ამბის გაგრძელება
ჩვენი საიტის მკითხველს ხშირად ვთავაზობთ რომანებს გაგრძელებებით. ამჯერად ცნობილი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა შევარჩიეთ. მართალია გარდასული ეპოქისაა, მაგრამ ჩანს, რომ მაშინაც ისევე მტკივნეული იყო ოჯახური დრამები, როგორც დღეს. რძლის, დედამთილის, მულის, უსიყვარულოდ მოყვანილი ცოლის ტრაგედია მწერალმა ძალიან ცხადად და მტკივნეულად დაგვანახა. იმედია, ამ მოთხრობის შემდეგ ბევრი სხვა თვალით შეხედავს ოჯახურ ურთიერთობებს და გააცნობიერებს, როგორ ანადგურებს ადამიანებს სახლში გამეფებული სიძულვილი. ოჯახურ დაპირისპირებებში გამარჯვებული ხომ არ არსებობს.
პარტახი
იხილეთ I, II, III თავები
IV
შაბათი საღამო იყო. ზალიკა ნარიშვილისას დიდ ფაცაფუცში იყვენ. მეზობლები, მოკეთეები, ვინც კი გააჩნდა, სუყველა აქ იყვნენ და ტრიალებდენ სხვადასხვა საქმეზე: ვინ ახალდაკლულ თხას კაფსავდა და აწყობდა კარდალებში, სახარჩოეს ცალკე და მშრალ ხორცად მოსახარშავს ცალკე; ვინ ახალდაკლულ, მსუქან ღორს იღებდა ფელიკ-ფელიკად და ეუბნებოდა მეორეს: "აგი საჯიქიოა, აგი ზურგიელი, აგი მკერდი, აგი გვერდი, უნდა მეიხარჩოს, აჰა, კელევერი და ჭაჭა მწვადად უნდა შეიწვას". ქალები ბურტყნიდენ დაკლულ ქათმებს, ოთხ ბატს და ორ მამალ ინდოურს. ორი ხანში შესული ქალი აცხობდა ხაჭაპურებს. რამდენიმე კოხტად გამოწყობილი ქალი და კაცი ისხდენ ზალიკაის დიდ სახლში, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მოწყობილი. აი რაში გამოიხატებოდა ეს სასტუმროდ მოწყობა: აქეთ-იქით ძველ ტახტებზე ეგო ჭილობის მაგიერად მეზობლებიდან ნათხოვარი ორი ნოხი და ორი ფარდაგი; ზედა კუთხეში იდგა ერთი გრძელი, გაულაქავი მაგიდა, რომელსაც ახალნაყიდი იაფფასიანი მიტკალი ჰქონდა გადაფარებული. მაგიდაზე ეწყო: ზოგი შინაური და ზოგი მეზობლიდან ნათხოვარი სსვადასხგა სიმსხო-სიდიდის და სახის ბოთლები, ორი დიუჟინა ჩაის ჭიქა თავისი ფინჯნებით და ექვსიოდე საკმაოდ დაჟანგებული ფრაჟის და ცინკის კოვზი, ექვსიოდე ღვინის ჭიქა, ორი პატარა, იაფფასიანი ლამპა, ორი თითბერის შანდალი სტეარინის სანთლებით და ორი რიუმკა. ორი ბოთლი ხილის არყით იყო სავსე, დანარჩენი კი - ადგილობრივი წითელი და თეთრი ღვინით. რაც შეეხება სახლს, ეს იყო გრძელი, განიერი ფიცრული ძველი შენობა, ისლით დახურული, მიწის იატაკით და წინ მიშენებული დერეფნით. შუა ადგილას სახლში იდო დიდი ქვის კერა, რომლის ზევით სხვა დროს ეკიდა გამჭვარტლული ჯაჭვი, მაგრამ დღეს კი ჩამოეღოთ. საჭმელების სამზადად გაეკეთებიათ ერთი დიდი ქოხი, თუმცაღა კი სხვა დროს ზალიკაის მეუღლე თავისი ქმარ-შვილისთვის იმ სახლში აკეთებდა საჭმელს, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მორთული. მოხუცი ზალიკაი მხიარული და მზრუნველი სახით გადადიოდა ერთი საქმიდან მეორეზე, უნდოდა ყველგან ხელი წაეყო და მიხმარებოდა, ყველას მადლობას ეუბნებოდა მარჯვედ გარჯისთვის. ზალიკას მეუღლე სუსანაი და რამდენიმე ქალი, სადაც ერია ჩვენი ნაცნობი ქალიჯანიც, უკან სახლზე მიღობილ ფაცხაში, "საფარეშოში" კაზმავდენ ლიზას ახალი ტანისამოსით.
ყველა ამ ფაცაფუცის და მზადების მიზეზი გახლდათ ისა, რომ იმ ღამეს უნდა მოსულიყო ზალიკაის ოჯახში სიძე ჯერან ტევრიძე, უნდა დაენიშნა საცოლოდ ზალიკაის უფროსი ქალი, ლიზა. ამისათვის მოეწვია მოხუც ზალიკას თავისი მოკეთეები და მეზობლები, ამისათვის ამზადებდა პურ-ღვინოს, რომელიც კაი მძიმე ფასად დაუჯდა ღარიბ გლეხს ზალიკას.
კარგა მოსაღამოვდა. ყოველივე სამზადისი მზად იყო. ახლა სტუმარს თუ მასპინძელს, ყველას თვალი ჭისკრისკენ ეჭირათ, მაგრამ სიძე ჯერ არსად ჩანდა. ამ გარემოებამ ყველა დააღონა. მართლა რაღა უნდა ექნათ, რომ სასიძო არ მოსულიყო! ხომ ტყუილად გაიარდა ამდენი მზადება და ხარჯი!
- ქალიჯან, რაფერ არის საქმე, თუ იცი, რეიზა დააგვიანდა ამ კაცს? ჩემმა მტერმა და მოყვარემ, ყველამ შეიტყო აგი ანბავი, ჩემი მეზობლები და მოკეთე, ყველაი ვაწვიე და ახლა რომ გამაბახოს, უთოფოთ ვერ გადამირჩება, - უთხრა ზალიკამ ქალიჯანს.
- ჯერანს შენც კარგათ იცნობ, რა პირის ბიჭია. რომ იტყვის, მერე სიტყვას აღარ გატეხს. მე და დედამისს, ორივეს სიტყვა მოგვცა. ახლა რავა გვიღალატებს - აიმედებდა ქალიჯან.
- აი საქმე რომ ახლა დეიფუშოს, ციცაი მომიკტება, გავბახდიო, - თქვა სუსანამ.
- ამ სიბერის დღეს არ ამაძაღლოს, თვარა... - ზალიკას კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, მოვიდენო და ზალიკაიც გამოვარდა გარეთ. ეზოში ჩამოვიდენ ცხენებით დაწყობილ-დაკაზმულნი ჯერან და ექვსი მისი მხლებელი. ყველა სიხარულით მიეგება ახალმოსულებს. საჩქაროდ ჩამოართვეს ცხენები. სიძე და მისი მხლებელნი მიიწვიეს სახლში.
