აბორტირებული ნაყოფის შავ ბაზარს კონტრაბანდული გზით "მასალას" უკრაინა და საქართველო აწვდიან ერთ საშინელ თემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ესაა დედათა მრისხანება და მკვლელობები, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობები.
ჩვენდა საუბედუროდ, ლაპარაკი აბორტზეა, მაგრამ იმ სახით, იმ მიზანმიმართულებით და იმ ბიზნესგეგმით მიმდინარე ქმედებებზე, რაც საქართველოში ხდება, ჯერ არავის უსაუბრია. ეს, მართლაც შეიძლება ითქვას, ექსკლუზიურია. მასალები ამის შესახებ მსოფლიო პრესისთვის დიდი ხანია ცნობილია. კომპეტენტურობისთვის დავეყრდნობი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გაზეთის "დეილი მეილის" სტატიას "ბარბაროსული სილამაზე". სამწუხაროდ, მასში საქართველო საკმაოდ არასახარბიელოდ არის წარმოდგენილი და გვიჩენს დიდ საფიქრალს ქვეყნის სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისთვის. სტატიაში ლაპარაკია თანამედროვე მსოფლიო კოსმეტოლოგიური მოდის ტენდენციებზე.
რესპექტაბელური ბრიტანული კლინიკების რჩევით, თურმე ბრიტანელი ქალები გასაახალგაზრდავებლად სულ უფრო ხშირად მიმართავენ არაქირურგიულ, არაპოპულარულ, საკმაოდ ძვირ და ეფექტიან მეთოდს - ღეროვანი უჯრედებით თერაპიას - ახალდაბადებული ბავშვის ჭიპლარის ქსოვილების ინექციას.
ეს ყველაფერი კი ხდება არა ინგლისში, არამედ როტერდამში (ჰოლანდია), სადაც ღეროვანი უჯრედებით თერაპიასთან დაკავშირებული შეზღუდვები თითქმის არ არსებობს.
სილამაზის ექიმებისთვის ღეროვანი თერაპია დიდ ბიზნესად იქცა. ამასთან, ღეროვან უჯრედებს გასაოცარი დადებითი პოტენციალი გააჩნიათ ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ღეროვან თერაპიას "უღმრთო" უწოდა და აკრძალა მისი სახელმწიფოებრივი დაფინანსება. თუმცა, კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის წყალობით, ეს მის შტატში აკრძალული არ არის. მეტიც - ცდების დასაფინანსებლად 80 მილიონი დოლარი გამოიყო.
რა არის ღეროვანი უჯრედები, რატომ კამათობენ ასე ცხარედ მათზე? ეს გახლავთ ადამიანის სხეულის ერთგვარი სამშენებლო მასალა. ის უფრო მეტია ემბრიონებში, ადამიანის ჩანასახოვან ნაყოფებში და ახალშობილებში.
ასეთი უჯრედები მოუმწიფებელია (ახალია) და ამოღების შემთხვევაში ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელი ხდება მათი სტიმულაცია სხეულის სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ძვლის, კუნთისა თუ ქსოვილის შესაქმნელად.
სხეულში ასეთი უჯრედების ინექციის შემთხვევაში უჯრედები ზემოქმედებენ იმ ორგანოებზე, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ ოპტიმალურ დონეზე და ახალი ქსოვილების შესაქმნელად მათ სტიმულს აძლევენ.
მეცნიერთა მტკიცებით, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასამტკიცებლად, უჯრედების ინექციით ხდება თუ არა ჭორფლის შემცირება და სიბერის შეჩერება.
ბრიტანეთში ღეროვანი უჯრედების კვლევა მკაცრად ლიმიტირებულია ეთიკის ნორმებით. აქ ნებადართულია მხოლოდ ზრდასრული ნაყოფის მშობიარობისას ჭიპლარიდან (მომყოლიდან) მიღებულ ღეროვან უჯრედებზე ექსპერიმენტების ჩატარება.
მომყოლი ანუ პლაცენტა ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ უწინ იჭრებოდა და აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. თუმცა რაც ღეროვანი უჯრედების ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს, მასში შემავალ ქსოვილებს აკონსერვებენ და სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ. ამაში თითქოს ცუდი არაფერია, რადგან გაჩნდა დღემდე უკურნებელი ბევრი დაავადების მკურნალობის პერსპექტივა. მაგრამ მეცნიერთა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღეროვან უჯრედებს მეტი რაოდენობით შეიცავს 2-12 კვირის ემბრიონი (ნაყოფი). უმეცარმა ადამიანებმა დაიწყეს ნაყოფთა განადგურება ვითომდა კეთილი მიზნებისთვის.
