ეს წერილი რჩევის სახით ყველა მშობელსა და შვილს გამოადგება ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) საზოგადოება კარგად იცნობს. ის სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურება საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებს და მათ შორის ოჯახურ ურთიერთობებსაც. ამჯერად გთავაზობთ ერმოლაოსის წერილს საკუთარი შვილისადმი, რომელიც რჩევის სახით ყველა მშობელსა და შვილს გამოადგება.
"ჩემო შვილო, მინდა ცოტაოდენი რჩევა მოგცე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეინარჩუნო სულიერი სტაბილურობა ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში. ეკლესიის გარეთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანთა მოდგმის მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ეკლესიაში მიღებული მადლი სასწრაფოდ წაგვაცალოს ხელიდან. მაშ, როგორ შეუძლია თანამედროვე ადამიანს თავი დაიცვას ყოველდღიურ ყოფაში წამოჭრილი ცდუნებებისაგან, რით შეძლოს აღასრულოს უფლის მცნებანი, როგორ დაიცვას თავი რეკლამის, ტელევიზიის, მასმედიის მაცდუნებელი შემოტევისგან? მოდი ამ საკითხზე ერთი მაგალითის ფონზე ვიმსჯელოთ: დაუშვათ ადამიანმა ნახა ფილმი სიყვარულის თემაზე. ადამიანი ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილებების სიმძიმის ქვეშაა, მისი ფანტაზიები თითქოს აგრძელებენ ფილმის ისტორიას, ის იხიბლება, მოსწონს ეთანხმება და თანდათან დაუოკებელი სურვილი უჩნდება თვითონაც იყოს მსგავსი ისტორიის მონაწილე, მალე ჟინი ეკიდება და აი უკვე სცოდავს - მრუშობს. ასე ადვილად, ყოვლად უკონტროლოდ განეწყობა ადამიანი სასიკვდილო ცოდვისათვის-მრუშობს. რაც უფრო "კარგად" არის ფილმი გადაღებული, მით უფრო დიდხანს გრძელდება ფსიქიკაზე მისი ზემოქმედების დრო და მისი გონება ეჩვევა ცოდვას...სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის განუწყვეტელი წინააღმდეგობა - ომი სატანის ხრიკების წინააღმდეგ. ქრისტიანმა თავისი თავი უნდა ჩათვალოს ჯარისკაცად და ყველას და ყევლაფერს, რაც კი უფალს აცილებს, სასტიკი ომი გაუმართოს. ნუ დაღონდები, თუ ამ ბრძოლაში დაგჭრეს, თუ უნებლიეთ დაეცი. რაც არ უნდა მძიმე ჭრილობა იყოს, ისევ წამოდექი და განაგრძე ბრძოლა. უნდა იცოდე, რომ ეს ბრძოლა შენი სიკვდილის დღემდე გრძელდება, ასი წელი იცოცხლებ, ასი წელი გეომება დემონი, სანამ არ დაივიწყებ ღმერთს, სანამ არ უარყოფ იესო ქრისტეს, ამიტომ არასდროს არ უნდა დაკარგო სიფხიზლე და დაკვირვებულობა, უნდა იყო "გველივით ჭკვიანი", რომ სატანამ ეშმაკურად არ შემოგაპაროს რაიმე.
კიდევ ერთი მძლავრი იარაღი გვაჩუქა უფალმა სატანის ხრიკების წინააღმდეგ: მონანიება. თუ ადამიანს მუდამ ახსოვს თავისი ცოდვები და მომავალ სამსჯავროზე ფიქრობს, გულწრფელად ინანიებს და ტირის თავის შეცდომებს, ის გადალახავს ყველა ცდუნება. ცდუნებებთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა ასევე ღვთის განუწყვეტელი მეხსიერება. იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს: "ამაღლდი მიწიდან ოდნავ მღლა და ყველა შენი მტრები უძლურნი გახდებიან. რა მახეც არ უნდა დაუგონ ფრინველს, სანამ ის მღლა ფრინავს, ის უსაფრთხოდ არის. ასევე შენც ადამიანო, თუკი შენი აზრებით და გულით მიწაზე დახოხავ, მაშინ შენ მტრებით ხარ გარემოცული, ოდნავ ამაღლდი მწიდან და ყველა საფრთხე გაქრება."
უფალი იმისთვის უშვებს განსაცდელს, რომ აინტერესებს, თუ როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, როგორია რწმენა, როგორია ჩვენი პოზიცია, რა გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი ნებისყოფა. შესაბამისად გვიგზავნის თავის მადლს, სულიწმინდის ძალით გვეხმარება სულიერ დახვეწაში, განწმენდაში, სრულყოფილებაში. ამისთვის აქვს ადამიანს მოცემული მიწიერი სიცოცხლე. ის ვინც ბოლომდე მოითმენს, არ გადაუხვევს ღვთის გზას, გადასახლდება სამარადისო სიცოცხლეში დაუსრულებელი ნეტარებისთვის, მაშინ დაიწყება ჭეშმარიტი, მდუღარე, საინტერესო ცხოვრება. ადამიანი იქნება სრულყოფილი ღმერთკაცი, ყოველგვარ ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ ნაკლს მოკლებული და ექნება განუწყვეტელი ურთიერთობა უფალთან. ადამიანთა უმრავლესობას არ სჯერა ამ ბრწყინვალე პერსპექტივის და უგუნრად ეშვება ცოდვის მორევში. ღირსი მამა სიმეონ ახალი თეოლოგი ამას შემდეგნაირად ხსნის: "სცოდავენ, რადგან არა იციან რა სულიერი ნუგეშისა და სიხარულის შესახებ, რაც გულის სრული განწმენდით მოიპოვება, უფრო მეტიც, საერთოდ არ სჯერათ, რომ ადამიანს შეუძლია ვნებათაგან სრული განწმენდა და თავის გულში სულიწმინდის მიღება."
თეა ცაგურიშვილი