ჯერანმა გახედ-გამოხედა ზალიკაის მიდამოს, სადაც ძველ სახლს, ძველ ბეღელს, ძველ ნალიას და პატარა შენობებს, მაგალითად, საძროხეს და მისთანებს გარდა, არ მოიპოვებოდა არავითარი შენობა. "აგი ნამეტარი ფუხარაი ყოფილა. ასე თუ იყო, მგონებოდა, არ ჩამოვიდოდი აქანაი სამოყვროთო", - გაურბინა ჯერანს ფიქრებში. როცა სიბნელემ მოატანა, აანთეს ლამპები. სტუმრები ჩამწკრივდნენ აქეთ-იქით ტახტებზე.
არ გაუვლია ამის შემდეგ რამდენიმე წამს, რომ გაიღო ქვედა კარი, ჯერ შემოვიდა ქალიჯან, მერე საპატარძლო, ლიზა, მასთან ლიზას დედა, სუსანაი, და რამდენიმე ქალი, - ზოგი მოხუცი და ზოგი ყმაწვილი. ჯერან და მისი მხლებელნი წამოდგე ფეხზე. ქალიჯანმა მიიყვანა ამათთან ქალები სალამისათვის. ჯერანმა, სალამის დროს ხელს რომ ართმევდა ქალებს, შენიშნა, რომ ერთი თეთრტანისამოსიანი შავგვრემანი ქალი სხვებზე უფრო მორცხვობდა. ამ ქალის შავგვრემანი სახე და მორცხვობა არ ესიამოვნა ჯერანს და გაიფიქრა: "ხომ არ გუუწყრა ღმერთი, აგი ხომ არ არისო". ჯერანი ვერ იცნობდა თავის საცოლოს. ის მხოლოდ დაჯერდა დედის სიტყვებს: "ძალუანი ქალი არისო", და წამოიღო სანიშნოდ ქარვა და ბეჭედი. დედას გარდა, ჯერანის დამ ელისაბედმაც ნახა ლიზა და ისიც ეუბნებოდა ძმას, კაი ქალიაო. მართალია, ელისაბედს მაინცდა-მაინც არ მოსწონდა ლიზას თვალტანადობა, ის უკეთეს ქალს ეძებდა ძმისათვის, იმისთანას, რომ "სახტარზე მისი რძლისთანა ქალი მეორე არ გამოსულიყო". მაგრამ მკითხავების სიტყვით, ლიზა იყო ჯერანის ბედზე დაბადებული. ასე გასინჯეთ, მესამე მკითხავმა, მებანქოემაც, პირველი ორი მკითხავის სიტყვებს მიემოწმა. მებანქოვე მკითხავმა ისიც დაუმატა: "იმ ქალის (ლიზას) მამას ფული ქონებია შენახული. ჯერ არ აჩენს, იგი ფულიც ჯერანის ლუკმააო". ამის შემდეგ, აბა, როგორ არ ურჩევდა ცრუმორწმუნე ელისაბედ თავის ძმას, ლიზა შეირთეო. ჯერანის მხლებლებშიაც, გარდა ერთისა, ვერც ერთი ვერ იცნობდა ჯერანის საცოლოს.
როცა ქალები დასხდენ, ქალიჯან მიუბრუნდა თავის ძმისწულს და თავისებური სადა კილოთი ჰკითხა:
- იცი, ბიჭო, რომელია შენი?
- რა ვიცი მე რომელია! - უპასუხა ჯერანმა.
- ეე, თეთრი რომ აცვია, იგია, - აჩვენა ქალიჯანმა იმ ქალზე, რომლის შესახებაც იმ ორი-სამი წამის წინეთ ჯერან ფიქრობდა: "არ გაუწყრეს ღმერთი, იგი არ იყოსო". ჯერანს სახეზე შავი ფერი გადაეკრა და წარბები მის უნებურად ჩამოეხარა ძირს. "ყველამ მე რეიზა მიღალატა, მამიდამ, დედამ, დამ, რას მემართლებოდენ?" - გაიფიქრა ჯერანმა, მაგრამ ენით თქმას კი ვერ ახერხებდა.
- რაა, ბიჭო, არ დაგიჯდა? - ჩურჩულით ჰკითხა ქალიჯანმა.
- რას მერჩოდი, მამიდავ, რომ ჩეიქციე ჩემი სისხლი? - ძლივს გასაგონად ჩაულაპარაკა ჯერანმა ქალიჯანს.
- რას ჩივი, ბიჭო, შენ კარქა არ შეგიხედავს, თვარა ძალიან ქალია! კაი რომ არ იყოს, მე კაი, თუ გინდა, მარა დედა და დაი რავა გიღალატებდა! ყველას მოსწონს შენს გამეტს, - ხმადაბლა უპასუხა ქალიჯანმა.
ამ ლაპარაკს ყური მოჰკრეს ჯერანის მხლებლებმაც, რომლებშიაც ზოგი ახლო ნათესავი იყო ჯერანისა, ზოგი მეგობარი და ზოგი კარგი მეზობელი და ფუჩუნით კითხულობდენ, რომელიაო. ქალიჯანმა ამათაც დაანახვა ლიზა და ახლა იმათაც დაუწყეს ლიზას ჭვრეტა. ჭვრეტის დროს ზოგი წარბებს ხრიდა, ზოგი ერთმანეთში რაღაცას ფუჩუნობდა. უნდა ვთქვათ, რომ თეთრ ტანსაცმელში ლიზა არ ჩანდა ლამაზ ქალად. ამასთან ლიზა ბუნებითაც მორცხვი იყო და როცა შეამჩნია, ძალზე მიჭვრეტენო, სულ მთლად მოიბუზა. იჯდა თავდაღუნული, წარბებდახრილი, სახემოღრუბლული და თავს ვერ იღებდა. ერთმა ახლო ნათესავმა გაიხმო ცალკე ჯერან და ჰკითხა:
- მოგწონს ქალი?
- ყველამ მიღალატა, ყველამ! - უპასუხა გულმოკლულად ჯერანმა.
- რა ვქნათ ახლა?
- რაღა უნდა ვქნა! სხაპში ვარ გაბმული და რაღა უნდა ვქნა! ცხენები რომ ხელში გვყავდეს, კიდევ რამეს ვიფიქრებდი, თუ გინდა მოვეკალი. ახლა რაღაი!
- სადაა, თუ იცი, ჩვენი ცხენები?
- რა ვიცი სადაა? რაღამც იგი ქონდენ გულში, ცხენებსაც ქე დამალავდენ. ახლა რა მიწაში ჩევიდე! დავტიო აქანაი შვიდი ცხენი და წევიდე? მერე მე რავა შემიძლია გადვუხადო პატრონებს, ჩემი ოჯახი არ უუთავდება! არა და რაი, მიღალატეს, გამაბეს სხაპში და იგია. რაღა ვქნა ახლა, თავი მევიკლა, თუ რაღა ვქნა?
- მეიცა, ბიჭებსაც ვკითხოთ.
ჯერანის ნათესავმა გამოიხმო გარეთ თავისი ამხანაგები, დასხდენ ერთი ხის ძირში და დაიწყეს თათბირი, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა აზრისანი იყვენ იმის შესახებ, რაც ისე აღელვებდა ჯერანს. ზოგი ამბობდა: "მართალია, მზისუნახავი არაა, მარა არც თლათ დასაწუნარია, კაცის ოჯახში ჩამოვსულვართ, ახლა ასე წრიხი აღარ დეიკვრის; აგი რომ ვქნათ, უთოფოთ არ გაგვიშვებენო". ზოგი იმ აზრისა იყო, რომ ჯერანის შესაფერი ქალი არ არის და მისი მხლებლებისათვის სირცხვილი იქნება, იმაზე რომ დაინიშნოსო. ზოგი არჩევდა, "ცხენები მოვითხოვოთ, თუ მოგვცეს, იგია, თუ არა, ჩვენ მაინც წევიდეთ და ცხენებს მერე საჩივრით ამოვიგებთო". უკანასკნელ ყველა ამ დასკვნამდე მივიდა: "წასვლა რომ ვიფიქროთ, არც ერთს ცოცხალს არ გაგვიშვებენ ზალიკაი და მისი სახლიკაცებიო". სცადეს, გაუგზავნეს ზალიკას მოციქული და შეუთვალეს: "სასიძოს ქალი არ მოსწონს და ნაძალადევათ შერთული მადლიანი საქმე არ იქნებაო".
- გაბახება ზდომებია ჩემი ოჯახის! ჩემმა მტერ-მოყვარემ ყველამ შეიტყო იგი ანბავი, თუ სადმე მოკეთე მყავდა, ყველაი ვიწვიე და ახლა ამას მიჩივა! ჩემი ოჯახის შერცხვენას ნუ მეინდომებს, თვარა დღეს მეც გავთავდები და იგიც გათავდება! თუ მოყვრათ მოსულა, ჩვენც მოყვრათ დახვდებით და თუ სამტროთ მოვიდა, ჩვენც ვიცით მტერის დახვედრა! - უპასუხა მოციქულს ზალიკამ.
მართალია, ზალიკაი არ იყო ისეთი პირი, რომელიც სარგებლობს შემთხვევით და, თუ შემთხვევამ საქმე მოუმარჯვა, სამართლიანობას აღარ დაგიდევს. არა, რაც გაეგებოდა, ზალიკაი სამართლიანობის მოყვარე კაცი იყო, რჯული და სინდისი დიდად სწამდა. მაგრამ ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მას თავის დღეში ასე ენახა და გაეგონა: მშობლები მონახავენ ვაჟიშვილისთვის საცოლოს და ქალიშვილისთვის - საქმროს და გააწყობენ საქმეს ისე, რომ ხშირად ჯვარისწერამდე ვერც კი გაიგებენ ამას საქმრო-საცოლო. მართალია, ხანდახან მოხდება კი, რომ საქმრო და საცოლო თვითონ აირჩევენ ერთმანეთს. მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა და ხშირად ასეთი არჩევა, თუ საქმრო-საცოლოს მშობლებს არ მოეწონათ, ვერც კი მიაღწევს მიზანს. ზალიკაის ქალი ნახეს ჯერანის დედამ და დამ, საქმე გააწყვეს და ახლა ჯერანი უარს ამბობდა! ჯერანს რომ ლიზა დაწუნებით დაეტოვებია, ზალიკაის ოჯახი ხომ შერცხვენილი დარჩებოდა მისი მეზობლების თვალში! ამ შემთხვევაში სამართლიანად მიაჩნდა ზალიკას ძალის მოხმარება. მოციქულმა მიუტანა ზალიკაის სიტყვები ჯერანს. რაღა უნდა ექნათ! ცოცხალმკვდარი ჯერან თითქმის ხელით შეიტანს სახლში მისმა მხლებლებმა. გააწყვეს სუფრა. როცა თითო ჭიქა ღვინო დალიეს, ჯერანის ნათესავმა კაცმა გადასცა ქალიჯანს ჯერანის მაგიერ ქალის სანიშნოდ ქარვის კრიალოსანი და პატარა, ხუთმანეთიანი ოქროს ბეჭედი, ფირუზის თვლიანი. ქალიჯანმა კრიალოსანი კისერზე გადააცვა ლიზას და ბეჭედი თითზე წამოუგო. ლიზას ისე შერცხვა ამ დროს, რო ქვესკნელში ჩავარდნილიყო, გული არ უშლიდა. გაჩნდა ღვინის სმა, ზალიკაის სტუმრები თანდათან მხიარულებაში შედიოდენ, მხოლოდ ჯერან იყო მოწყენილი. რაც შეეხება ლიზას, თუმცაღა მისთვის არავის უთქვამს გიწუნებენო, მაგრამ მან ინსტინქტურად იგრძნო, საქმრო მწუნობსო და ცოცხლად მოჰკლა ამ იჭვმა. მართალია. თავისი მხრით ლიზასაც არ მოეწონა საქმრო, რაღაც უეშხო კაცად ეჩვენა, მაგრამ ამის თქმას როგორღა გაბედავდა ლიზა ან თავისიანთან და ან სხვასთან! თქმა კი არა და ისე იჯდა გაქვავებული, რომ ერთხელაც ზევით არ აუხედნია. ლიზას სიახლოვეს იჯდა ორი ყმაწვილი ქალი, - ერთი ქერა და მეორე რძედაღვინისფერი. ეს ქალები ისეთი ლამაზები იყვენ, რომ მგონია, მშვენიერი თამარ მეფე და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ამათზე ლამაზი არ იქნებოდენ. ამ ქალების სილამაზემ მაინც სულ დაჩრდილა ლიზა. ჯერან ისეთი თვალით შეხედავდა ჯერ ამ ლამაზ ქალებს და მერე ლიზას. თითქო ერთ მხარეს სამოთხეა, მეორე მხარეს ჯოჯოხეთი და ჯერანს ეს უკანასკნელი რგებიაო.
შექეიფიანებულმა სტუმრებმა თითქმის ძალათ მიიყვანეს ჯერან და დასვეს ლიზას პირდაპირ სუფრაზე, მერე დაუჟინეს და სადღეგრძელო დაალევინეს ერთს მეორესი. მაგრამ ყოველივე ამას ისეთი ნაძალადეობა ეტყობოდა, თითქო ორი მომდურავი ადამიანი მოუყვანიათ ერთმანეთთან შესარიგებლად, მაგრამ არ რიგდებიანო. როცა ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდენ, არც ჯერანს და არც ლიზას ხმა არ ამოუღიათ. ისე მხოლოდ ჯერანმა ნახევარი ჭიქა დალია და ლიზა კი პირით შეეხო ჭიქას, ღვინო არც კი ჩაუშვია პირში. მეორე დღეს, სხვა სტუმრებთან ერთად, ჯერანმა გადმოიარა ზალიკას სახლიდან და გაუდგა თავის შინისკენ. მოლაპარაკება სიძესა და სიმამრს შორის არავითარი არ ყოფილა იმის გარდა, რომ ზალიკამ უთხრა ჯერანს:
- ჩემო სიძევ, წაყვანის ვადა დამიდევი.
- ჯერ ვერ გეტყვი ნამდვილს. აგერ შინ მივალ, მევიფიქრებ და შეგატყობიებ, - უპასუხა ჯერანმა.
V
გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის დაწერა და ქორწილი ესაჭიროება. პური, ღვინო, თავისუფალი დრო თუ აქვს, სწორედ მაშინ აქვს გლეხკაცს. გასათხოვარი ქალებიც მოუთმენლად მოელოდებიან ამ დროს. ზალიკაი ნარიშვილი დღითი დღე მოელოდა თავისი სიძისაგან ამბავს, მაგრამ გადიოდა დღეები, კვირეები და ჯერ არც ჯერან და არც მისგან გამოგზავნილი კაცი არსად ჩანდა.
ბოლოს ზალიკამ დაკარგა მოთმინება და თვითონ გაუგზავნა მოციქული ჯერანს: "მიგყავს ჩემი ქალი თუ არაო". "ქალი დანიშნული მყავს, იგია, და აწი ჭკუაში რომ მომივა, ჯვარს დავიწერ ზეთო!" იყო ჯერანისაგან პასუხი. ზალიკაის მეუღლე დადიოდა მკითხავებთან, მაგრამ არც ერთი მკითხავი სანუგეშოს არას ეუბნებოდა. მეტადრე ერთმა მკითხავმა ძლიერ გაუტეხა გული სუსანას: "ტყუილია, არ შეირთავსო". მაგრამ თან ამასაც უმატებდა ის მკითხავი: "მაგიორში მეორე ნიშანი მოდის და იგი კი უტყუარია, გვირგვინი მოყობა ამ მეორესო". მაგრამ ჯერ არსად ჩანდა არც ეს მეორე. ამ გარემოებამ ბოლოს და ბოლოს მეტად დააღონა ზალიკაის ოჯახი. ლიზას კი ერთი მხრით თითქოს კიდეც უხაროდა თავისი გათხოვების დაგვიანება: მას გარკვევით ჩაბეჭდოდა ხსოვნაში ჯერანის დახრილი წარბები და მწყრომარე თვალები; კარგად იცოდა ისიც, მისმა საქმრომ იმიტომ დახარა წარბები, იმიტომ მიიღო მწყრომარე გამომეტყველება, რომ ის, ლიზა არ მოსწონდა. ამასთან, თვითონ ლიზასაც არ მოსწონდა ჯერან, მისი შეხედულებით, ძლიერ უეშხო და უსიამოვნო თვალადობის კაცი იყო მისი საქმრო. მაგრამ, მეორე მხრით, ლიზას გულს უკლავდა, რომ ის დანიშვნის შემდეგ დატოვა ქმარმა. რას იტყოდა მასზე ამის შემდეგ მისი მეზობლები! ჯერ ცოტაოდენი დაგვიანდა დანიშვნის შემდეგ ლიზას გათხოვება და ზოგიერთმა ენაჭარტალა მეზობლის ქალმა ათასგვარი გულის მომშხამელი ჭორი გააგონეს ლიზას და მის მშობლებს. როცა ნამდვილს გაიგონებდენ, დატოვაო, მაშინ რაღას იზამდენ! "რეიზა დევიბადე მე ამისთანაი? ჩემს სიცოცხლეში სადარდელათ უნდა დუუვარდე ჩემ დედ-მამას! რა უჭირდა არ გევეჩინე ღმერთს!" - ფიქრობდა ლიზა. ამგვარი მუდმივი მწარე ფიქრებისაგან მისი სავსე პირისახე საკმაოდ დადნა. სუსანაი წუწუნებდა: "დადნა ციცაი, თლათ დადნაო", მაგრამ რა უნდა ექნა იმაზე მეტი, რომ მკითხავის სიტყვებით ანუგეშებდა.
ქალიჯან ძლიერ სწუხდა, რომ მისი დაწყებული საქმე ასე ცუდად ბოლოვდებოდა, მაგრამ რა ექნა? ჯერანმა ის დაითხოვა: "ჩემ ოჯახში ფეხი არ დააბიჯო, რაღამც ასე მიღალატეო".
დიდი საყვედური შეხვდა ქალიჯანს ზალიკაის ოჯახიდანაც.
საკმაოდ დაიტანჯენ ჯერანის დედაც და დაც: ჯერანმა, ლიზას დანიშვნის შემდეგ რომ შინ დაბრუნდა, დედას და დას ასე უთხრა:
- ზღაპარში გამიგონია დედა და დაი მოღალატეთ, მარა თუ მართალი იყო, დღემდე არ ვიცოდი და დღეს კი ჩემი თვალით ვნახეო!
- რავა, მე გიღალატე? - ძლივს მოიბრუნა ენა გულმოწყვეტილმა ხვარამზემ, - შვილი რომ ამას მწამობს, სხვაი რაღას მეტყვის!.. მიღალატეო. - ხვარამზემ დაიწყო ტირილი.
- თვარ გიღალატებია, წაი, კარქა შეხედე შენ სარძლოს და ქე მიხთები! - უთხრა დედას ჯერანმა მწარედ.
- კი გიღალატეთ და ქთამიც ევიღეთ შენს ღალატში! - მწარედ უპასუხა ძმას ელისაბედმა.
- ელისაბედავ, შენ მაინც დამეთხუე, აღარ გამაგონო შენი შხამიანი ენა, თვარა ან თავს მევიკლავ და ან შენ მოგკლავ! - უთხრა გაცეცხლებულმა ჯერანმა.
- კაია, საცოლო ქე დანიშნე და აწი რაღათ გინდა ან დაი ან დედა! დაგვხოცე! ამაზე უკეთესს მაინც არ მოველოდით შენგან! - უპასუხა დამ.
ამ მწარე სიტყვებმა ისე გააცოფა ჯერან, რომ რაც კი შეხვდა სიახლოვეს, ჭურჭელი თუ სხვა, სულ დალეწა. მხოლოდ დას კი არ შეეხო ხელით, ეს რჯულად ჰქონდა: "ვინც დედას, დას და ცოლს გალახავს, იგი კაცათ არ მიხსენებიაო".
