არასდროს დასაჯოთ ბავშვი მაშინ, როცა ბრაზობთ 1. ყოველთვის დააკვირდით, რას ეუბნებით ბავშვს. უფროსები არ აკონტროლებენ ხოლმე თავიანთ გამონათქვამებს, როცა ბავშვებს ელაპარაკებიან. ზოგიერთი შვილს ზარმაცს, სულელს, უნიჭოს ეძახის. ამით უფროსები - მშობლები თუ აღმზრდელები - ხშირად ღუპავენ ბავშვებს. მათ შეიძლება სამუდამოდ დაამახსოვრდეთ ეს სიტყვები, ჩაენერგოთ და სინამდვილეშიც იქცნენ ზარმაც, უმაქნის და ინდიფერენტულ ადამიანებად.
2. ნუ შეაშინებთ ბავშვებს ურჩხულებით, მგლებით, პოლიციით. ეს მათ არც უფრო ჭკვიანს გახდის და არც უფრო კეთილს.
3. როცა ბავშვს ზრდით, მას უზადო მაგალითი მიეცით. ბავშვებს არ უყვართ დარიგება და ნოტაციები, მათ სურთ დაინახონ თქვენი საქციელი, თქვენი პირადი მაგალითი.
4. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, თქვენი შვილების წინაშე ღირსება არ დაკარგოთ. ნუ უჩვენებთ მას თქვენს სისუსტეებს და ნაკლოვანებებს. როცა მშობელი ნებას რთავს შვილს, მისი სისუსტეები დაინახოს, ბავშვი ღელავს, ორიენტაციას კარგავს, რადგან ავტორიტეტი, საყრდენი ეცლება.
5. ბავშვს, რომელიც თავს პატარად და სუსტად გრძნობს, სურს ჰყავდეს უზადო ავტორიტეტი, რომელიც მას დაიცავს. ის მშობლებში ეძებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ სახლში ხშირად ხდება მშობლების ჩხუბის, კამათის მოწმე, ხედავს სიცრუეს და უპატიოსნებას, მაშინ მშობლები არ უნდა მოელოდონ, რომ შეძლებენ მის კარგად აღზრდას. ეს არის მიზეზი ბევრი ტრაგედიისა ოჯახსა და საზოგადოებაში.
6. არასდროს ცემოთ ბავშვი. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ის მართლა იმსახურებს ამას, ტაკოზე მოცხობა არ აწყენს, მაგრამ ფრთხილად იყავით! არასდროს დასაჯოთ ბავშვი მაშინ, როცა ბრაზობთ. მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილის, სიბრაზის და არა სამართლიანობის შთაბეჭდილებას. ნამდვილი აღზრდისთვის ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ და ამიტომ გაქვთ უფლება, დასაჯოთ ის.
7. თუ მაინც გიხდებათ ბავშვის დასჯა, თქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს არც სიბრაზეს და არც მტრობას: ბავშვი მალე დაივიწყებს მოცხობასაც და სილის გაწვნასაც, მაგრამ არასდროს დაავიწყდება თქვენი მზერა, სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. თქვენი სასჯელი იმით კი არ უნდა იყოს ნაკარნახები, რომ თქვენ "მოთმინების ძაფი გაგიწყდათ", არამედ სურვილით, გააგებინოთ ბავშვს, რომ მისსავე სასიკეთოდ არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვას.
8. ბავშვები უსაზღვროდ უნდა ენდობოდნენ თავიანთ მშობლებს და ემორჩილებოდნენ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესია, რათა ბავშვი მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდოს.
9. გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის: ყველა მისი ახირებით, არასწორი საქციელით და მსუბუქი სიცელქით.