ცოლ-ქმარს ჯობს, ერთი მოძღვარი ჰყავდეს - როგორ უნდა შეარჩიოთ მოძღვარი
ცოლ-ქმარს ჯობს, ერთი მოძღვარი ჰყავდეს - როგორ უნდა შეარჩიოთ მოძღვარი
როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას გადაწყვეტს, სულიერი მოძღვარიც უნდა შეარჩიოს. მოძღვარი მას სწორ გზაზე დადგომაში დაემარება და სულიერი ცხოვრების კეთილად წარმართვაში შეუწყობს ხელს. უფრო ვრცლად ამასთან დაკავშირებით საუბარი ვთხოვე დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარს, მამა ირაკლი დუმბაძეს.

- ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებთ, მანამდე მოძღვრის შერჩევა გვჭირდება, როგორ უნდა შევარჩიოთ სულიერი მოძღვარი?

- წმინდა მამები გვირჩევენ,მოძღვრის შერჩევამდე ვილოცოთ,რათა ღმერთი თავად დაგვეხმაროს ამ საპასუხისმგებლო საქმეში. არ არის აუცილებელი პირველსავე შემხვედრ მღვდელს მოძღვარი დავუძახოთ. კარგი იქნება თუ ჯერ მის ქადაგებებს
მოვუსმენთ, პირადად გავესაუბრებით , რაღაც პერიოდი მასთან პირადი ურთიერთობა გვექნება და ამის შემდეგ ვუწოდოთ მას მოძღვარი.

- ცოლ-ქმარს ჯობია ერთი მოძღვარი ჰყავდეს თუ სხვადასხვა?
- აუცილებლობიდან გამომდინარე შესაძლებელია მორწმუნემ აღსარება სხვადასხვა სასულიერო პირს ჩააბაროს,მაგრამ მოძღვარი ერთია,რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას წარმართავს. კარგი იქნება თუ ოჯახს საერთო მოძღვარი ეყოლება რათა ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებში მისმა მადლიანმა და ბრძნულმა დარიგებებმა სწორი გამოსავალი გვაპოვნინოს.

- შეიძლება თუ არა მოძღვრის შეცვლა?
- მოძღვრის ხშირი შეცვლა არ არის კარგი,მაგრამ თუკი ვხედავთ, რომ რაღაც ეტაპზე მოძღვარი ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს, შესაძლებელია სხვა გამოცდილი სასულიერო პირი მოვძებნოთ.

- შეიძლება თუ არა მოძღვარს
შვილის ნათლიობა შესთავაზო?
- თუკი მოძღვრისთვის ზედმეტი ტვირთი არ იქნება, შეიძლება შვილის ნათლიობა ვთხოვოთ,მაგრამ არც მისმა უარმა უნდა დაგვწყიტოს გული და ამის გამო მის მრევლობაზე გული ავიცრუოთ.

- რა მოვალეობა აკისრია მოძღვარს სულიერი შვილის ცხოვრებაში?
- წმინდა მამები გვასწავლიან,რომ ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი განღმრთობაა, რისთვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება და სწორი ქრისტიანული ცხოვრებაა აუცილებელი.ეს ყველაფერი კი დედა ეკლესიის წიაღში მიიღწევა.ღმერთმა ეკლესიაში სასულიერო იერარქია დაადგინა.მოძღვარი ქრისტეს მოძღვრებით,საკუთარი გამოცდილებით და პირადი მაგალითით ეხმარება მრევლს,რათა ღვთისაკენ სავალ გზაზე უშეცდომოდ იაროს,ხოლო დაცემის შემთხვევაში კვლავ ფეხზე დააყენოს. ყველა სიკეთე, რომელიც მორწმუნე ადამიანის სულიერი აღმშენებლობისთვისაა დადგენილი(აღსარება,ზიარება)მოძღვრის ხელით გვეძლევა. მრევლისთვის მოძღვარი მაგალითია ქრისტეს ერთგულებისა და მისდამი თავგანწირული მსახურებისა. იგი ყველაზე დიდი მეგობარიცაა,რომელსაც მორწმუნე თავისი სულის იდუმალ მხარეებს ანდობს. მოძღვარი ერთგვარი მეოხია მრევლისათვის ღვთის წინაშე.

თეა ცაგურიშვილი
ტეგები: მოძღვარი
3315
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი