რომელ ხატს უნდა ვემთხვიოთ, რა მნიშვნელობა აქვს სანთლის დანთებას როგორ უნდა მოვიქცეთ ტაძარში შესვლისას, რომელ ხატს უნდა ვემთხვიოთ, რა მნიშვნელობა აქვს სანთლის დანთებას და რატომ ვწერთ მოსახსენებელს, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება:
- არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენს ტაძრებში სრული ქაოსი და უწესრიგობაა. როგორ შეიძლება ადამიანი ტაძარში შევიდეს და ვერ მიხვდეს, რისთვის შევიდა, რა უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ, ტაძარში შესულ ადამიანს არ აინტერესებს, რომ სიჩუმე უნდა დაიცვას, არ იხმაუროს, იქნებ წირვა-ლოცვა აღევლინება. ძალიან ბევრი ადამიანი ტაძარში მაგიურად გადაადგილდება. მაგია გაუგებარი სიტყვებისა და მოქმედებების ერთობლიობას ნიშნავს. ზოგი ისე გამოისახავს პირჯვარს, თითქოს გიტარას უკრავსო. საჭიროა, პირჯვარი სწორად გადავიწეროთ და სასურველია, ტაძარში მაშინ შევიდეთ, როცა ღვთის მსახურებაა, ან მწუხრი, ცისკარი და ლოცვა, თუმცა რა თქმა უნდა, შესვლა ყოველთვის შეიძლება.
ადამიანთა უმრავლესობა ტაძარში შედის სათხოვარით. ზოგს ფინანსური პრობლემა აქვს, ზოგს მატერიალური ან სულიერი. ყველა ოჯახს ხომ თავისი წესი აქვს. როცა სტუმრად მივდივართ, მასპინძელი როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, იქ ხმაურს არ დავიწყებთ, იმ ოჯახის წესს დავიცავთ და ქუდს დავიხურავთ, მით უმეტეს, თუკი ჩვენი თავი მართლმადიდებელ ქრისტიანად მიგვაჩნია და როცა უფლის სახლში შევდივართ, ბუნებრივია, იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ და იქაურ წესს დავემორჩილოთ, რომელიც კედელზე იქნება გამოკრული ან რომელზეც მესანთლე, სტიქაროსანი ან მოძღვარი მიგვითითებს.
როგორც კი ტაძარში შევდივართ, იქ იესო ქრისტე გვეგებება. სტიქაროსანში, მესანთლეში, მგალობელში, დიაკვანსა და მღვდელში ჩვენ ყველგან ღვთისმსახური ადამიანი უნდა დავინახოთ, რომელიც ღმერთმა იმისთვის დაადგინა, რომ წესრიგისკენ მოგვიწოდოს და წუთები, რომელიც უფალთან მისაახლოებლად გამოყავი, ფუჭად გატარებული არ იყოს. ტაძრებში ადამიანები ძირითადად, ერთმანეთს ათვალიერებენ, განიკითხავენ და წირვა-ლოცვას სანახაობრივი თვალსაზრისით უყურებენ, ხოლო ის ადამიანი, ვინც მწუხარებაშია, ახლობელი ჰყავს პატიმარი ან სნეული, მხოლოდ ისინი ლოცულობენ გულით და სულით. ასეთები სამწუხაროდ, ერთეულები არიან. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, ადამიანების 80% მაგიურად ესწრება წირვა-ლოცვას. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, მათი გონება შესავალ-გასავალით არის დაინტერესებული.
-ხშირად იმ წმინდანთან ვანთებთ სანთელს, რომელიც ჩვენი აზრით, ამა თუ იმ სათხოვარს შეისმენს.
-კი ასე იციან. ახლა მე სანთელს დავანთებ სპირიდონ ტრიმიფუნტელთან და სახლში აუცილებლად ბარაქა მექნება. ხანდახან მაცხოვრის ხატთან უფრო ნაკლები სანთელი ანთია, ვიდრე რომელიმე სხვა რიგით წმინდანთან, იმიტომ, რომ ადამიანები ტაძარში უფრო მატერიალური დამოკიდებულებით შედიან.
გაგრძელება