როგორ უნდა დაიცვას ორსულმა ნაყოფი და რომელი ხატები უნდა წაიღოს სამშობიაროში - ეკლესიური წესები ორსულთა და ჩვილებისთვის
როგორ უნდა დაიცვას ორსულმა ნაყოფი და რომელი ხატები უნდა წაიღოს სამშობიაროში - ეკლესიური წესები ორსულთა და ჩვილებისთვის
ფეხმძიმე და მშობიარე ქალს განსაკუთრებით სჭირდება გამხნევება და იმედი. ამ მისიას ეკლესიაზე უკეთ ვერავინ შეასრულებს. როგორ უნდა მოიქცეს ორსული, რომ თავადაც და მისი ნაყოფიც დაცულები იყვნენ ყველაფერ ავისგან. ამ და სხვა საკითხებზე განმარტებას გვაძლევს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).

- მამაო, ეკლესიური სწავლებით რა ევალება ფეხმძიმე დედას და როგორ უნდა იზრუნოს მუცლადმყოფ შვილზე?
- თუ ქრისტიანი დედა მუცელში მყოფ შვილს ღმერთს ავედრებს, მშვიდ ბავშვს
გააჩენს. ნაყოფი ყველაფერს გრძნობს. მას სიყვარულის "უბეში" სურს განსვენება, ყველას გვინდა, რომ სხვებს ვუყვარდეთ და ასევეა უფლისმიერ მონიჭებული ნაყოფიც.
ღვთისმშობელი უნდა დავსახოთ მისაბაძ დედად, იგი არასდროს შფოთავდა, არ ჩხუბობდა, არ იყო პრეტენზიული. დედის ლოცვა ნაყოფამდე აღწევს, ასევე მწუხარებაც. ნაყოფზე უნდა ვიზრუნოთ, ხშირად ვეზიაროთ, მოვასმენინოთ მსახურების სიტკბო ეკლესიასა თუ შინ ხატების კუთხესთან. ისტერიკებისა და დეპრესიების კასკადისგან უნდა ვიხსნათ შვილი. დედა პირველი ქრისტიანული სკოლაა მუცლად მყოფი ნაყოფისთვის. დედა, რომელიც ქრისტიანულად არ ცხოვრობს, სულიერად კლავს ნაყოფს, არ ზრუნავს მასზე. დედის მზრუნველობა ნაყოფზე ფსიქიკური მოწესრიგებით
უნდა დაიწყოს. ემბრიონს უკვე აქვს ადამიანის სული, რომელიც შეიცავს მომავალი სხეულის მთელ გეგმას. სხეული მატერიაში ჯერ განუხორცელებელია, მაგრამ სული უკვდავი აქვს. მშობელი იმედის ძალით უნდა ცხოვრობდეს, უიმედობა ორსულობის დროს ყველაზე საშინელი ცოდვაა. უფალზე დამყარებული იმედი კი ,"მუცლადღებული სამოთხეა".

- რომელი ხატი უნდა წაიღოს სამშობიაროში მომავალმა დედამ?
- ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატი ყრმა იესოსთან, რადგან დიდი ნუგეშია ამ დროს დედისა და შვილისთვის შეწევნა უფლისა. სხვადასხვა სახელწოდების ხატები გვხვდება, "ოდიგიტრია", "პანტოკრატორი", მაგრამ ჩვენ უნდა ვკითხოთ "ელეუსა" ანუ მოალერსე, "ყოველთა სიხარულთა სიხარული".

- ახალშობილს რომელი ხატი უნდა ვუყიდოთ და თუ შეიძლება ამის წინასწარ შეძენა?
- ნებისმიერი ხატის ჩუქება სასურველია, რადგან არ შეიძლება დაყოფა. ყველა ხატი სიხარულისაა და ჩვენი გაჭირვებისგან ხსნისა. წინასწარ ყიდვა არ იკრძალება, პირიქით, ამით გამოვხატავთ სიწმინდით მზაობას.

- დედის ლოცვის გარდა კიდევ რომელი ლოცვები უნდა წაუკითხოს ჩვილის დედამ?
- სანამ ბავშვი გაძლიერდება, კარგია ხშირად ვიკითხოთ პარაკლისი, ასევე ვასხუროთ ნაკურთხი წყალი. მღვდელს ვთხოვოთ კვეთასა და ბარძიმში მოიხსენიოს, ასევე საჯანმრთელო პარაკლისი წაუკითხოს. თუ ჩვილი მოუნათლავია ამ შემთხვევაში პირადი ლოცვებით უნდა ვთხოვოთ უფალს: ღმერთო შეიწყალე, ჯანმრთელი მიმყოფე, მართლმადიდებლობა შეასწავლე, სიხარულსა და ნუგეშს ნუ მოაკლებ. დაიფარე ყოვლისაგან ბოროტისა. დედის გულმა ითხოვოს და უფალი აუცილებლად შეუსრულებს. მორწმუნის ესმის ღმერთს.

