ადამიანები არ უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ. უბრალოდ, არ შეუძლიათ სიყვარული! - სად მიდის სიყვარული? – ჰკითხა პატარა ბედნიერებამ მამას.
- ის კვდება, - უპასუხა მამა, - შვილო, ადამიანები არ უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ. უბრალოდ, არ შეუძლიათ სიყვარული!
პატარა ბედნიერება დაფიქრდა: აი, გავიზრდები დიდი და ადამიანებს დავეხმარები!
წლები გავიდა. ბედნიერება გაიზარდა და დიდი გახდა. ახსოვდა თავისი პირობა და მთელი ძალით ცდილობდა ადამიანების დახმარებას, მაგრამ მათ არ ესმოდათ. თანდათან ბედნიერება დიდიდან პატარად და საწყლად გადაიქცა. ძალიან შეეშინდა, სულ არ გამქრალიყო და შორეულ გზას დაადგა, თავის გადასარჩენი წამალი რომ მოეძებნა.
დიდხანს იარა თუ ცოტა ხანს, ბევრი გზა გაიარა, თუმცა გზად არავინ შეხვედრია და კიდევ უფრო ცუდად ხდებოდა. დასასვენებლად ერთი ჩრდილიანი ხე აირჩია და წამოწვა. ის-ის იყო ჩათვლიმა, რომ მოახლოებული ნაბიჯების ხმა შემოესმა. თვალები გაახილა და რას ხედავს: ტყეში მოხუცი ქალი მოდის, მთლად კონკებში შემოსილი, ფეხშველი. ბედნიერება მისკენ გაემართა:
- დაბრძანდით. ალბათ დაიღალეთ. უნდა დაისვენოთ და მომაგრდეთ.
მოხუცს ფეხები მოეცელა და ბალახზე დაეცა. ცოტა რომ დაისვენა, ბედნიერებას თავისი ამბავი უამბო:
- საწყენია, როცა მოხუცად გთვლიან, არადა, ისეთი ახალგაზრდა ვარ, და სიყვარული მქვია!
- ეგ როგორ, თქვენ სიყვარული ხართ?! – გაოცდა ბედნიერება, - მე კი მეუბნებოდნენ, რომ სიყვარული ყველაზე მშვენიერია, რაც კი არსებობს ამქვეყნად!
სიყვარულმა ყურადღებით შეხედა და ჰკითხა:
- შენ რა გქვია?
- ბედნიერება.
- მართლა? მეც მეუბნებოდნენ, რომ ბედნიერება მშვენიერი უნდა იყოს.
ამ სიტყვების თქმა რომ დაასრილა, სარკე ამოაძვრინა თავისი კონკებიდან. ბედნიერებამ თავის ანარეკლს შეხედა და მწარედ ატირდა. სიყვარული გვერდით მიუჯდა და ნაზად მოეფერა.
- ეს რა გვიქნეს ბოროტმა ადამიანებმა? – ამოიოხრა ბედნიერებამ.
- არაფერია, - მიუგო სიყვარულმა, - თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, მალე გავხდებით ახალგაზრდებიც და მშვენიერებიც.
სწორედ იმ ჩრდილიანი, ლამაზი ხის ქვეშ შეთანხმდნენ სიყვარული და ბედნიერება, არასდროს განშორებოდნენ ერთმანეთს. მას მერე, თი ვინმეს ცხოვრებიდან მიდის სიყვარული, მას აუცილებლად მიჰყვება ბედნიერებაც, ისინი ცალკე არ არიან. ადამიანები კი ამას ახლაც კი ვერ ხვდებიან.