საკმარისია შინაურულად დაველაპარაკოთ ამა თუ იმ ონკოლოგს, რომ კულუარულ საუბრებში აღიარებს: კიბო სასოწარკვეთილი ადამიანების დაავადებაა ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ბევრ ჩვენგანს ჟრუანტელი უვლის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად ამ სნეულების ეშინიათ. მათ აფრთხობს ტკივილი და ტანჯვა და, რაც ყველაზე მთავარია - ავადმყოფობის შეუქცევადობა, გარდაუვალი დასასრული, რასაც იგი იწვევს. "კიბო" კვლავინდებურად განაჩენივით ჟღერს, თუმცა დიდი ხანია ასე აღარ არის: ონკოლოგიურ დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.
ჩვენ საკუთარი შიშის ტყვეობაში ვიმყოფებით და ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამით ისევ ამ მძიმე სენს ვიზიდავთ, კიბოს წამალი კი თავად ჩვენშია... რიგი ექიმების აზრით, კიბო განაწყენებულთა ავადმყოფობაა, თუმცა, ცხადია, ამ თვალსაზრისს ყველა როდი იზიარებს. ანდა როგორ უნდა დაეთანხმო, როდესაც იგებ, მაგალითად, ხუთი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ჰემობლასტოზით იტანჯება? ბავშვები ყველაზე მეტად სისხლმბადი ორგანოების კიბოთი სნეულდებიან. მაგრამ რას ნიშნავს "ყველაზე მეტად?" სტატისტიკის მიხედვით კიბოთი 450-დან ერთი ბავშვი შეიძლება დაავადდეს. შედარებისთვის: პნევმონიაზე მოდის ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 19%, ხოლო ბანალური დიარეა, რასაც ხშირად სერიოზულად არც აღვიქვამთ, პატარების 18%-ს იწირავს. რა თქმა უნდა, კიბოთი გატანჯული ბავშვების მშობლებს ეს მონაცემები ვერ დაამშვიდებს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი...
იმაზე, რომ კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ, რომ იგი საკმაოდ "დემონიზირებულია" და სწორედ ამიტომ არის სახიფათო. არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე "განწირულის" დაღი ატარონ.
ამასთან, მოზრდილ მოსახლეობაში სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის. კიბო საიქიოში სამჯერ ნაკლებს ისტუმრებს - სულ 17%-ს, მაგრამ ვის ახსოვს ეს? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუკი, ბოლოს და ბოლოს, კიბოს წამალს გამოიგონებენ და ეს დაავადება არსებობას შეწყვეტს, კაცობრიობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ზედმეტი წონის პრობლემას გადაწყვეტენ, ადამიანები მთელი ოთხი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ! აქედან კი რა გამოდის? ის, რომ კიბო არც ისე საშიშია, როგორც მას ხატავენ...
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს. უბრალოდ, ექიმები და ფარმაცევტები უმალავენ მას მოსახლეობას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა ხომ ძალზე ძვირი ჯდება. მაგრამ საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არავითარი შეთქმულება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კიბოს უნივერსალური წამალი. ეს დასახელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს.
ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრდის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს, ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყველას თავისებური მკურნალობა ესაჭიროება. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სწორედ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ცხადია, საკამათოა და ოფიციალური მედიცინა მას ბოლომდე არც იზიარებს. მაგრამ საკმარისია შინაურულად დაველაპარაკოთ ამა თუ იმ ონკოლოგს, რომ კულუარულ საუბრებში იგი გულწრფელად აღიარებს: კიბო უიღბლო, სასოწარკვეთილი ადამიანების დაავადებაა, რომლებმაც დაკარგეს ცხოვრების ინტერესი და გამუდმებით სტრესს განიცდიან. ფსიქოლოგებს კი ეჭვი არ ეპარებათ
- ონკოლოგია ნეგატიური ენერგიის დაგროვების შედეგია.
იგი ჭამს ორგანიზმს, ადამიანის სული და სხეული ხომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ადამიანებმა უძველესი დროიდან მიაქციეს ყურადღება. პირველი ცნობები ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველეგვიპტურ პაპირუსებში გვხვდება. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში რომაელმა ესკულაპმა გალენმა შენიშნა, რომ გულმხიარული ქალები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან კიბოთი, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებიც უმეტესად სევდიან განწყობაზე არიან.
თითქმის თხუთმეტი საუკუნის შემდეგ კი მისმა ინგლისელმა კოლეგამ, ექიმმა ჯონ ჰენდრონმა თავის სამედიცინო ტრაქტატში პირდაპირ მიუთითა კიბოსა და "იმ ცხოვრებისეული ტრაგედიების ურთიერთკავშირზე, რომლებიც დიდ უსიამოვნებებსა და კაეშანს იწვევენ" . იმავე აზრს გამოთქვამდნენ ექიმები მე-18 და მე-19 საუკუნეებშიც. თავიანთ შრომებში ისეთ ფენომენებს, როგორებიცაა "პირქუში ხასიათი" , "სულიერი განცდები" , "აუხდენელი ოცნებები" , "იმედგაცრუება" , "ძლიერი მღელვარება" - კიბოს თანამგზავრებს უწოდებენ და ხშირად მის პირდაპირ მიზეზებადაც კი მიიჩნევენ!
პირველი სერიოზული სამუშაო, რომელიც მიეძღვნა ადამიანის ნეგატიური ემოციებისა და ონკოლოგიის შესაძლო კავშირს, ჩაატარა ინგლისელმა ექიმმა სნოუმ, 1893 წელს. მისი 250 ონკოლოგიური პაციენტი ქალიდან 156-მა ასეთი რამ განაცხადა: ავადმყოფობას წინ უსწრებდა სერიოზული უსიამოვნებები და ახლობელ ადამიანთა დაკარგვა. 43 ქალბატონს კიბო, შესაძლოა, განუვითარდა რაღაც მექანიკური დაზიანებების შედეგად, თუმცა ამ ჯგუფიდან 15-მა ქალმა სავარაუდო მიზეზებად ასევე დაასახელა მათ თავს დატეხილი უბედურებები.
32-მა პაციენტმა თავისი უკიდურესი გაჭირვება აღიარა და წუხდნენ, რომ იძულებული იყვნენ მძიმე სამუშაოები შეესრულებინათ. და მხოლოდ 19-მა ავადმყოფმა ვერ შეძლო, სნეულების გამომწვევი მიზეზები დაედგინა. ამ მონაცემთა საფუძველზე სნოუ შემდეგ დასკვნამდე მივიდა: "კიბოს სხვადასხვა ფორმის გამომწვევი ყველა შესაძლო მიზეზიდან შედარებით მძლავრია ნევროტიკული ხასიათის მიზეზები. მათგან ყველაზე ხშირია სულიერი განცდები, რასაც მოჰყვება გაჭირვება და ქანცის გამწყვეტი შრომა" . გაგრძელება