- რატომ არა აქვს დედას ტაძარში შესვლის უფლება ბავშვის გაჩენიდან 40 დღის განმავლობაში? მოძღვარი დედას განწმენდის ლოცვას უკითხავს, ამას როგორ განმარტავთ?
- განწმენდის ლოცვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ძველი აღთქმა, მკვდარს თუ ვინმე შეეხებოდა, ან სასქესო ორგანიზმიდან რამე გარდამოვიდოდა, უწმინდურებად ითვლებოდა. სიკვდილი ცოდვას გვახსენებს, შვილის შობაც ხომ ტკივილით გვიანდერძა ღმერთმა, რაც ცოდვას უკავშირდება. დედების განწმენდა ეკლესიის პრაქტიკაში დაწესდა ადრეული ეპოქიდან. ახალ აღთქმაში კი უფალი უშვებს მკვდარზე ხელის შეხებას, სისხლმდინარე იკურნება სამოსის დადებით მაცხოვრის სხეულზე. მაცხოვარი გვიჩვენებს ამ სიუჟეტებით, რომ უწმინდურება არ არსებობს. ქალი არ გაუკიცხია, მან განკურნა და გაათავისუფლა ამ სენისგან და სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაო, უთხრა. ამით მაცხოვრისეულ ტრადიციებს ვიმეორებთ და ძველ რჯულსაც პატივს ვცემთ. ამიტომ 40 დღე არ მიდის ქალი ტაძარში, თუმცა მას აქვს ამის უფლება, სახლშიც შეუძლია სეფისკვერიც მიიღოს და ნაკურთხი წყალი. განწმენდის ლოცვით კი დედას მადლობას უხდის ეკლესია ახალი წევრის შეძენისა და სულიერი მხნეობისთვის, ხოლო მას სულიერი და სხეულებრივი სნეულებებისგან კურნებას უსურვებს.
იგივე ითქმის დედათა წესის დროსაც, ქალს შეუძლია ტაძარში შესვლა. ადრე პრაქტიკული მიზეზების გამო იკრძალებოდა და ბევრმა მამამ ეს გადამოიღო ჩვენს დროშიც.

- ხშირია, როცა ბავშვებს ჯვართან ერთად გიშერს კიდებენ არ გაითვალოსო, კიდევ ათასგავრ ცრუ რწმენებს აქცევენ ყურადღებას, თქვენ როგორ ახსნით?
-ბავშვის დაბადება ოჯახში ღვთისგან მოვლენილი წყალობაა, რომელსაც დაცვა, მოვლა და პატრონობა სჭირდება. სანამ თავისუფალი ნება ფორმირდება, მანამ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერში, შემდეგ თვითონ ირჩევს, რა სურს. დაცვაში არ იგულისხმება გიშრის ჩამოკიდება და დანის საძინებელ ქვეშ დადება. ცრუ რწმენებზე ყურადღების მიპყრობა უფრო ცრუს გვხდის და ბოროტზე მოიმედეს. ქრისტემ ჯვარი გვიანდერძა, გიშერი ვინ დაგვიტოვა? ქრისტემ ბავშვის უსაფრთხოებისთვის ლოცვა გვასწავლა! დანისა და დამცავი თვალებისა კი ვინ? კარგად როდესაც ჩავუკვირდებით ჩვენს რელიგიას, შემდეგ ვხვდებით ცრუ რწმენების აბსურდულობას. 40 დღის განმავლობაში თითქოს არ შეიძლება ბავშვს სურათი გადაუღო, ვინმეს აჩვენო, გარეთ გაიყვანო, რადგან თვალი მოხვდებაო... არ უნდა გვეშინოდეს გათვალვისა თუ წყევლის, რადგან ყველაზე დიდი მაწყევარი და მტერი ეშმაკი ჰყავს კაცობრიობას, მისი მოდგმა კი ნარჩენებია ამ ხილულ სამყაროში. ქრისტესთან ყოფნით ხატები და ლოცვა დაგვიცავს, ქრისტიანული ცხოვრება, თუ ქრისტესთან არ ვიქნებით, ვერც ჯვარი გვიხსნის და ვერც გიშერი.
თეა ცაგურიშვილი
46653
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ალისა
0
უფალმა სისხლმდინარე განკურნა, ეს უწმინდურება რომ ყოფილიყო დასჯისა. ეკლესიის ტრადიციაა უბრალოდ 40 დღე დედა ეკლესიაში რომ არ შედის, მსგავსად სულისა, მირქმას.
13:31 / 30-05-2015
dedas
0
თქვენ ალბათ ამ მამაოზე უკეთ იცით არა?
09:26 / 30-05-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი