როგორ უნდა მიიღოთ და სად უნდა შეინახოთ სეფისკვერი
როგორ უნდა მიიღოთ და სად უნდა შეინახოთ სეფისკვერი
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს და მოსახსენებელთან ერთად ვაგზავნით საკურთხეველში.
სეფისკვერი ანუ "სეფე კვერი", "რჩეული პური" საფუვრიანი ცომისგან გამომცხვარი ორნაწილიანი მრგვალი კვერია. სეფისკვერის ორი ნაწილი სიმბოლურად მაცხოვრის ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს გამოხატავს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი წარწერით: "იესო ქრისტე ძლევაი". წარწერა ხუცურად სრულდება. სეფისკვერის სიმრგვალე სიმბოლურად
ქრისტეში კაცობრიობის მარადიულობას გამოხატავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის არის შექმნილი. სეფისკვერი რამდენიმე სახის არსებობს.

წირვის აღსასრულებლად ხუთი დიდი სეფისკვერი მზადდება. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს, როცა მედავითნე მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვებს კითხულობს, საკურთხეველში მღვდელი კვეთას ასრულებს - ხუთივე სეფისკვერიდან პატარა ნაწილებს ამოჭრის. ნაწილები ამოიღება სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს - ჩვენს გამოსახსნელად ჯვარცმულს, უფლისთვის შეწირულ ტარიგს. სწორედ ამ ნაწილებით ვიღებთ მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდა ზიარებას ევქარისტიული კანონის აღსრულების შემდეგ.

სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებისთვის საგანგებო ლოცვაც არსებობს: "უფალო ღმერთო ჩემო, შენგან ბოძებული სეფისკვერი და წმიდაი წყალი ესე მექმნეს მე საკურნებელად სულისა და ხორცისა, მოსატევებელად
ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა და გულისა ჩემისა, აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ". ამის შემდეგ მივიღებთ სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს. არსებობს სეფისკვერის სხვა სახეობაც - არტოსი. ეს არის დიდი სეფისკვერი, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში აღსავლის კარებშია დაბრძანებული და უდიდეს მაკურთხებელ ძალას იძენს, თომას კვირას კი წირვის შემდეგ ურიგდება მორწმუნეებს. მისი მიღება შეიძლება ავადმყოფობის ან დიდი სულიერი განსაცდელის ჟამს. შინ წმინდა სეფისკვერს, არტოსსა და ნაკურთხ წყალს ხატების კუთხესთან ვინახავთ. იხილეთ სრულად
5894
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```