ორი დღის განმავლობაში ამას შემდეგ ჯერანისას არც სადილი და არც ვახშამი აღარ გაკეთებულა. ნახევარი თვე ისე გავიდა, რომ ჯერანს ხმა არ გაუცია დედის და დისათვის. მართალია, ის სრულიადაც არ იყო დარწმუნებული, თითქო დედას და დას მისთვის ეღალატებიოსთ და განზრახ გამოენახოსთ მისთვის ისეთი ქალი, რომელიც, ჯერანის ფიქრით, თითქმის მახინჯი იყო. მაგრამ გულმოსულობის დროს ის აღარ არჩევდა, მართალია თუ მტყუანიო, რაც მოადგა ენაზე გულდათუთქულ ადამიანს, ის წამოისროლა. ნახევარი თვის შემდეგ, როცა ჯერანი დედას და დას შეურიგდა, გააფრთხილა ეს უკანასკნელები: "იმ ქალზე აღარაფერი გამახსენოთ, თვარა მიგიტიებთ ამ ოჯახს და დევიკარქებიო".
ამის შემდეგ ხვარამზე და ელისაბედ მართლადაც კრინტს ვერ სძრავდენ ჯერანთან ამ უკანასკნელის საცოლეზე, თუმცაღა კი შიშით გული უსკდებოდათ, თუ ლიზა არ შეირთო, ზალიკაი მოკლავს ჯერანსო. ამიტომ ჩუმად ეხვეწებოდენ ყველა თავიანთ მოკეთეს: ურჩიეთ ჯერანს, შეართვიეთ ლიზაო. მაგრამ ჯერანი ყველას ასეთ პასუხს აძლევდა: "მაცათ, თუ ღმერთი გწამთ, ჩევიჭერი ერთი კაცი, იგია, და სულ ქე მაინც ნუღარ შემიწუხებთ სულს ამის ლაპარაკითო". ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერანს ლიზა არ უნდოდა ცოლად, მაგრამ დანიშნულ ქალზე ხელის აღებაც უპირობად და უსინდისობად მიაჩნდა. ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა ჯერანს და ზალიკას შორის, რომ ერთ მოულოდნელ გარემოებას არ აეჩქარებია ამ საქმის გადაწყვეტა.
ზალიკა ნარიშვილის მეზობლად ესახლა ერთი ობოლი გლეხი, ნიკო მოახლიშვილი. ლიზა და ნიკო, როგორც ახლო მეზობლები და ერთი წლოვანებისა, ბავშვობისას ერთად დადიოდენ ფიჩხზე, ძროხების მოსადენად, ხბოების სამწყემსავად, სათამაშოდ და სხვაგან. უყვარდათ კიდეც ბავშვური სიყვარულით ერთმანეთი. როცა გაიზარდენ, როგორც ეს ჩვეულებად არის, რიდი შეექმნათ ერთმანეთის, წინანდებურად მარტო წასვლა-წამოსვლა აღარ შეეძლოთ ერთმანეთთან. მაგრამ სიყვარული და თანაგრძნობა ერთმანეთისადმი კი არ გამქრალიყო ამათ გულში. ლიზას ძმასავით უყვარდა ნიკო. ნიკო კი ფიქრობდა ლიზას ცოლად შერთვას, მაგრამ ჯერ ოჯახი ჰქონდა გაუწყობელი, ამიტომ აგვიანებდა და ვერ უმხელდა ზალიკას. ამასობაში, ის იყო, ჯერანმა მოასწრო ლიზას დანიშვნა. საწყალ ნიკოს მთელი ღამე არ უძინია, როცა გაიგო, ლიზა დანიშნესო. შემდეგ, როცა ჯერანმა ლიზას წაყვანა დააგვიანა, ნიკოს იმედი მოეცა, აღარ შეირთავსო და მიუგზავნა ზალიკას შუამავალი - ლიზა მომეცი ცოლადო. სუსანამ სიხარულით მიიღო ნიკოს მოციქული და თანხმობა განაცხადა ნიკოს წინადადებაზე; ლიზასაც გულმა სიხარულით დაუწყო ცემა. მაგრამ პირმართალი ზალიკაი სულ სხვანაირად უყურებდა საქმეს: "მე კაცს მიძახიან, იმ კაცმა ჩემი ქალი დანიშნა და ახლა სხვაზე რავა გავათხოვო ასე ადვილათო" - უთხრა მან ნიკოს მოციქულს. აქ ჯერანსაც მიუვიდა ამბავი, ზალიკაი სხვაზე ათხოვებს ლიზასო. "რავა, ჩემი ნიშანი ხელზე აქ ქალს და ახლა სხვაზე ათხოვენ! არ ნდომებიათ თავი ცოცხალი და იგია. ეტყობა, კაცათ არ მაგდებენ! ამის მეტი სირცხვილის ჭამა რაღა იქნება, ჩემ დანიშნულ ქალს სხვაი შეირთავს!" - თქვა ჯერანმა და აფრინა კაცი ზალიკასთან: ამა და ამ ღამეს ჯვარი უნდა დავიწერო შენ ქალიშვილზეო. სიხარულისაგან აღტაცებულმა ზალიკამ დანიშნულ დროს გამოუწყო თავის ქალს შეძლებისდაგვარად მზითვი.
***
გიორგობისთვის წყნარი დღე იყო. ლიზას ისე ჩარჩა ხსოვნაში დაუვიწყარად ის სევდიანი წყნარი დღე. მთვრალმა მაყრებმა მშობლის სახლიდან წაიყვანეს ლიზა ეკლესიაში, სადაც მღვდელმა ქრისტიანული წესით შეაუღლა ის ჯერანთან.
VI
- ნეტაი, ნენავ, შენ და ბაბიდას უწინ ფეხი მოგტეხოდათ, სანამდი ჯერანის საცოლოს გამონახავდით! - ეუბნებოდა ერთ უქმე დღეს ეკლესიიდან დაბრუნებული ელისაბედი თავის დედას. - გამოვიდენ ახალმოყვანილი ქალები, მარა რა გამოვიდენ! იმისთანაი თვალ-ტანადი, რომ მეტი არ იქნება! შევხედე ჩემ რძალს, მიწა გამისკტა... დგანა აგი შავრიოზაი! შინ ქია კიდე რაცხა, აი მიწა გასახეთქი, იქინეი, რომ გეერია ქალებში, აღარც თვალადობა უვარგოდა და აღარც ტანადობა! ოსიკელაის ცოლყოფილმა თამარამ იკითხა: ვინ არისო და რომ შეიტყო, მე ჩამიფურჩულა ყურში: რამ დაგიყენა ყველას თვალი, აი, რა ჯერანის საკადრისიაო! თინიეის ბიჭი, მასიკელაი, ჯერანის ფეხთა მტვრათ არ ღირს, მარა მის ცოლს დღეს თელი სახტარი უმზერდა. რომ იდგა ქალებში ჯიღასავით, კურცხალი მომადგა თვალებზე, - აგი რეიზა ჩვენი რძალი არ არის-მეთქი. თინიეის ბიჭს თუკი მისცეს იმისთანაი ქალი, ჯერანს ვინ დუუკავებდა! მარა წადით ორი გამოყრუებული მოლოზანი, ნახეთ აი შავრიოზაი და კაი გეგონენ.
