"როცა ცოლ-ქმარი პატივისცემით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ" - მამა პაისი ათონელის დარიგებანი
"როცა ცოლ-ქმარი პატივისცემით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ" - მამა პაისი ათონელის დარიგებანი
მამა პაისი ათონელის დარიგებანი
პატარა ბავშვს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ მის კვებაზე, ჩაცმა-დახურვასა და აღზრდაზე დედ-მამა ზრუნავს. ისინი შვილს სიყვარულს არ აკლებენ, მხოლოდ იოლ საქმეს ავალებენ, ეს კი ძალზე უმნიშვნელოა მშობლების ღვაწლსა და ხარჯებთან შედარებით. თუ ზრდასრული ადამიანი ვერ მიხვდება, რა ამაგი დასდეს მშობლებმა, ნამდვილად დიდი უმადურობა იქნება. ძველად მშობლები ბავშვებს ფიზიკურად სჯიდნენ და ისინი ამას წყენის გარეშე იღებდნენ. ხშირად არც კი იცოდნენ ამის მიზეზი, მაგრამ დღევანდელი ბავშვი ხომ კამათის სულით და კითხვებით არის აღსავსე: "რატომ, რისთვის?" მასში აღარ
არის უბრალოება. თუ ბავშვი მამას მამად ვერ გრძნობს და მამის სასჯელს თავს არიდებს, მაშინ ის, მოციქულის სიტყვისამებრ, "მწირი ვიდრემეა და არა შვილი".

ზოგიერთ შვილს მშობლებმა მცირე შენიშვნაც რომ გაუბედონ, იმუქრება, "ვენებს გადავიჭრიო" და სხვა რა გზა დარჩენიათ მშობლებს, უთმობენ. საბოლოოდ, ბავშვი ფუჭდება და იღუპება.

ბავშვს უნდა შევაგნებინოთ, რომ მშობლები მას სჯიან არა ბოროტებით, არამედ სიყვარულის გამო, რათა გამოსწორდეს, უკეთესი გახდეს და ბედნიერი იყოს. როცა პატარები ვიყავით, ერთნაირად ვიღებდით მშობლების მოფერებას, ცემას თუ ამბორს. ვხვდებოდით, გვწამდა, რომ ისინი ამას ჩვენი სიკეთისთვის აკეთებდნენ. ხშირად ასეც ხდებოდა, რომ დამნაშავე ერთი ძმა იყო, დედა კი, ვითარების გამოუკვლევლად, მეორეს უჯავრდებოდა. დამნაშავე რომ დაინახავდა, ჩემს მაგივრად სხვას სჯიანო, აღიარებდა დანაშაულს და
მერე სინდისიც აღარ ქენჯნიდა...

ოჯახში უმცროსები პატივს უნდა სცემდნენ მშობლებს და უფროს და-ძმებს, უნდა იყვნენ მათდამი მორჩილებით და მადლიერებით. უფროსები კი უნდა დაეხმარონ მათ და დაიცვან. როცა უმცროსი პატივს სცემს უფროსს, ხოლო უფროსს უყვარს პატარა, მაშინ ოჯახში სიმშვიდეა. მამა გვეუბნებოდა ხოლმე, - დაემორჩილეთ უფროს ძმასო. ვიცოდით, რომ მამას ვუყვარდით და მასთან უფრო თავისუფლად ვიქცეოდით. უფროს ძმას კი, რაკი მისგან მამობრივ სიყვარულს ვერ ვგრძნობდით, უფრო ვემორჩილებოდით.

როცა ცოლ-ქმარი პატივისცემით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ. ასეთ ოჯახში ცხოვრება საათივით მიდის. ასეთ ოჯახში უფროსი ვაჟი ვერასოდეს გაუბედავს დედას მბრძანებლურად საყვედურს, არც მამა შეჰკადრებს დედას ამგვარ ტონს. უფროსები შეიძლება გაეხუმრონ პატარებს გასახალისებლად, მაგრამ უმცროსები მათ ამის გამო უზრდელად არ უნდა მოექცნენ.

როცა შვილები ოჯახს ქმნიან

სახიერმა ღმერთმა ამგვარად განაწესა: ცოლი და ქმარი ისეთი სიყვარულით შეერთდებიან ხოლმე, თვით მშობელსაც დაუტევებენ. ეს სიყვარული რომ არ იყოს, კაცნი ოჯახს ვერ შექმნიდნენ. მშობლების ამოცანა შესრულებულია მას შემდეგ, რაც შვილები საკუთარ ოჯახს შექმნიან (ან მონაზვნად აღიკვეცებიან). ამის შემდეგ შვილებს მშობლების მიმართ ორი რამ მართებთ: განუზომელი პატივისცემა და სიყვარული. ცოლ-ქმარს პირველ რიგში დიდი სიყვარული ერთმანეთის მიმართ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა უყვარდეთ თავიანთი მშობლები. ცოლ-ქმარს ისე ძლიერ უნდა უყვარდეს ერთმანეთი, რომ ეს გრძნობა ნაპირიდან გადმოდიოდეს. ამ გარდამოდინებული ცოლქმრული სიყვარულის გამო ისინი შვილებს მეტი პატივისცემით და მადლიერებით უნდა მოექცნენ. ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უნდა იყოს კეთილშობილური; თითოეული მათგანი რაც შეიძლება მეტად უნდა ზრუნავდეს ერთიმეორის მშობლებზე. ოჯახში რომ სიმშვიდე და თანხმობა იყოს, ამისთვის საჭიროა ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უყვარდეს. ამქვეყნად შინაურთა და ნათესავთაგან არავინ უნდა იყოს მისთვის მასზე ძვირფასი, მშობლებს კი სიყვარული თავისივე ცოლის სიყვარულის მიერ უნდა მოჰფინოს. რა თქმა უნდა, ცოლიც ასე უნდა იქცეოდეს.

გაგრძელება
22206
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
sofi
0
ნამდვილად ესეა ზოგს გონია ოჯახური ბედნიერებისთვის ფულია მთავარი
13:45 / 17-07-2016
kiki
0
Es ro ase iko ki vicodi mara mixaria ro dadet. Bevrma ar icis da dapiqrdeba!!
18:06 / 11-01-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი