდ ლოცვა შეუძლია, შეწევნა კი მარტო ღვთისგანაა. ილოცეთ თქვენც დედობრივი ლოცვით, შვილისთვის. მის სახელზე სეფისკვერი შეგზავნეთ ლიტურგიაზე.
წადით ტაძარში!
უფლის მიერ ძვირფასო ე!
თქვენთვის და თქვენი ავადმყოფობით გატანჯული ვაჟებისთვის ვლოცულობ, მაგრამ მიჭირს დახმარება, რადგან არც ერთი ღმერთს არ აღიარებს, ჯანმრთელობის ერთადერთ წყაროს. გულითადად ილოცეთ მათთვის თქვენი დედობრივი ლოცვით. რა თქმა უნდა, ძალით ტაძარში ნუ წაიყვანთ - რწმენის გარეშე ადამიანისთვის ყველა საღმრთო საიდუმლოება უმოქმედოა. კვირაში ერთხელ მაინც წაიკითხეთ "ლოცვა ავადმყოფსა ზედა" და ამგვარი სიტყვებით ილოცეთ: ღმერთო, შენ ყოველივე უწყი, სიყვარული შენი სრულყოფილია. მიირქვი ხელთა შენთა სიცოცხლე ჩემი ავადმყოფობით გატანჯული შვილებისა და შეეწიე მათ ისე, როგორც მე მსურს, მაგრამ არ შემიძლია. ამინ". ჩვენც ვილოცებთ, მაგრამ ეს მხოლოდ შეეწევა თქვენს დედობრივ ლოცვას.
განგაძლიეროთ ღმერთმა მოთმინებაში.
ძვირფასო ვ.ვ!
დიდსულოვნად მაპატიეთ, რომ პასუხი ძალიან დაგიგვიანეთ. თავს მხოლოდ იმით ვიმართლებ, რომ მოვხუცდი, წერილები კი უამრავია.
მხოლოდ იმით შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ წერილის მიღების წამიდან ვლოცულობ მისი ავტორისათვის, პასუხს კი მაშინ ვცემ, როცა ამის საშუალება მეძლევა. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის, ა-ს კი ნურაფრისკენ ნუ უბიძგებთ. დედის ლოცვით უფალი ყველაფერს საიმედოდ და სწორად მოიმოქმედებს. ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან, ათასნაირია ცხოვრებისეული გზა, ასევე სხვადასხვანაირია ღვთისკენ სავალი ბილიკი. კარგია, როცა კაცი სტერეოტიპის მიხედვით არ მოქმედებს და მაშინვე არ აირჩევს თავის გზას.
ღმერთმა გაკურთხოთ თქვენ და თქვენი ვაჟი.