აღზრდის მეთოდები გამუდმებით უნდა დახვეწოთ ფსიქოლოგბი გვარწმუნებენ, რომ ბავშვებს თავიანთი თვისებები მშობლებისგან გენებით გადაეცემათ. ეს თვისებები თანდათან, ხელშემწყობი ფაქტორების ზეგავლენით "იფურჩქნება" კარგი მშობელი ვალდებულია, ბავშვს პოზიტიური მხარეები გაუძლიეროს, უარყოფითი კი დაჩრდილოს, მაგრამ თავად რა თვისებების მატარებელნი უნდა იყვნენ მშობლები, რომ ეს შეძლონ?
1. სიყვარულის ნიჭი
ბავშვს მალ-მალე უნდა უთხრათ, რომ გიყვართ. უანგაროდ უნდა გიყვარდეთ და იმაზე არ ფიქრობდეთ, მომავალში როგორ დაიბრუნებთ მისგან ამ სიყვარულს.
2. მოთმინების უნარი
ეს თვისება ბევრ მშობელს აკლია. ყოველდღიურად უპასუხო ათასი შეკითხვას, აიტანო უმიზეზი ჭირვეულობა, გაუძღვე ოჯახურ საქმეებს - მართლაც დიდ სულიერ ძალას მოითხოვს.
3. პატიოსნება და გულწრფელობა
ასეთი უნდა იყოთ არა მარტო ბავშვის, არამედ საკუთარი თავისა და ყველას წინაშე. თუ ბავშვის თანდასწრებით ვიღაცას სიყვარულს ეფიცებით, შემდეგ ასევე ბავშვის თვალწინ ზურგსუკან ლანძღავთ, ჩათვალეთ, რომ შვილის მომავალ ხასიათში სიცრუის მარცვალი უკვე დათესეთ.
4. თავშეკავება
"ეს არ გააკეთო, ასე არ მოიქცე, იქ არ წახვიდე, ამას ნუ იცვამ... " ნაცნობი სიტყვებია. თუ ბავშვს კალთაზე გამოიბამთ, მისგან ძლიერი პიროვნება ვერასოდეს დადგება. გახსოვდეთ, რომ ბავშვსაც აქვს შეცდომის დაშვების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების, ინდივიდუალიზმის უფლება. მშობელმა მხოლოდ ტაქტიანად უნდა მოახერხოს კორექტირება.
5. თავდაჯერებული
ასეთი მშობლები ხასიათის ამ თვისებას ბავშვებსაც უნერგავენ. მათი შვილები გაცილებით მალე აღწევენ დამოუკიდებლობას.
6. დიპლომატიური
აღზრდის მეთოდები გამუდმებით უნდა დახვეწოთ. მეთოდები, რომლებიც 4-5 წლის ბავშვთან ეფექტური იყო, 10 წლისასთან აღარ გამოგადგებათ. ამიტომ მოქნილი ურთიერთობები და დიპლომატია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ ბავშვი გარდატეხის ასაკს უახლოვდება.
7. ზომიერი სიმკაცრე
ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მათთვის ყველაფერი ნებადართული არაა. თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ, რაღაცებზე თვალის დახუჭვაც საჭიროა.
8. ტაქტი
ეს ხასიათის ნამდვილად ფასდაუდებელი მხარეა. თუ ეს თვისება გაქვთ, თქვენს შვილებს ძალიან გაუმართლათ.
9. აკურატულობა
თუ ეს მშობელს აკლია, ბავშვიც ვერასოდეს ისწავლის. სხვა კომენტარი ზედმეტია.
10. სიტყვის პატრონი
ბავშვს რა მოთხოვნებსაც წაუყენებთ, მათი შესრულებაც აუცილებლად უნდა მოითხოვოთ. რაშიც ეჭვი გეპარებათ, რომ თავს ვერ გაართმევს, სჯობს სულ არ დაავალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლის ავტორიტეტს ჩრდილი ადგება. იგივე ითქმის დაპირებებზეც. მხოლოდ იმას დაპირდით, რისი შესრულების თავიც გაქვთ - მიცემულ სიტყვას შესრულება სჭირდება.