თუ ცხოვრებაში არ გაგვიმართლა, გვგონია, რომ წინაპართა ცოდვის გამო ვისჯებით ყველას გვსმენია, რომ წინაპართა ცოდვები შთამომავლობას მოეკითხება. თუ ცხოვრებაში არ გაგვიმართლა, გვგონია, რომ წინაპართა ცოდვის გამო ვისჯებით.
მართლაც გადადის თუ არა ცოდვა შთამომავლობაზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:
- ეს საკითხი დიდ დაინტერესებას იწვევს და მუდმივად განსხვავებული პასუხები გვხვდება. გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრების მძიმე პირადი ცოდვების მიზეზით წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავლობა, ე.ი. მამის ცოდვისათვის წარწყმედას მიეცეს ოჯახი, შვილები. წმინდა წერილში ამ საკითხს უამრავი მაგალითი მოეძებნება: "ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს" (II სჯ. 24. 16). მეორე თვალსაზრისიც არსებობს: "და მოჰხადნა ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავამდე" (გამ. 34. 6-7). პავლე მოციქული ბრძანებს: "ადამში ყველამ სცოდა", პირველად როდესაც დაეცა ადამი, მთელმა კაცობრიობამ დაკარგა სინათლე, ვინაიდან პირველმშობელი გახლდათ ადამი და მან სიბნელე აირჩია. იუდეველებს ისიც მიაჩნდათ, რომ ადამიანი ბრმა თუ დაიბადებოდა, ეს მისი მშობლების ბრალი იყო, მაგრამ ეს შეგნება დაურღვია ქრისტემ და უთხრა შემკითხველებს: არც ამან შესცოდა და არც მშობელთა მისთა (ინ. 9.3).ნებისმიერი ცოდვის მიდრეკილებები შემოდის მშობლისგან შვილზე, მაგრამ არჩევანი მასზეა თუ საითკენ მიიდრიკება: ცოდვას დაუხრის თავს, ან შეეწინააღმდეგება. მამაჩემი სიძვით ან ლოთობით რომ შესცოდავს, ის ჩემს სულზე არ გადმოდის. ასე რომ იყოს, აღსარებაში მშობელთა ცოდვებს უნდა ვინანიებდეთ მუდმივად. თუმცა, მათ მიერ ჩადენილ უკუღმართობას თუ ვამართლებთ, ამ შემთხვევაში იგივე ცოდვით შეპყრობილნი ვხდებით. უფალს შენდობა უნდა ვთხოვოთ მათ მიერ ჩადენილ უკუღმართობაზე, მუდმივად გადავიხადოთ პანაშვიდი მათი სულისთვის
- ხშირად ამბობენ, წინაპართა ცოდვები შვიდ თაობაზე ან ცხრა თაობაზე გადადისო, რამდენად მართალია და რომელი ცოდვა შეიძლება იყოს ეს?
- პირველქმნილი ცოდვა ყველაზე გადმოდის, მიუხედავად ასაკისა, მაგრამ ნათლობით იწმინდება ადამიანის სული. მშობლების ცოდვების გამო არასდროს ისჯება შვილი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს. რაღა თქმა უნდა, შედეგები და მიდრეკილებები ექნება პატარას მამისეული ცოდვებისკენ. მშობლების სულიერი მდგომარეობა აისახება შვილის სულზეც. მამის ცოდვას ვინც გაყვება, მას აუცილებლად მოეკითხება, ვინაიდან საკუთარი ნებით შთამომავლობას გადასცემს უღმერთობას. უფალი ადამიანის გულს ხედავს და გულის ქმედებებით განისჯება: რაშიც გპოვებ, იმაში განგსჯი, - გვითხრა უფალმა. ადამის დაცემამ სამყაროში ხრწნა შემოიტანა, დალპა არა მარტო ადამიანი, არამედ ატმოსფეროც, დაბინძურდა ჰაერი, შეიცვალნენ ცხოველები. ერთი ადამის ცდომამ დააკოჭლა ქვეყანა. ეს ცოდვა ნამდვილად გადმოდის ჩვენზე და ამიტომაც ვამბობთ, რომ ნათლობით აღიხოცება მხოლოდ. მოუნათლავ ადამიანს მოეკითხება სიბნელეში სიარული. რჯულისმიერად ყველას მოგვეთხოვება ნათლობა. მშობლის პირადი ცოდვები ჩვენ არა გვაქვს მოსანანიებელი, ადამიანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს. თუმცა ზემოქმედება მუდმივად განიცდება და უფალი მოგვკითხავს უმოქმედობას, ცოდვებისადმი მიმდევრობას. კაინის შთამომავლობა გამორჩეულნი იყვნენ მზაკვრობაში, ხოლო სეითისა რჩეული ადამიანებით იყო "დაკომპლექტებული", ვინაიდან ისინი მისდევდნენ მამათა გზას. ქამის გამო იწყევლება მისი მოდგმა, ვინც მის გზას გაყვება. დავითის შეცოდების გამო 70 000 ადამიანი იღუპება, მაგრამ მისი სინანულით აღდგენილ იქნება სიწმინდე (2 მეფ. 24). ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს, არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს: მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება (ეზეკ. 18. 20). ადამიანი რასაც აირჩევს, იმას მოიმკის, შეუძლია მამის გზა უარყოს და ჭეშმარიტებას შეუერთდეს.
- თქვათ ვიცით, რომ ჩვენმა წინაპარმა ვიღაც მოკლა... თავად ცოცხალი აღარ არის და ვერ მოინანია. შთამომავლობამ რა შეიძლება გააკეთოს?
- მკვლელობა ყველაზე სასტიკი ცოდვაა, უფალი ბრძანებს: რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართლის სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასა, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის (მთ. 23.35). იმ მოდგმას მოეთხოვება, როდესაც სინანული არ აქვთ და პირიქით, არც რამეს მოქმედებენ გარდაცვლილის სულზე. მუდმივად უნდა იხადონ პანაშვიდები, უფალს სთხოვონ შენდობა მათი ოჯახისწევრისგან ჩადენილი ცოდვის გამო, ებრაელებივით არ უნდა სთქვან: მაგის სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზეო... უმეტესად, გულის ხმამაღალი ცრემლით მუდმივად შეაგზავნონ გარდაცვლილის სახელი წირვის ჟამს. მღვდელს სთხოვონ მუდმივი წირვები მის სახელზე. ეს არის ნამდვილი, ქრისტიანული თავდადება. ადამიანს წავართვით ღვთისგან ნაჩუქარი სიცოცხლე, ჩვენი ვალია სულიერი სიცოცხლის ჟამს ლოცვითი სათნოებები შევმატოთ. გასცენ მოწყალება მოკლულუს სახელზე, ოჯახის წევრებს აუცილებლად დაუზავდნენ, მაგათმა თუ არ მიიღეს ეს დიდს არ ნიშნავს, ჩვენი გული აღსავსე ქრისტიანული სვლით მუდმივად სიწმინდისკენ უნდა იხრებოდეს და ვავსებდეთ. ღმერთი გამგონს უგონებს.
თეა ცაგურიშვილი