დიდი პედაგოგის რჩევები მშობლებს - იგი ცდილობდა, უფროსებისთვის ბავშვების ენა ესწავლებინა ცნობილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე იანუშ კორჩაკი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდა, უფროსებისთვის ბავშვების ენა ესწავლებინა, ეხმარებოდა მათ, რათა უკეთ გაეგოთ თავიანთი შვილებისთვის და ჰარმონიულ პიროვნებებად აღეზარდათ ისინი. ჩვენ უკვე გაგაცანით მისი ცნობილი ათი მცნება მშობლებისთვის, ახლა კი გთავაზობთ იანუშ კორჩაკის 10 რჩევას, უფრო სწორად, ათ ნაბიჯს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გადადგას.
1. არასოდეს მოატყუოთ ბავშვები. ზოგჯერ გვგონია, რომ ტყუილი საჭიროა, მაგრამ მოგვიანებით ეს სიცრუე ძვირი გვიჯდება - შვილის ნდობას ვკარგავთ ან სამყაროზე წარმოდგენას ვუმახინჯებთ. ბავშვისთვის ძალიან ძნელია ცხოვრობდეს ისეთ სამყაროში, სადაც მშობლის სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.
2. თუ არ იცით, რა პასუხი გასცეთ კითხვაზე, სჯობს გაჩუმდეთ და დაფიქრდეთ. არაფერი დაშავდება, თუ კითხვაზე პასუხს მეორე დღეს გასცემთ. თუ პასუხის გაცემა არ გსურთ იმიტომ, რომ სიმართლე ბავშვს დააზარალებს ან თავად თქვენ გაგანადგურებთ მის თვალში, გახსოვდეთ: ბავშვს ნებისმიერი სიმართლის გაგება შეუძლია, თუ მას უფროსებიც სწორად აღიქვამენ. ამიტომ ჯერ თავს გაუმკლავდით და შემდეგ უპასუხეთ შვილს. მთავარია, არ მოატყუოთ.
3. არასოდეს დაივიწყოთ დანაპირები. გულმავიწყობა ტყუილის ნაირსახეობაა. თუ მაინც დაგავიწყდათ, ამ ამბავს ისე ნუ "გაატარებთ", თითქოს არაფერი მომხდარა. აუხსენით ბავშვს, რომ დაგავიწყდათ და აუცილებლად შეასრულებთ მიცემულ სიტყვას. ამით მის ნდობას არ დაკარგავთ. დარწმუნდება, რომ პატივს სცემთ და თავადაც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ დანაპირებს.
4. ნუ შეაფასებთ ყალბად. ნუ ეტყვით, რომ შესანიშნავად დაუხატავს სურათი, როცა ამ დროს მის ნახატს კი არა, ტელევიზორს მისჩერებიხართ. თუ ტელეგადაცემას თვალს ვერ აშორებთ, სჯობს უთხრათ, რომ ახლა დაკავებული ხართ და მოგვიანებით აუცილებლად ნახავთ მის ნამუშევარს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, მართლაც ნახოთ ეს ნახატი.
5. ნუ ეცდებით საკუთარი შეცდომების საჩუქრებით გამოსწორებას. თუ შვილთან საურთიერთოდ დროს ვერ ნახულობთ, ამას საჩუქარი ვერ აანაზღაურებს. ეს დანაკლისი ისევ ურთიერთობით აანაზღაურეთ. ერთად გაისეირნეთ.
6. თუ შეცდით, გულწრფელად სთხოვეთ პატიება. უფროსებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყოველთვის მართლები არიან და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მათ სურთ. ნებისმიერი დიქტატორული მიდგომა ბოროტებას შეიცავს, ეს არ დაგავიწყდეთ.
7. მიეცით არჩევანის საშულება ნებისმიერ ვითარებაში. საკვების, სამოსის, სათამაშოსა თუ დასასვენებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამით საკუთარი აზრის გამოხატვასაც ისწავლის და იბრძოლებს კიდეც საუთარი პრონციპებისთვის.
8. მისი უარი პატივისცემით მიიღეთ. მას აქვს "არას" თქმის უფლება. თუ მზად არ ხართ, მისი უარი მიიღოთ, მაშინ ნურც შეეკითხებით.
9. ნუ შეამოწმებთ, დედა უფრო უყვარს თუ მამა. ნუ აიძულებთ, თავი დამნაშავედ იგრძნოს, რადგან ამა თუ იმ მომენტში ერთ-ერთ მშობელს მიანიჭებს უპირატესობას. ის დედ-მამას ერთმანეთს არ უნდა ადარებდეს, პირიქით, თითოეული მისთვის შეუცვლელი ფიგურა უნდა იყოს.
10. შეაქეთ ხოლმე თქვენი შვილი. აუცილებლად აღნიშნეთ მისი კარგი საქციელი და წარმატება ყველა ასპექტში, თუმცა ნუ ეტყვით - "შენ ყველას ჯობიხარ". ადვილი არ არის, საუკეთესო იყო.