ნათლობისა თუ ჯვრისწერის კელაპტრები, კვრები, მირონიანი პირსახოცი და ბეჭდები - როგორ შევინახოთ ან მოვიხმაროთ ისინი ნათლობა და ჯვრისწერა ჩვენი ცხოვრები განუყრელი რიტუალებია. მათი აღსრულების შემდეგ გვრჩება ნივთები, რომლებსაც განსაკუთრებულ მოპყრობას სჭირდებათ. ნათლობისა თუ ჯვრისწერის კელაპტრები, კვრები, მირონიანი პირსახოცი და ბეჭდები - როგორ შევინახოთ ან მოვიხმაროთ ისინი.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- რა ნივთები გვჭირდება ნათლობის რიტუალის შესასრულებად?
- უპირველესად სულიერი ,,ნივთები"" სჭირდება ადამიანს, რომელსაც რწმენა ეწოდება. მოსანათლად განმზადებულ კათაკმეველს (მოუნათლავი) განუმზადებენ ჯვარს, პირსახოცს, სანთელს, ნათლობის მოწმობას. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ეს ტაძრებში აქვთ ყოველივე.
- ჯვრისწერისთვის?
- ბეჭედი, სანთელი, ჯვრისწერის მოწმობა. ეკლესია არაფერს ითხოვს მორწმუნისაგან, გარდა სარწმუნოებისა და სულიერი მსხვერპლისა.
- როდის უნდა დავანთოთ ნათლობის კელაპტრები? ამბობენ, რომ ყოველ დაბადების დღეზე. მართლაც ასეა?
- სულიერად დაბადება, დაბადების დღის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი ხორციელად უნდა იშვას, სულიერი ნათელი რომ იხილოს, სხვა გზა არ არსებობს; ამდენად, ადამიანი დაბადების დღისას ყველაზე მეტად განიცდის ამ სიხარულს, მაგრამ სხვა სასიხარულო დღეებშიც შეუძლია დაანთოს.
- ხშირად, ერთმანეთში ერევათ ხოლმე ოჯახის წევრების ნათლობის სანთლები, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?
- დიდი დანაშაული არ არის, რწმენით დავანთოთ. უმჯობესია, თავიდანვე ცალკე დავაკომპლექტოთ, რომ არევამ შინაგანი შფოთი არ გამოიწვიოს ჩვენში. მეტი პასუხისმგებლობა საქმეში სიწმინდის განმაპირობებელია.
- თუ სანთლები დიდი ხნის შენახვის შემდეგ შეილახა ცუდად ხომ არ იმოქმდებს მონათლულზე?
- სანთელი მოხრილობა თუ სისწორე არ არის ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი. ძალით შებილწვა და შელახვა სიწმინდის უდიდესი ცოდვაა, მაგრამ დრო თუ ლახავს და ვერ ვუვლით, უკეთესი იქნება დავანთოთ.
- თუკი ადამიანი გარდაიცვალა და ნათლობის ნივთები, სანთლები, პირსახოცი და ჯვარი დარჩა ამ შემთხვევაში რა ვქნათ?
- სანთელი დავანთოთ მის საფლავთან, ჯვარი შეგვიძლია სხვას ვაჩუქოთ, ვისაც არა აქვს, ხოლო პირსახოცი თუ შესაძლებელი იქნება საფლავთან დავმარხოთ ან სიწმინდეებთან ერთად დავწვათ.
- ნათლობის ჯვრის ყოველდღე უნდა ვატაროთ? ბავშვებმა?
- ჯვარი ნათლობისას სულის იარაღად გვეძლევა, მან უნდა დაგვიცვას ჩვენ, მისი შენახვა მიუღებელია, არასდროს არ უნდა მოიხსნას ქრისტიანმა. ასაკს არა აქვს მნიშვნელობა.
- როცა ბავშვს ოქროს ჯვარია აქვს, მაგრამ არ გვინდა, რომ ბავშვი ოქროთი დადიოდეს, რა შეგვიძლია ამ დროს მოვიმოქმედოთ?
- თუ იმის შიში გვაქვს ოქროა და არ დაკარგოს ეს არასწორია. ჯვარი გნებავთ ხისა, გნებავთ ბრილიანტისა, ღვთის წინაშე ორივეს ერთი ფასი აქვს. ორივეს კრძალულებით უნდა მოვეპყრათ. თუ ძალიან პატარაა და ვერ მოუფრთხილდება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მყარი და მოკლე საბელი გავუკეთოთ. ზოგიერთი ყიდის ჯვარს, ასეთ დროს ვურჩევთ ხის ჯვარი უყიდონ.
- ნათლობის პირსახოცის გამოყენება შეიძლება?
- დაუშვებელია, საერთოდ არ გამოიყენება
- როცა რამდენიმე ნათლობის ჯვარი გვაქვს, რომელი უნდა ვატაროთ?
- ნებისმიერი.
- ნათლობის ჯვრის დაკარგვის ან გატეხვის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? ხომ არ ითვლება დანაშაულად?
- სიწმინდეებიც კი იცვითება, როდესაც მუდმივ ხმარებაშია და მათი ,,დაფვლის"", "დამარხვის"" წესი არსებობს ტაძრებში. დანაშაული არის გაუფრთხილებლობა.
- ჯვრისწერის კელაპტრები როდის ინთება?
- ოჯახური სიხარული როდესაც გვეწვევა, შეგვიძლია უფალს მადლობა შევსწიროთ და სანთელი ავანთოთ.
- ჯვარნაწერი ბეჭდის ყოველდღიურად ტარება სავალდებულოა?
- სავალდებულო არ არის, მაგრამ კარგია ადამიანმა ატაროს, ამით მეტად დაცული ხდება პირონება გარეშე თვალთაგან, სურვილი ნაკლებად გაუჩნდებათ მისი გაცნობის.
- თუ ჯვარდაწერილი ბეჭედი დავკარგეთ, როგორ მოვიქცეთ?
- უბრალო ბეჭედი შევიძინოთ და ის ვატაროთ.
- ზოგჯერ მშობელი თავის ახალგაბედნიერებულ შვილს თავის ჯვრისწერის ბეჭედს ჩუქნის, რადგან ახლის ყიდვის საშუალება არა აქვს. ეს გამართლებულია?
- აკრძალული არ არის, ვინაიდან ბეჭედს სულიერი მნიშვნელობა აქვს. ადრეულ საუკუნეში კი ბეჭედი ოჯახის ძლიერებას განასახიერებდა, ვინაიდან ყველა ხელშეკრულებას ბეჭდით ადასტურებდნენ. სწორედ ის ბეჭდები გადადიოდა მამიდან შვილზე. ოჯახის ერთგვარი საგანძური იყო, მთელი ქონება ბეჭდით გადადიოდა.
- გაყრის შემთხვევაში გოგო ქმრის ოჯახის მიერ ნაჩუქარ ოქროულს ხშირად უკან აბრუნებს. ჯვარნაწერ ბეჭედზე უარის თქმაც შეიძლება?
- ჯვრისწერის ანულირების შემთხვევაში, გოგოს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება რას გააკეთებს. ყოველი ნივთი რაღაც ან განსაკუთრებულ მოვლენებს გვახსენებს, შესაბამისად ქალმა გადაწყვიტოს მეხსიერებაში უნდა შემორჩეს ძველი ცხოვრება თუ არა.
- ჯვრისწერისას ტრადიციულად, ბაჯაღლო ოქროს ბეჭდებს იყენებენ. ეს გამართლებულია?
- აკრძალული არ არის. ვერცხლი უკეთესია. დღევანდელი რეალობით ყველაზე მისაღები და ძვირფასი მასალაა.
- გარდაცვლილს ჯვარნაწერი ბეჭედი ან ნათლობის ჯვარი უნდა ჩააყოლონ? რა ბედი ეწევა ამ ნივთებს?
- შვილებისთვის დატოვება უკეთესია, ნივთს მიწა შეჭამს და გააფუჭებს, ცოცხლებს კი ემახსოვრებათ წინაპრები. ჩვენი მეფეების ნივთებს სახელდახელოდ ვინახავთ და ვამაყოფთ, ასევე უნდა მოვექცეთ ოჯახისწევრთა ნივთებსაც.
იხილეთ ასევე: შეიძლება თუ არა "ცუდი" ნათლიის შეცვლა და დედის დასწრება ნათლობაზე
თეა ცაგურიშვილი