- მე არა, მამიდაშენს რეიზა არ დუუდგა უწინ თვალები და მოტყდა ფეხი! იმას უნდა სცოდნოდა, იმ კისერმოსატეხს, თვარა მე რა შუაში ვარ! ერთი გზობა ვნახე და რა გასაკვირვალია, მოვტყუვდი! - უპასუხა ქალიშვილს ხვარამზემ და ამოიოხრა, რადგანაც დანაშაულად მიაჩნდა თავისი თავი - რეიზა უკეთესი ქალი, თინიეის რძალი რომაა, ვთქვათ, იმისთანაი არ მოვაყვანიე ჯერანსო.
ასე გასაყიდი საქონელივით ფასდებოდა ლიზა მას შემდეგ, რაც კი ტევრიძის ოჯახში შევიდა. ჯერ ახალმოყვანილი რომ იყო ლიზა, როგორც ეს ჩვეულებად აქვთ სოფელში, დადიოდენ მის სანახავად ჯერანის ნათესავები და მეზობლები, მეტადრე ქალები. ამათ წინდაწინვე შეტყობილი ჰქონდათ - ჯერან ცოლს სწუნობსო, ამიტომ წინდაწინვე შედგენილი აზრით, - ეტყობა, გლახა ქალი უნდა იყოს ჯერანის ცოლიო, - ჭვრეტდენ ლიზას და იპრუწავდენ ტუჩებს აღმა, "მართალი ყოფილა, შენი ჭირიმე! იგი ბიჭი მოტყუებულაო". "ვინც ნამეტარს მეინდომებს, იმას ყოველთვის ვარესი შეხთებაო", - ნიშნის მოგებით ამბონდენ ჯერანზე ერთმანეთში საიდუმლოთ ზოგიერთები. ჯერანის მეზობლებში ერია კი ერთი-ორი ისეთი პირიც, რომელსაც, როცა ძლიერ დააკვირდენ მის საქციელს, ლაპარაკს, მიხრა-მოხრას, ლიზა ძლიერ მოსწონდა. მეტადრე ძლიერ აქებდა ლიზას ერთი ჯერანის მეზობელი მოხუცი ქალი, თეკლე.
- მოგიკტი, თუ ჯერანის ცოლი ბევრით არ ჯობდეს იმ ქალებს, სახტარზე რომ ჯიღასავით იჯგიმებიან და შინ რომ ნახო სადათ, ტყემლათ არ ღირს არც ერთი. აგი სხვანაირი, ყუნჩი ქალია. უწინ არ გეჩვენება კაი, მარა მერე რომ დუუკვირდები და დუუკვირდები, სულ კეთულობს შენ თვალში. სხვაი სხვაია, რაცხა იმისთანაი საყვარელია, რომ ამის გულში მოვკტე, გული არ მომიშლისო, იტყვი, როცა კარქა გეიცნობ, - ეუბნებოდა თეკლე ერთხელ თავის მეუღლეს.
ჯერანს ხომ თაობიდანვე არ მოსწონდა თავისი ცოლი. მართალია, ის დარწმუნდა, რომ ლიზა სრულიად არ იყო ისეთი მახინჯი, როგორადაც მას ნიშნობის ღამეს ეჩვენა. მაგრამ ერთხელ გატეხილი გული თავის მეუღლეზე მაინც აღარ მთელდებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ თითქო ის მოხერხებულად გააბა ზალიკამ მახეში, სხვათა შორის, ლიზას მზითვითაც არ იყო ჯერან კმაყოფილი. ერთი იაფფასიანი ნოხი, ერთი ფარდაგი, ერთი სპილენძის ქვაბი, ერთი მწვანე ზანდუკი და ერთი ხელი ლოგინის წყობილება, - აი, ეს იყო სულ ლიზას მზითვი. ჯერან შეხედავდა თავის ცოლის ღარიბ მზითვს და მწარე დაცინვით ეტყოდა ცოლს: "რა ბერძეგანი მამა გყავს, რა მგზითი მოგცა! მარტო ზანდუკი ღირს ერთ ბედაურ ცხენათ!"
ლიზა, როგორც ახალმოყვანილი ქალი, ურიგობად თვლიდა ხმის ამოღებას, თუმცაღა კი გულზე კბენდა ეს მწარე დაცინვა. ჯერან განაგრძობდა:
- მარა შენისთანა მზისუნახავს რათ უნდოდა მგზითი? მაინც გაგასაღა მამაშენმა! - ეხლა ჯერან დედას მიუბრუნდა: - დიდხანს ეძება ნენამ და ბოლოს მიაგნო, რავაც იყო ამ მზისუნახავს!
- კაი, ახლა, ყოველიფერი ბედის საქმეა. ახლა რომ იწუნო, გამოგიცვლიან თუ? ალბათ, აგი ყოფილა შენი ბედი! - უპასუხებდა შვილს დედა.
- შენ რომ დაბერდე და თვალებმა გიმტყუნოს, აქანაი ბედი რა შვაშია?
- გესლიანად ეტყოდა ჯერან დედას.
- ცთაი ბედის მონახევრეაო, იტყვიან, მარა ახლა რაღა დროისაა! - ჩაერეოდა ელისაბედიც ლაპარაკში.
ხშირად ჰქონდათ ამნაირი ლაპარაკი ჯერანისას, როცა ლიზა ჯერ კიდევ ახალმოყვანილი იყო. ლიზას ბევრჯერ ჩუმად უტირია ასეთი ლაპარაკის გამო. მაგრამ მარტო ამ ლაპარაკით არ გათავდებოდა ჯერანის უკმაყოფილება ცოლისადმი. რადგანაც ლიზა სილამაზით არ უდრიდა მის იდეალს, ჯერანმა გადასწყვიტა: წამხთარ საქმეზე, ხასიათით მაინც იმისთანა უნდა გავხადო, რავაიც მე მინდაო. პირველი ნაბიჯი ჯერანისა ამ მიზნის მისაღწევად ის იყო, რომ სახელი დაუწუნა თავის ცოლს. "ლიზაი ბოზის სახელია, პატიოსანი ქალი სახელათ ლიზას რავა დეითქვამსო!" - და ლიზას მაგიერათ მელანია უწოდა სახელად. შემდეგ ჯერანმა მიჰყო ხელი მელანიას (ამას შემდეგ ჩვენც მელანია ვუწოდოთ ჯერანის მეუღლეს) ზნე-ჩვეულების გარდაქმნას და ისეთ წვრილმანობამდე მივიდა, რომ თავისი თმაც კი ისე უნდა დაეწნა მელანიას, როგორც ჯერანს მოსწონდა. დედა და დაც, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა ამ საქმეში ჯერანს. "თვალტანადობაში ქე მოვტყუვდით და სხვაფერ მაინც დარჩეს ჯერანის მოსმინე და მორჩილიო" - ფიქრობდენ ესენი. ამ განზრახვით ამათაც დაუწყეს დევნა მელანიას იმ ჩვეულებებს და ხასიათს, რომლებიც ჯერანს არ მოეწონებოდა.