ბრიტანეთში უკვე რამდენიმე სპეციალურად რეგისტრირებული ინსტიტუტი იყენებს მეცნიერებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებული აბორტირებული ემბრიონის (არა უმეტეს 14 დღის) უჯრედებს.
პლანეტის სხვადასხვა კუთხეში იხსნება ახალ-ახალი კლინიკები. ასეთი კლინიკები, ძირითადად, ტურიზმით განთქმულ ქვეყნებშია. ოპერაციის საშუალო ფასი 15000-დან 20000 გირვანქა სტერლინგამდე (45000-60000 ლარი) მერყეობს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი წარუმატებელი გაახალგაზრდავების ოპერაცია ჩატარდა.
მაგალითად, კარიბის ზღვაში მდებარე ბარბადოსი მსოფლიოს ღეროვანუჯრედული თერაპიის ერთგვარ ცენტრად იქცა. იქაურ რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტში უკრაინელი მეცნიერები ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს უკეთებენ ინექციას. კლინიკას ამერიკელი ინვესტორები აფინანსებენ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, შერჩევითი აბორტების შედეგად 12-კვირიანი ნაყოფის ღვიძლს გააჩნია მდიდარი რეგენერაციული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც პაციენტს ინექციის სახით ხელში უკეთდება. 1 თვის შემდეგ გასაოცარ შედეგებს იღებენ - ხდება პაციენტის სწრაფი გაახალგაზრდავება. პროცესი რამდენჯერმე უნდა განმეორდეს წლის განმავლობაში.
ადგილობრივი საეკლესიო ლიდერების პროტესტის მიუხედავად, კლინიკა განაგრძობს ფუნქციონირებას. იგი მასალებს იღებს ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან.
მოსკოვშიც არსებობს მსგავსი კლინიკა, ე.წ. ცელულიტის კლინიკა. ექვსკურსიანი მკურნალობის ღირებულება 10000-15000 გირვანქა სტერლინგია (30000-45000 ლარი). ადგილობრივი კანონმდებლობის სისუსტემ ხელი შეუწყო 50-მდე ასეთივე კლინიკის გახსნას მოსკოვში, სადაც მდიდარ ადამიანებს აახალგაზრდავებენ.
მკურნალობა ხდება როგორც აბორტირებული ნაყოფის ჭიპლარის ქსოვილების, ასევე ღორის, ძროხისა და სხვა ცხოველების ქსოვილების ინექციით.
რეალობა ცხადყოფს, რომ რუსეთი და უკრაინა აბორტებით მსოფლიოში ლიდერობენ. რუსეთის მილიციის განცხადებით, ადგილობრივი აბორტირებული ნაყოფის შავ ბაზარს კონტრაბანდული გზით ე.წ. მასალას აწვდიან უკრაინა და საქართველო.
ამ ქვეყნებში ახალგაზრდა ღარიბ დედებს 200 დოლარს უხდიან 8-12 კვირის ნაყოფის აბორტის გზით მოცილებასა და კოსმეტიკურ კლინიკაში ჩაბარებაში.
დომინიკის რესპუბლიკაში, მედრას კლინიკაში ლა რომანას ეგზოტიკურ კურორტზე ჩამოსულ პაციენტს მკურნალობა 15000 სტერლინგი (45000 ლარი) უჯდება.
კლინიკის დირექტორის, დებრა ჰაფ რეიდერის თქმით, აბორტირებული ნაყოფი ძირითადად შემოაქვთ ყოფილი საბჭოთა საქართველოდან.
ნუ გაგიკვირდებათ, რატომ არის ამდენი აგრესია ჩვენში, რატომ უკლავენ დედებს მოზარდ შვილებს (დედებმა ჩაიხედონ გულში, თვითონაც ხომ არ გაიმეტეს უსუსური ბავშვი!), რატომ ვცხოვრობთ ცუდად, რატომ არის დანაწევრებული საქართველო, რატომ არ არის ჩვენში მშვიდობა. ჩვენ ჯერ უშობელ შვილებს კოსმეტიკად ვაქცევთ, ხოლო დაბადებულებს სანაგვეზე ვყრით, შესაბამისად, ვმრუშობთ, ვხოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მომავალს მრისხანენი და გულარძნილნი შევყურებთ. მომავალი აუცილებლად დადგება, მაგრამ მე ამგვარი მომავლისა ძალიან მეშინია!
სრული ვერსია