არადა ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებთ, მნიშვნელობა აქვს იყო ერთი ოსტატი. მთელი ცხოვრება სახლებს აშენებდა, მაგრამ დაბერდა და პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.
- წასვლა მინდა, - უთხრა უფროსს, - პენსიაზე გავდივარ. ჩემს მოხუცთან ერთად დავჯდები და შვილიშვილებს მოვუვლი.
უფროსს გული დასწყდა, კარგ ხელოსანთან დამშვიდობება რომ უწევდა. სთხოვა:
- მოდი, მაშინ ასე გავაკეთოთ. ბოლო სახლი ააშენე და მერე პენსიაში გაგიშვებთ. კარგი პრემიით!
ოსტატი დათანხმდა. ახალი პროექტის მიხედვით, პატარა ოჯახისთვის უნდა აეშენებინა სახლი და დაიწყო: შეთანხმება, მასალების ძიება, შემოწმება...
ოსტატს ეჩქარებოდა, მალე უნდოდა დასვენება. რაღაცებს ბოლომდე აღარ უღრმავდებოდა, აქა-იქ რაღაცებზე თვალი დახუჭა, იაფი მასალები იყიდა, რომლებიც უფრო სწრაფად საშოვნელი იყო... გრძნობდა, რომ ეს თავისი საუკეთესო ნამუშევარი არ იყო, მაგრამ თავს იმით იმართლებდა, რომ ეს მისი კარიერის დასასრული იქნებოდა. მშენებლობა რომ დაასრულა, უფროსს უხმო.
მან შეხედა სახლს და უთხრა ოსტატს:
- იცი, ეს შენი სახლია! აი, გამომართვი გასაღები და დასახლდი. ყველა საბუთი უკვე გაფორმებულია. ეს ფირმის საჩუქარია შენთვის, მრავალწლიანი სამსახურისთვის.
რაც ოსტატმა იგრძნო, მხოლოდ მან იცოდა. სირცხვილისგან გაწითლებული იდგა, გარშემო კი ყველა ტაშს უკრავდა, ულოცავდა ახალსახლობას და ეგონათ, რომ სიმორცხვისა და უხერხულობისგან წითლდებოდა, სინამდვილეში კი საკუთარი დაუდევრობისა რცხვენოდა. აცნობიერებდა, რომ ყველა შეცდომა და ნაკლი ახლა მის პრობლემებად იქცეოდა, გარშემო კი ყველა ფიქრობდა, რომ ოსტატი მოულოდნელმა საჩუქარმა გააოგნა. ახლა მას იმ ერთადერთ სახლში უნდა ეცხოვრა, რომელიც ცუდად ააშენა.
მორალი: ჩვენ ყველანი ოსტატები ვართ. ჩვენს ცხოვრებას ვაშენებთ ისევე, როგორც ეს ოსტატი პენსიაზე გასვლის წინ. არ ვავლენთ სათანადო ძალისხმევას, ვფიქრობთ, რომ ამა თუ იმ ნაშრომის შედეგები არც ისე მნიშვნელოვანია. რა საჭიროა ძალისხმევა? მაგრამ მერე ვაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ სახლში, რომელიც თავად ავაშენეთ. არადა ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებთ, მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დღეს ვაშენებთ სახლს, რომელშიც ხვალ ვიცხოვრებთ.