ეს დევნა იქამდე მივიდა, რომ მელანიას არ შეეძლო წყენა ან სიხარული გაემჟღავნებია რომელიმე შემთხვევის გამო, თუკი ეს წყენა თუ სიხარული მის ქმარს, დედამთილს და მულს არ მოეწონებოდათ. მელანია პირველად თითქმის ყოველივეში ემორჩილებოდა ამათ. მართალია, ხანდახან გული მოუვიდოდა: "ყოლიფერი მათ ნებაზე უნდებიანო", მაგრამ ფარავდა თავის გულის მოყვანას, რომ არ ეწყეინებია ქმრისა და დედამთილ-მულისათვის, ის ხშირად უარს ამბობდა თავის გრძნობებზე; მაგალითად, ხშირი იყო ასეთი სცენა:
- რა არის, ქალო, რომ მოხარე წარბები! ქმრის შიში და რიდი აღარ აქ მაინც!.. ეტყოდა დედამთილი ან მული რძალს, თუ ამ უკანასკნელს რამე ეწყინებოდა ქმრის ან მისი დედის და დის ნებადაურთველად.
- არაფერი არ მწყენია, ესე ტყვილაი, - უარობდა მელანია.
- რავა არ გწყენია, რომ წარბები მოხარე!
- დედა არ მომიკტეს, არ მწყენოდეს.
ან კიდევ, მაგალითად:
- რა არის, ქალბატონო, რომ გაგიბრწყინდა სახე? თუ გასახარელი ყოფილიყო, ჩვენ რეიზა არ გაგვიხარდა? - წაეკიდებოდა რძალს მული.
- არ გამხარებია, ისე ტყულა, - ფიცავდა მელანია.
- რავა არ გაგხარებია, სახეზე მზეი ამოგივიდა ამაზე მეტი მორიდება არ გაქ კაცის?!
- მამა არ მომიკტეს, არ გამხარებოდეს!
ერთხელ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო: ელისაბედმა მოიტანა საიდანღაც ორი სხვადასხვაფერი ჩითის ნიმუში და აჩვენა დედას, რომელი ჯობსო. ერთი ნიმუში იისფერი იყო და ზედ იის ყვავილის მსგავსად შავი სახეები ჰქონდა ამოყვანილი; მეორე, მიწისფერი ჩითი კი ლაჟვარდი ყვავილებით იყო მოხატული. ხვარამზემ ეს უკანასკნელი არჩია.
- მეც აგი ვარჩიე, - მიემოწმა დედას ქალიშვილი.
- მე რომ მკითხოს კაცმა, აგი მირჩევნია, - თქვა მელანიამ და აჩვენა იისფერ ჩითზე.
- აბა, აგია, ამის მეტი ზდილობა და მორიდება არ გაქ: დედამ და შვილმა, ორივემ მიწისფერი ვირჩიეთ, შენ მაინცდამაინც - იისფერი! ვითამ რაი, რაღამც თქვენ მოგწონს, მე ჯინზე აღარ მევიწონებო! თვარა ვინ იტყვის, შენს მეტი, მიწისფერს იისფერი ჯობსო? - უთხრა მწარე საყვედურით რძალს მულმა.
- ჩემი მორიდება რაღაიზა ექნება ახლა ვინმეს! - ისეთ აჩვილებით თქვა ხვარამზემ, თითქო ვისმე დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
- არა, ქალბატონო, ესე, უწინ ერთ შეხედვაზე ვერ მივხთი. თვარა სტორეთ მიწისფერი ჯობს, - საჩქაროდ გაასწორა თავისი შეცდომა მელანიამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ უმცროსი უფროსს ყოველისფერში უნდა დაეთანხმოს, თორემ უზდელობა იქნებაო. მართალია, მელანიას აჯავრებდა ეს თვალთმაქცობა: "რაც იგინს მოსწონს, შენც იგი მეიწონეო! ვაჟო, ეგება არ მომწონს! არა, მაინც "კი" თქვიო. კაი, ვთქვი, მარა რა გამოვიდა ამით, ჩემ გულში მაინც არ მომწონს!"
მელანიას ჩვეულებად ჰქონდა, როცა სასაქმოს გაათავებდა, დაჯდებოდა თავის ლოგინზე ზანდუკთან, ნიდაყვს ზანდუკზე დააბჯენდა, შემოიდებდა თავზე ცალ ხელს და სევდიანად დაფიქრდებოდა. ეს ჩვეულება არ დარჩა შეუმჩნევლად მეტადრე ელისაბედს, რომელიც დედაზე და ძმაზე ბევრით უფრო ფხიზელი იყო ამისთანაობის შემთხვევაში.
- ნეტა რა წესია აი გლოვიარეთ ჯდომა! საგლოვიარო, ღვთის მადლით, ჯერ აფერი სჭირს ჩვენ ოჯახს! - შენიშნა ერთ დღეს ელისაბედმა მელანიას, როცა ეს უკანასკნელი მოწყენით იყო თავზე ხელშემოდებული და იჯდა თავის ზანდუკთან.
- აფერი, რაცხა ისე დავფიქრდი, - უპასუხა მელანიამ, ჩამოიღო თავიდან ხელი და ცდილობდა მხიარული სახე მიეღო, მაგრამ ვერ ახერხებდა.
ელისაბედმა ამხელად ზემოთქმული შენიშვნით გაათავა ეს ლაპარაკი, მაგრამ დაიხსომა კი ეს შემთხვევა.
არ გასულა ამის შემდეგ ერთი კვირა, რომ ელისაბედმა ნახა კიდევ რძალი დაღონებული და თავზე ხელშემოდებული.
- რავა, კიდომ ასე მგლოვიარეთ დამჯდარხარ! არა, ახლა თუ არ მითხარი, რა გლოვა გაქ, არ გაგეყრები!
- აფერი, ისე ტყულაი, - თქვა მელანიამ, ადგა და აპირებდა წასვლას.
- სად მიხვალ? უნდა მითხრა!..
- ღმერთი არ გამიწყრეს, არაფერი არ ყოფილიყოს.
- ააა, ასთე ვერ მომატყუებ! რაცხა დიდ ამბავში ხარ, მარა უნდა მითხრა, რა არის?
- რა იყო, ცავ - იკითხა ხვარამზემ, რომელიც ამ დროს შემოვიდა სახლში.
- რა იყო, რას ქვია? გამევიხედავ, ქე ზის აქანაი გლოვიარეთ, გამევიხედავ, ქე ზის! ახლა უნდა მითხრას, რა ანბავია! - თქვა ელისაბედმა.
- გლოვა ჩემი მტრის ოჯახს დუუბედეს! ჩვენ რა გვჭირს საგლოვი! - თქვა ხვარამზემ და წყრომიარედ შეხედა რძალს.
- დედა არ მომიკტეს, არაფერი არ ყოფილიყოს, ესე ტყულაი ჩამომეყვინთა, - ფიცულობდა მელათა.
- ააა, სხვანაირობა ჩვენს ოჯახში არ დევინახო, თვარა!.. - მუქარით უთხრა ბოლოს ხვარამზემ.
იმ დღიდან მოწყებული, მელანიამაც თავი დაანება ზანდუკთან თავზე ხელშემოდებულ ჯდომას. როცა დაფიქრებული იყო, მელანია იმალებოდა დედამთილისა და მულისაგან.
VII
გავიდა რამდენიმე თვე. მელანია ეხლა უკვირდებოდა თავის ცხოვრებას და ხედავდა, რომ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა მისთვის ეს ცხოვრება. ცდილობდა, მაგრამ ჯერანის გულში მცირეოდენი თანაგრძნობის ადგილიც კი ვერ დაეჭირა.
მათი ცოლქმრობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ღამით ერთმანეთთან წვებოდენ, ესეც ისეთი გულცივად და უხასიათოდ, რომ თითქო ძალდატანებით ასრულებიებენ ამ მოვალეობასო. დაწოლის დროს ჯერან ან ლოგინს დაიწუნებდა, - უხეიროთ არის დაგებულიო, ან სხვა რასმე მოიმიზეზებდა და მაინც უსაყვედურებდა ცოლს, რაც უნდა რიგზე ყოფილიყო ყოველივე. თუ უქმე ან ავდრიანი დღე იყო, ჯერან დილიდან საღამომდე შინ დარჩებოდა და მაშინ ხომ რა, - ერთი წვალება უნდა გამოევლო მელანიას: ჯერან უთვალთვალებდა მას საქმის კეთებაზე, უწუნებდა ყოველივეს, აყვედრიდა ყოველ წამში: "სხვაი-სხვაი და საქციერიც უხეირო გაქო!" ხვარამზე და ელისაბედ ხომ მუდამ შინ იყვენ და მუდამ წვრთნიდენ რძალს წაღმა-უკუღმა, მაგრამ. რაც დრო გადიოდა, მით თანდათან კარგავდა მელანია ამათდამი პატივისცემას და მორიდებას. "რაც უნდა მეინდომო, რაც უნდა აამო, აგინის გულს მაინც ვერ შეაჯერებო".
ახლა დედამთილი და მული რომ ბრალის დებას დაუწყებდენ, მელანია წინანდებურად ფიცილს კი არ მოყვებოდა, არა, ისე სიჩუმით ჩაატარებდა.
მართალია, ხვარამზეს და ელისაბედს, მეტადრე ანჩხლი ხასიათის ელისაბედს, ძლიერ აჯავრებდა ეს გამოურკვეველი სიჩუმე.
- ესე გველსავით გარისინდება და ჩაიწყვეტს ენას, რომ გულზე ცეცხლი მოგეკიდება კაცს! - ეუბნებოდა ერთ დღეს ელისაბედ დედას.
- ყველა გველმა ადამიანმა ესე იცის გაჩერება, ვითამდა ასე, მე კაი სულიერი ვარ, შენ რაც გინდა მითხარი, მე მაინც არ მეწყინება, მაგიორს არ გეტყვიო. მარა გულში ქე სწერს ყველას და ბოლოს გველსავით საწამლავათ გადმოანთხევს, - მიუგო ქალიშვილს ხვარამზემ.
ერთ დღეს ელისაბედმა ატეხა მსჯელობა თეთრფეროვან და შავგვრემანი ქალების ხასიათებზე და ბოლოს თვითონვე მისცა თავის მსჯელობას დასკვნა:
- შავგვრემან ქალებში უმფრო ბევრი მოდის ავი გულის პატრონები და კახპებიც! - თითონ ელისაბედ და დედამისი შაქრისფერი თეთრი ქალები იყვენ. მელანიამ მულის სიტყვებზე წარბები ჩამოუშვა, რადგანაც, მისი ფიქრით, ეს სიტყვები მისკენ იყო გადაკრული, ელისაბედი თავისებურად ჩაუჟინდა რძალს:
- წარბები რომ დახარე, აბა რა ვთქვი შენი საწყენი?
- რა ვიცი, კი მეწყინა და! - უპასუხა მელანიამ ცოტა ცივად.
- კი მარა იმას აღარ მეტყვი, რა იყო ამაში შენი საწყენი?
- იყო თუ არ იყო, კი მეწყინა და ახლა რაი! გულს ხომ ვერ ამოვიგლეჯ!
- თქვი ბარემ, რა გიქნეს საწყენი? - უთხრა ხვარამზემ.
- მეწყინა-მეთქინ, ვთქვი, იგია და მეტი რაი!
- რომ გეწყინა, იმას გკითხავ მეც, რა ვთქვი შენი საწყენი? რეიზა მიიღე შენ თავზე?
- ჩემზე თქვი და ჩემ თავზე მივიღე.
- მერე რა მტერობა მქონდა შენზე? ხედავ, რა ავი გულის ყოფილა! რა იფიქრა! თურმე მტერათ გვიყურებს!
- რა ვიცი, ყოლთვის კი ჩივით იმისთანას, რო მეწყინება და! - გამოტყდა მელანია.
- აბა, ამიზა იყო, რომ მე და ნენას წამდაუწუმ გვიჭუხავდი წარბებს! ამისთანა გული გაქ შენ! - მძიმე საყვედურით უთხრა ელისაბედმა.
აქ რძალმა რაღაც მწარე სიტყვა შემოსტყორცნა მულს და გაიმართა კაი გვარიანი აყალმაყალი, რომელშიაც მელანიამ საკმაო მწარე სიტყვებად გადმოანთხია აქამომდე დაფარული და გულში დაგუბებული ნაღველი. იმ დღიდან მოწყებული ხშირად იმართებოდა ჯერანის ოჯახში ასეთი აყალმაყალი, რომელიც დროთ განმავლობაში უფროდაუფრო ცხარე ხასიათსაც ღებულობდა. ბოლოს და ბოლოს მელანია აღარ ურჩებოდა უკან დედამთილს და მულს წყევა-კრულვაში და ლანძღვა-გინებაში, რაც იშვიათი არ იყო ამათ შორის. ამ გარემოებამ ჯერანის ყურამდეც მიაწია. "ნენას და ჩემ დას ავი სიტყვა არ აკადრო, თვარა სულს ამოგხთიო". - ექადოდა ჯერან ცოლს. მაგრამ ეს მუქარა სრულიადაც ვერ სპობდა მის ოჯახში ქალების დავას და უთანხმოებას.
ამბის დასასრული გამოქვეყნდება პარასკევს, 15 სექტემბერს