ბავშვზე დიდი საჩუქარი ღმერთს ოჯახისთვის არ შეუქმნია მსოფლიოს უდიდესმა ქველმოქმედმა, დედა ტერეზამ კაცობრიობისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე აბორტის წინააღმდეგ სიტყვა წარმოთქვა. მისმა განცხადებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიო საზოგადოებაზე. შეხედეთ აბორტს დედა ტერეზას თვალით და სიცოცხლის ფასს უკეთ იგრძნობთ.
"ფული, რაც მსოფლიოში ადამიანის გასანადგურებელი საშუალებების შექმნას ხმარდება, მათ კვებას, თავშესაფარს და განათლებას რომ ხმარდებოდეს, სამყარო ბევრად მშვენიერი იქნებოდა.
ნუ დახოცავთ ჩასახულ ბავშვებს!
მთელი გულით მოგმართავთ - ყველა ეროვნების ადამიანს, მათ, ვისზეც დიდი გადაწყვეტილებებია დამოკიდებული. ასევე დედებს, მამებს, ბავშვებს, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებ ადამიანებს.
ყველა ჩვენგანის სიცოცხლე იმის შედეგია, რომ ღმერთმა შეგვქმნა და შეგვიყვარა ჩვენც და ჩვენი მშობლებიც, რომლებმაც უარი არ თქვეს ჩვენზე, მიგვიღეს და სიცოცხლე გვიბოძეს. სიცოცხლე ღმერთის უდიდესი საჩუქარია, მაგრამ მას ომებით, ძალადობითა და აბორტებით ვანადგურებთ. ამის გამო ტრიალებს სამყაროში უამრავი უბედურება, არადა სინამდვილეში სიყვარულისთვის ვართ შექმნილნი.
მჯერა, გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ დაუბადებელი ბავშვიც ისეთივე ღვთისგან შექმნილი ადამიანია, როგორიც მე და თქვენ. როგორ შეგიძლიათ, ეს იცოდეთ და გამიზნულად მოუსპოთ მას სიცოცხლე? მზარავს იმ ადამიანებზე ფიქრი, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ აბორტის მომხრეთა რიგებში დგებიან.
როცა ამ ქვეყნიდან წავალთ, ჩვენი სიცოცხლის შემოქმედის წინაშე პირისპირ წარვდგებით. ვინ აგებს პასუხს მილიონობით ბავშვის სიცოცხლეზე, ვისაც სიცოცხლის და სიყვარულის შანსი არ მივეცით?
ღმერთმა უზარმაზარი სამყარო გვიბოძა, სადაც ყველასთვის მოიძებნება ადგილი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიდი გული, რომ ყველა ბავშვი მივიღოთ და შევიყვაროთ.
ბავშვზე დიდი საჩუქარი ღმერთს ოჯახისთვის არ შეუქმნია. არასოდეს თქვათ უარი ამ საჩუქარზე. ვლოცულობ, რომ ყველა თქვენგანს იმდენი რწმენა ჰქონდეს, რომ ყველა ადამიანში ღვთის სახე დაინახოთ, მათ შორის არდაბადებულებშიც.
ღმერთმა დაგლოცოთ!
დედა ტერეზა. კაირო. 1994 წლის 5 სექტემბერი.