ყველა ჩათვლის, რომ თქვენ ცუდი მშობელი ხართ და ბავშვს ცუდად ზრდით შეიძლება, ბევრი მშობელი, რომელიც თავისი შვილების აღზრდის პროცესს აანალიზებს, ერთხელ მაინც იფიქრებს, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ჯობდა, სხვაგვარად მოქცეულიყო. თუმცა... შეცდომა აღზრდის დროს ყველაზე ძნელი გამოსასწორებელი და ყველაზე სავალალოა. თუმცა თუ მშობლები უფრო ხშირად ჰკითხავენ საკუთარ თავს, სწორად იქცევიან თუ არა, თუ სათანადო ლიტერატურასაც ხშირად გაეცნობიან, იქნებ შეცდომაც ნაკლები იყოს. თქვენ წინაშეა ის გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ ახალგაზრდა, გამოუცდელი მშობლები.
ერთიანი მოთხოვნები ოჯახში
ბავშვი თავის ჩვევებსა და შეხედულებებს იმ გარემოში აყალიბებს, იმ საზოგადოებაში, სადაც იზრდება და ვითარდება, ანუ პირველ რიგში, ოჯახში. იდეალური ვარიანტუა, როცა ორივე მშობელს ერთიანი წარმოდგენა აქცს აღზრდაზე. თუმცა ხშირად სულ სხვანაირად ხდება.
ერთსა და იმავე სიტუაციაში მშობლები ერთმანეთის საპირისპიროდ იქცევიან. მაგალითად, დედა დაიჟინებს, რომ ბავშვი არ იჯდეს საათობით ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, მამა კი ამბობს, რომ ამაში არაფერია ცუდი და ბავშვი ვითარდება. ან კიდევ უარესი – დედას როცა თვითონ "აწყობს", მაშინ რთავს ბავშვს რაღაცის ნებას, ხოლო როცა თავად არ არის ამის ხასიათზე – უკრძალავს, ანუ ორმაგ სტანდარტებს იყენებს.
ორივე შემთხვევა დამაბნეველია ბავშვისთვის და ხშირად ის სარგებლობს კიდეც ამით. მერე რა, რომ დედა მიშლის, სამაგიეროდ, მამამ მომცა ნება.
ასეთ შეცდომას ნუ დაუშვებთ, ორივე მშობელი ერთ აზრზე უნდა იყოს ბავშვის აღზრდის საკითხში.
გაწონასწორებულობა
პრობლემების, ზრუნვისგან თუ სხვა უსიამოვნებებისგან დაღლილი მშობლები, გაღიზიანებულები ბავშვზე გადადიან და ხშირად ნებისმიერი უბრალო სიცელქის გამო მეტისმეტად უყვირიან ან ფიზიკურად სჯიან. რას იღებენ შედეგად? ბავშვი ვერ იგებს, როდის რისთვის სჯიან, არ იღებს სამართლიანად მშობლის შენიშვნას და ძალადობას მერე თანატოლებთანაც მიმართავს. მას ჰგონია, რომ ასეც უნდა იყოს, რაკი მშობლები ასე იქცევიან. არ უყვიროთ ბავშვს, წონასწორობის შენარჩუნება ყოველთვის შეიძლება – ერთ წუთს გაჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, და მერე დაფიქრდით, სამართლიანად ბრაზდებით თუ არა. თუ გაქვთ მართლაც მიზეზი, მაინც არ უყვიროთ, ისე აუხსენით და გააგებინეთ, რომ ყვირილი არ დაგჭირდეთ.
თქვენი შვილები საუკეთესოები არიან
ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე ბევრი მშობლის საყვარელი "აღზრდის მეთოდი" - ვინმესთან შედარება. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ბავშვი შეიძლება ჩუმად პაექრობს კიდეც – მეგობართან, თანაკლასელთან. მშობლისგან ასეთი ფრაზები: "`რა უუნარო ხარ, ერთი შეხედე შენს მეგობარ ნიკას..." - ბავშვს ძალიანს ტკენს გულს და იმ შედეგს სულაც არ მიიღებთ, რისთვისაც იღწვით. ამით მასში შურსა და აგრესიას გააძლიერებთ და თვითშეფასებასა და თავდაჯერებას დააქვეითებთ.
ბავშვები ერთნაირად ძვირფასები არიან
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ერთნაირად მოექეცით მათ. არ შეიძლება, ბავშვებმა იგრძნონ, რომ რომელიმე უფრო გამორჩეულად უყვართ: უფრო ეფერებიან, უკეთეს საჩუქრებს ჩუქნიან, მეტ დროს უთმობენ. ამას დიდ ასაკშიც კი არ დაიწყებენ და ერთ დღეს მწარე საყვედურებით განანებენ.
მშობელი შვილის მისაბაძი მაგალითია
ბავშვებს სურთ ამაყობდნენ მშობლებით. აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც წარმატებულები და მატერიალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ისინი, მთავარია, ისინი ქცევის, საუბრის, აზროვნების კარგ მაგალითს იძლეოდნენ. ყოველთვის, როცა გეზარებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, თავის მოწესრიგება, გაპრანჭვა თუ საკუთარი ინტელექტის ამაღლებაზე ფიქრი, გაიხსენეთ, რომ თქვენ მინიმუმ ერთი აქტიური მიმდევარი გყავთ.
ბავშვები – დამხმარეები
ასწავლეთ ბავშვებს საოჯახო საქმეები. ყოველთვის უნდა გამოყოთ მცირე დრო, რომ ასწავლოთ თუნდაც საკუთარი ოთახის, ნივთების, სამოსის მოწესრიგება. ეს მას კარგ ჩვევებსაც უვითარებს, დისციპლინასაც აჩვევს და თქვენც ცოტათი გიმსუბუქებთ შრომას.
განუვითარეთ საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის კულტურა
დღეს ესეც ერთ-ერთო გავრცელებული შეცდომაა. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს "დამოუკიდებლად", "თამამად" და "ლაღად" ზრდის და არანაირ შენიშვნას არ აძლევს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში. სინამდვილეში, ეს სილაღე და თავისუფლება ხშირად უზრდელობასა და თავხედობაში გადადის. ბავშვს ადრეული ასაკიდან უნდა განუვითაროთ ელემენტარული კულტურის წესები – რომ ნაგავი არ უნდა დაყაროს ქუჩაში, არ უნდა იყვიროს საზოგადოებრივ ადგილებში, მეზობელ სკამზე მჯდომ ქალს თმა არ უნდა მოქაჩოს, სხვის ჩანთაში არ უნდა ჩაძვრეს, უცხო ბავშვი სასრიალოდან არ უნდა გადმოაგდოს, ცუდი სიტყვები არ უნდა თქვას და ა.შ. ამას მინიმუმ, უცხო ადამიანის ძალიან უსიამოვნო შენიშვნა მოჰყვება, რაც გვენდეთ, ძალიან გატკენთ გულს, და მაქსიმუმ გარშემო ყველა ჩათვლის, რომ თქვენ ცუდი მშობელი ხართ და ბავშვს ცუდად ზრდით – ეს კიდევ უფრო მეტად გატკენთ გულს.
კულტურას მიაჩვიეთ საკუთარი მაგალითით და არა უშავს, თუ სხვა არავინ იქცევა კულტურულად. თქვენ იყავით მაგალითი და დადებითად გამორჩეული, ასე ჯობს თქვენთვისაც, ბავშვის მომავლისთვისაც და ზოგადად – ქვეყნის მიმავლისთვისაც.