ცნობილი ფსიქოთერაპევტის პრაქტიკული რჩევები ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი მთავრდება და გზა არსად ჩანს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ეს რთული ეტაპი ახლის დასაწყისია. ერიხ მარია რემარკი წერდა: ”თავისუფალია მხოლოდ ის, ვინც ყველაფერი დაკარგა". ამ გზავნილს მხოლოდ ის ადამიანი გაიგებს, რომელიც პრაქტიკულად არაფრის გარეშე დარჩა. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია საიმედო საყრდენი და მტკიცე სულიერი მდგომარეობა.
გთავაზობთ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის პოლინა გავერდოვსკის საინტერესო და სასარგებლო რჩევებს:
ერთხელაც მარტო დარჩი. სინამდვილეში ყოველთვის მარტო იყავი, უბრალოდ ამას ცოტა მოგვიანებით მიხვდი. მშობლები კვდებიან, შვილები იზრდებიან, სამსახური მთავრდება და ა.შ. იმსხვრევა ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ გუშინ კარგად ფუნქციონირებდა. გახსოვდეს: მარტოობა ყოველთვის ზურგს უკან გიდგას, როგორც გარდაუვალი ზამთარი. ჯობს, ამას მომზადებული შეხვდე, მე მოგიყვებით, როგორ:
ყველას შეცვლა შეიძლება - ოჯახის წევრების გარდა
არავინ და არაფერი არ არსებობს ერთ ეგზემპლარში. შემოუშვი ახალი ნაცნობები შენს ცხოვრებაში მაშინაც კი, თუ ჯერ ვერ ხვდები, გაქვს თუ არა რაიმე საერთო მათთან.
ყოველთვის გასინჯე ახალი: საჭმელი, ტანსაცმელი, ვარცხნილობა, მარშრუტი, აქტივობა, ფილმი, წიგნი და ა.შ. ნუ დაუშვებ, რომ შენი ტვინი ჩაიციკლოს ერთსა და იმავეზე, ყოველთვის გასინჯე ახალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გეზარება, გეშინია ან არ გინდა.
მიუტევე ყველას, ვისი მიტევებაც შეგიძლია, დანარჩენები - დაივიწყე. დავიწყება საუკეთესო სასჯელი და საუკეთესო წამალია. და ჯობს, არასოდეს არავისთან იკამათო - სჯობს, ლაქი წაისვა.
არსად არ გეჩქარება. ყველაფერი, რაც სწრაფად ხდება, დიდხანს ვერ არსებობს. თუ ნამდვილად გინდა რაიმეს გაკეთება - გააკეთე. თუ გადაიფიქრე, ე.ი. არ იყო საჭირო. ნებისმიერი სურვილი და ქმედება, რომელიც რისკთანაა დაკავშირებული, გვერდზე გადადე.
ეს პუნქტი წინა პუნქტის დამატებაა: თუ ძალიან გინდა რაღაცის გაკეთება და მიგაჩნია,რომ ეს სწორია - გააკეთე. სწორედ სურვილია სიცოცხლე. მიეცი უფლება შენს ფიქრსა და ოცნებას, იცხოვრონ შენში, ოღონდ თვალი ადევნე და მიჰყევი მას.
არ დანებდე. სანამ სურვილი გაქვს რაიმეს შექმნისა და კეთებისა, უნდა გააკეთო. წარმატება - გამოცდილებაა. ნებისმიერი წარუმატებლობა - გამოცდილების ნაკლებობაა და კომპენსირდება გამოცდილებით. გამბედაობა და რისკიც გამოცდილებაა. მოთმინება, შენდობის უნარი, დამოუკიდებლობა და სიმტკიცე - ეს ყველაფერი გამოცდილებაა. მთავარია არ დანებდე, სანამ რაიმეს კეთების სურვილი გაქვს.
არ არსებობს დასასრული მაშინაც კი, თუ ეს დასასრულია. ყველაფერი წარმავალია. გახსოვდეს, როცა დარდიანი ხარ, როდესაც საყვარელი ადამიანის საფლავთან დგახარ, როდესაც სწერ წერილს ადამიანს, რომელმაც მიგატოვა... აუცილებლად დადგება დღე, როდესაც იტყვი: ”ალბათ ასე ჯობდა”. არ არსებობს დასასრული: ერთხელაც მიხვდები, რომ მარტო დარჩი და ეს აზრი გიშველის.
აკეთე რაც გინდა, ოღონდ იზრუნე შენს ორგანიზმზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაგიხდის სამაგიეროს. დაიწყე უბრალო სეირნობით, ცურვითა და იოგით და შენი სხეული, შენი ორგანიზმი აუცილებლად გიპასუხებს.
რომანტიკა, სიყვარული და ლტოლვა - ეს მშვენიერია. ნუ გაურბიხარ მათ, და ნურც ფიზიკურ სიახლოვეს საყვარელ ადამიანთან.
უკანასკნელი, რაზეც ღირს ნერვიულობა - რას იფიქრებს შენზე ხალხი. ადამიანები ძირითადად საკუთარ თავებზე ფიქრობენ, და ხანდახან შენზეც, თავიანთი გადმოსახედიდან. ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი.
გეშინოდეს თავდაჯერების. ეს მარაზმის დასაწყისია. საჭიროა დაეჭვებაც, სხვადასხვა ვარიანტზე ფიქრიც, განსჯა, ფიქრი.
P.S. შეიძლება, ბევრ პუნქტში შეგეპაროთ ეჭვი. მე ჯერ არ გამომიცდია - მარტო არ დავრჩენილვარ. თუმცა ერთადერთი პუნქტი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ესაა: გაუფრთხილდი მეგობრებს. მეგობრები ერთადერთია, რომელთა რაოდენობაც შეგიძლია მუდმივად გაზარდო... ერთხელაც თუ მარტო დავრჩები, მაშინვე მოვლენ ჩემი მეგობრები და მეტყვიან: ”აბა, ხომ არ გასულელდი, შენ მარტო არ ხარ, ჩვენ ხომ შენ გვერდით ვართ!”
გახსოვდეს: კოკისპირულ წვიმას ყოველთვის კაშკაშა მზე მოსდევს. ეს ბუნების კანონია. ნებისმიერი კრიზისი - ეს არის საშუალება დაიწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.