რომელია ქრისტიანულად საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის
რომელია ქრისტიანულად საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის
ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრებაში - ირჩევ ადამიანს, ვისთანაც უნდა გაატარო დარჩენილი ცხოვრება და გაინაწილო ოჯახის სიმძიმე. ამ მოვლენას სულიერად და ხორციელად შემზადებული უნდა შეხვდე. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

- ქორწინება ღვთის დიდი განგებულების ნაწილია. როდესაც უფალმა ადამი შექმნა სამოთხეში, თქვა, რომ არ იყო კარგი მისი მარტო ყოფნა, ამიტომ შეუქმნიდა შემწეს, დამხმარეს. უფალმა ადამს გვერდიდან გამოუღო ნეკნი და მისგან შექმნა დედაკაცი - ადამს შეუქმნა ქალი, რასაც ძალიან დიდი სულიერი დატვირთვა აქვს.

- არის თუ არა
გამრავლება ქორწინების ერთადერთი მიზანი?
- გამრავლება ქორწინების ერთ-ერთი მიზანია - უფალმა გამრავლებაზე აკურთხა ადამიანები, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ესეც არ არის. არსებობენ ინდიფერენტული ადამიანები, რომლებსაც, მონასტერში რომც არ წავიდნენ და შინ იცხოვრონ, ხორციელი ურთიერთობის მოთხოვნილება არ ექნებათ. მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებშიც ვნებები მძლავრობს და დათმენა უჭირთ; ახალგაზრდებს ჭარბად აქვთ ჰორმონები და ვნებებს ვერ უმკლავდებიან. სჯობს, ასეთებმა ოჯახი შექმნან, ვიდრე მრუშობასა და სხვა ცოდვებში ჩავარდნენ. ამიტომაც წერდა პავლე მოციქული, ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთო.

- რომელი ასაკი ითვლება საუკეთესოდ ოჯახის შესაქმნელად?
- ძველად 14-15 წლის გოგონებს ათხოვებდნენ. ქალს მეუღლის სახლში ხვდებოდა სულიერად გამართული ოჯახი თავისი ტრადიციებითა და ზნე-ჩვეულებებით. დიდი
პაპა და დიდი ბებია, პაპა და ბებია და ქმრის მშობლები - ყველანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. ასეთ ოჯახში ახალბედა ცოლ-ქმრის გამოზრდა და გამობრძმედა ხდებოდა. დღეს კი ახალდაქორწინებულებს მარტო ურჩევნიათ ცხოვრება. შეუღლდებიან სულ ნორჩი, გამოუცდელი ბავშვები და სურთ, თავიანთი ძალებით გაუმკლავდნენ ბობოქარ წუთისოფელს. ამიტომაც ხშირად მარცხდებიან და მათი ქორწინებაც განქორწინებით ანუ ღვთის საიდუმლოს დარღვევით მთავრდება. დღეს, თანამედროვე სინამდვილეში, ქორწინება ალბათ მაინც სრულწლოვანების ასაკს უნდა ემთხვეოდეს. ამ დროს საჭიროა არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სულიერი და ფსიქოლოგიური მომზადებაც.

- ნაადრევ ქორწინებასაც და ნაგვიანევსაც თავ-თავისი უარყოფითი მხარეები აქვს...
- ვიმეორებ, დღეს სხვა დროა და ქალიც და მამაკაციც უფრო მომზადებული უნდა შეხვდნენ ოჯახის შექმნას, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რამეთუ უმეტესად მარტოებს უწევთ სოციუმთან გამკლავება. ადრეულ ასაკში დაქორწინება იმით არის კარგი, რომ ახალგაზრდების გენეტიკა უფრო ჯანსაღია და ბავშვებიც უფრო ჯანმრთელები იბადებიან, თანაც, რაც უფრო ახალგაზრდაა დედა, მით მეტი შვილის გაჩენა შეუძლია და დროც და ენერგიაც მეტი აქვს მათ გასაზრდელად.

- რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?
- ქალწულება არ არის მხოლოდ ანატომიური წარმონაქმნი, იგი ხორციელზე მეტად სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის - უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება.
სამწუხაროდ, დღეს სხვაგვარად ხდება. ხშირად წყვილები ჯვრისწერის გარეშე ქორწინდებიან, ილხენენ, მხიარულობენ, მაგრამ ასეთი ლხინი უგემურია. სულიერი თვალთახედვით, ეს ლხინი ქორწილად არ ითვლება.
გაჩნდა ახალი, "თანამედროვე" მიდგომაც - მამაკაცი და ქალი ჯერ ერთდებიან, ცდიან ერთმანეთის ხასიათს, ერთად ცხოვრების სხვა მხარეებს და თუ მოეწონათ ერთად ყოფნა, სულიერადაც და ხორციელადაც თუ შეეწყვნენ ერთმანეთს, მაშინღა იწერენ ჯვარს. ასეთი საქციელი უფლის გამოცდაა, მის წინააღმდეგ სვლაა. როგორ შეიძლება სულიერად შეეწყონ ერთმანეთს, თუ სულიერებას თავიდანვე არღვევენ?
გარდა სულიერი მხარისა, ამ ქმედებას ხორციელი შედეგებიც აქვს: სულიერი ცოდვა ხორციელ დაავადებებს იწვევს. ასეთი კავშირი მრუშობაა, ეს ცოდვა კი ხორცსაც ალპობს და სულსაც.

- ზოგიერთნი დღესაც მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით უღლდებიან...
- მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას ეკლესია მრუშობად თვლის, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. პავლე მოციქული ამბობს, თუ წარმართ მეუღლეთაგან ერთ-ერთი მოექცევა - მართლმადიდებელი გახდება, მეორეს კი ეს არ სურს, მათი ქორწინება კურხეულ კავშირად ითვლება და არა მრუშობად. მათ შეუძლიათ გასცილდნენ ერთმანეთს, მაგრამ ინიციატივა მართლმადიდებელი მეუღლისგან არ უნდა მოდიოდეს. მოციქული გვირჩევს, რომ სჯობს, ასეთი ოჯახი არ დაინგრეს, რადგან ქმარი ცოლით განიწმინდება, ცოლი კი ქმრით. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჯვარდაუწერლად შეუძლიათ თანაცხოვრება. თუ მეუღლეც მოექცევა, ჯვარსაც დაიწერენ.
იხილეთ სრულად
3780
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
fff
0
და რომელია ვერ გავიგე საუკეთესო ასაკი
16:52 / 23-04-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი